logo_geo
თინათინ მღვდლიაშვილი: რა ღირს, ბატონებო, საქართველო?!.
- +

22 ნოემბერი. 2018. 19:56

 

რა ღირს საქართველო, ბატონებო,

რა ღირს გელათი და ნიკორწმინდა,

რა ღირს სვანეთი და აფხაზეთი,

რა ღირს სიონი და საბაწმინდა?!.

რა ღირს მესხეთი და ჯავახეთი,

რა ღირს რაჭის მთები საოცნებო...

რა ღირს გურია და ხევსურეთი,

რა ღირს საქართველო, ბატონებო?!.

რა ღირს აჭარა ან იმერეთი,

ანდა საოცარი სამაჩაბლო?..

ან ცად აზიდული კაცხის სვეტი,

ზვრები - საღვინე და სამაჭარო?!.

ფასი მოგვახსენეთ, გევედრებით,

რა ღირს კახეთი და სამეგრელო,

რა ღირს ვარძია და უფლისციხე,

რა ღირს, ბატონებო, საქართველო?!.

იქნებ შევისყიდოთ გათელილი,

იქნებ პატივაყრილს მოვეფეროთ,

იქნებ დავულეწოთ ბორკილები,

მერე მზის ამოსვლას შევეგებოთ.

იქნებ აღვადგინოთ მონასტრები,

იქნებ დანგრეული ავაშენოთ...

მტრისგან აჩეხილი რქაწითელი

ისევ ვახაროთ და გავაშენოთ?!.

ღმერთო, აზეიმე სამართალი,

ზეცავ, დაგვიფარე, შინდისფერო...

რა ღირს სამართალი, ბატონებო,

რა ღირს, ბატონებო, საქართველო?!.

 

 

 

 

big_banner
არქივი