logo_geo
გიორგი ჯაჯანიძე: მაინც მიყვარხართ, იმიტომ, რომ დედამიწელები ვართ...
- +

12 ივლისი. 2022. 12:43

 

 

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„სტენლი კუბრიკის ფილმი გამახსენდა „ფართოდ დახუჭული თვალები“.

 

მთელი ცხოვრება ფართოდ დახუჭული თვალებით ვიცხოვრე, ბოლო ათი წელია ფრთხილად ვახელ თვალებს და ყველაფერს ვხედავ.

 

ვხედავ ადამიანების გაუმაძღრობას, შიშს და გაცრუებულ იმედებს.

 

ვხედავ დამნაშავეებს, უდანაშაულო ადამიანებს, ბედნიერებს, უბედურებს და სახტად დარჩენილებს.

 

ყველაზე დიდი ფილოსოფია თეატრში, სპექტაკლში, ფარდის გახსნა და დახურვაა, სპექტაკლის შინაარსი კი პირობითია.

 

შენი ცხოვრების შინაარსიც პირობითია.

 

შენ იყავი და აღარ იქნები.

 

რამდენს ატკინე გული, რამდენი მოატყუე, რამდენი გაახარე.

 

ვუყურებ ადამიანების გაბრწყინებულ სახეებს და სიამოვნება მეღვრება სულში.

 

სულაც არ არის საჭირო, რომ დაიჯერო, როგორი ბედნიერი ვარ.

 

ვერასოდეს დამეწევი, იმიტომ, რომ არასოდეს გავრბივარ.

 

ვერასოდეს ვერ დამიჭერ, იმიტომ, რომ არასოდეს ტყუილი არ მითქვამს შენთვის.

 

მე მესმის მათი, ვისაც ვაღიზიანებ და არ ვუყვარვარ, იმიტომ, რომ ზოგჯერ მეც მაღიზიანებს და არ მიყვარს ჩემი თავი არასწორი საქციელების გამო.

 

უპირატესი ვერასოდეს ვერ იქნები, იმიტომ, რომ ფული, სახელი და ძალაუფლება გაბრკოლებს.

 

მე გარდაცვლილ ადამიანებს ისე არ ვგლოვობ, როგორც თქვენ ყველანი.

 

ისინი მოვიდნენ, რათა წავიდნენ. ასეა მოწყობილი ყველაფერი, ადამიანების პროტესტის მიუხედავად.

 

წვიმს, რა გემრიელი საჭმელია, საქონელი ბღავის, ბალახობიდან დაბრუნდნენ, მელოტს თმა ამოსვლია, ჭაში ჩიტი დაიხრჩო, რა უნდოდა ჭაში ჩიტს, წყლის დასალევად ჩასულა. თევზის მუცლიდან მერცხლები ამოფრინდნენ, მურაბაში ჩაფშვნილი ჭადი.

 

ფიქრი და რეალური ამბები ტვინისთვის სულ ერთია.

 

თურმე ტყუილი არ არსებობს, რადგან ამბობ, ინფორმაცია კოსმოსიდან მოდის და ადამიანი ახმოვანებს.

 

თავი მოგეჭრა. ნუ იდარდებ, ყველა თავმოჭრილია.

 

ვეღარ ვჩერდები, ეს აზრები თავისით მოდის.

 

შეუცნობელია გზანი სიხარულისა, მწუხარებისა, ჯოჯოხეთისა და სამოთხისა.

 

სოციალური ქსელი ვირტუალური სასაფლაოა, ზოგი მოვლილი, ზოგი უპატრონო.

 

მაინც მიყვარხართ, იმიტომ, რომ დედამიწელები ვართ, ერთი ღმერთი გვყავს, ერთი სისხლი გვაქვს და ერთი წინაპარი გვყავდა.

 

გუშინ შენ არ გეცალა ჩემთვის, არაუშავს, ხვალ მეც ვერ მოვიცლი“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

 

 

big_banner
არქივი