logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: გარდაიცვალა გაზეთების „თავისუფალი საქართველოს“ და „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორი (1991) მარიკა აბაიშვილი
- +

3 ნოემბერი. 2022. 10:53

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი გაზეთების „თავისუფალი საქართველოს“ და „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორი (1991) მარიკა აბაიშვილის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„გარდაიცვალა გაზეთების „თავისუფალი საქართველოს“ და „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორი (1991) მარიკა აბაიშვილი.

 

1991 წლის დამლევს, იმ უმძიმესი 3 თვის განმავლობაში, როდესაც გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ერთად ვმუშაობდით, გავიცანი პრინციპების ერთგული და საოცრად წესიერი ადამიანი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

არასოდეს დამავიწყდება ახალ ამპლუაში დილაადრიან მოსული ახალგაზრდა ქალი დიდი მოსასხამით, რომელიც გამომცემლობის მეოთხე სართულზე, რედაქციის დერეფანში, ლიფტთან, მოთმინებით გველოდა თანამშრომლებს...

 

მერე იყო რედაქციისთვის ჩვეული ღამეების თენება, საგაზეთო მასალების მომზადება, ანაბეჭდებზე მუშაობა, გაზეთის დასაბეჭდად გამზადებული გვერდების გადაკეთება...

 

20 წლის პასუხისმგებელი მდივნისთვის მთავარი რედაქტორის მიერ გამოცხადებული ნდობა ყველაფერი იყო, აბსოლუტურად ყველაფერი!

 

როგორი ახალგაზრდები ვიყავით და რამდენი შეგვეძლო, რამდენი!..

 

და როგორ ტრაგიკულად შეწყდა ყველაფერი!..

 

ისე მოხდა, რომ მას შემდეგ ჩვენ ერთმანეთი აღარ გვინახავს... მაგრამ წლებმა ვერაფერი დააკლო მის მიმართ ჩემს პატივისცემას, - ის სამი თვე სამუდამოდ ჩემთან დარჩა!

 

და ახლა უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ ადამიანს, რომელმაც პრინციპებს სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა!

 

იშვიათია ასეთი ერთგულება!..

 

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი