logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: 21 ივნისს დაბადების დღეს აღნიშნავს სერგო ედიშერაშვილი
- +

21 ივნისი. 2022. 15:38

 

 

21 ივნისს ცნობილი ფოტოხელოვანის სერგო ედიშერაშვილის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„გამოჩენილი ქართველი ფოტოხელოვანი, ფოტოგრაფი, რომელიც  მსოფლიოს ას საუკეთესო ფოტორეპორტიორთა შორის არის დასახელებული. მას 10-ზე მეტი ფოტოალბომი აქვს გამოცემული, მუშაობდა მსოფლიოს მრავალ გამოცემასთან. საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი ნამუშევრების არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა გამართულა. იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფიც იყო. 2016 წელს ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ალექსანდრე როინაშვილის პრემია და  დიპლომი გადასცეს.

 

სერგო ედიშერაშვილი არის მსოფლიო დონის ფოტოხელოვანი. განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს მისი შავ-თეთრი დოკუმენტალისტიკა. მას შემოქმედის უტყუარი ალღო არასდროს ღალატობს, როდის გააჩეროს კადრი, რომ ნანახით განცდილი ემოცია ზუსტად აღბეჭდოს ფირზე, ჩვენამდე მოიტანოს და მისი სულიერი ზეიმის თანამონაწილედ გვაქციოს. მის სამოღვაწეო ასპარეზზე იყო მრავალი ჟურნალი და გაზეთი, მათ შორის ისეთი პრესტიჟული სააგენტოებიც, როგორებიცაა: „ნოვოსტი”, „ტასს”, „ასოშეიტედ პრესი”, „როიტერი”. არც საომარი მოვლენების ასახვა ყოფილა მისთვის უცხო – ჩეჩნეთში, მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში , არც ხელმძღვანელის ფუნქცია – წლების მანძილზე საქართველოს ფოტოსაინფორმაციო საგენტოს მთავარი რედაქტორი გახლდათ.

 

ბატონი სერგო, მართლაც გამორჩეული ხელწერის ფოტოხელოვანია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან საქართველოს სილამაზე მთელ სამყაროს გააცნო. მე ის იმ დროს გავიცანი, როცა „საქინფორმის“ ფოტოქრონიკაში მოღვაწეობდა და მას შემდეგ ვმეგობრობთ. ვამაყობ, რომ მის შემოქმედებას ზედმიწევნით თუ არა, საშუალოზე კარგად ვიცნობ. მოდით, მივულოცოთ დაბადების დღე ჩვენს მეგობარს, ბატონ სერგო ედიშერაშვილს და ვუსურვოთ ბედნიერება, ჯანის სიმრთელე, ახალი ალბომების გამოცემა.

***

ბატონი სერგოს ყველა ფოტო თავისთავად უნიკალურია, მაგრამ მოხუცების ფოტო, მართლაც რომ უნიკალურია: „ახლა შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ჩემს ფოტოს - გადაღებულია 80-იან წლებში აფხაზეთში. ჩემი ფოტონარკვევის გმირი იყო 137 წლის ხფაფ ლაზურია და მისი 95 წლის შვილი ძუკური ლაზურია. მაშინ ბევრი აფხაზური ოჯახის წევრები 100 წელს გადაცილებულები იყვნენ (ახლა არ ვიცი). უნდა გენახათ, როგორ ეწეოდა სიგარეტს ქალბატონი ხფაფი, თან, 16 წლიდან ვეწევიო. აი, ეგრე სეირნობდნენ დედა-შვილი“, - წერს სერგო ედიშერაშვილი“.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი