logo_geo
გიორგი კეკელიძე: მამაჩემს არ ეტკინა. მამაჩემი ცოცხალია. ზევითაა. უბრალოდ...
- +

21 იანვარი. 2019. 13:04

 

 

მამაჩემს ტელევიზორი არ აქვს

 

- დღეს ტვ-ში ვიქნები, აქა და აქ, ამ საათზე, - მივწერე ტელეფონზე.

 

- აქანე რაფერ ვუყურო? - უჩვეულოდ სწრაფად მომწერა. აქამდე პასუხს არ მიბრუნებდა ხოლმე და თუ კი, ძალიან ნელა კრეფდა ასოებს. ეგრე მოიტანა სასტიკმა ცხოვრებამ, რომ სულ ამ ტელევიზორში ვარ. მამაჩემმა კიდევ, იმ დროიდან, კანტი-კუნტად რომ ვჩნდებოდი, დამავალა, გამეგებინებინა და შემოგვრჩა ეს ჩვევა. ისედაც, ბავშვობიდან მოყოლებული, სადაც რამე დაიბეჭდებოდა ჩემზე, ყველაფერს ინახავდა და მერე წუხდა, ახლებს რომ ვერ ვუგროვებდი.

 

დავურეკე.

- სად ხარ? უკვე ახვედი სოფელში?

ზაფხული დგება. თხილის აღების დრო.

- რაის სოფელში, კაცო, იქინე ვარ მე.

- სა იქინე?

- ზეით.

ვაჰ - დავიბენი. სად ზევით?

- ხო მოვკტი, მე, კაცო, - მითხრა სიცილით.

მაშინ მივხვდი, სიზმარში ვიყავი. არ ვიცი, რატომ ეს, მაგრამ ვკითხე:

- ძაან გეტკინა?

- აფერი არ გამიგია ბოლოს. თავიდან კი მტკიოდა და მორიგე ექიმი მევიდა. მარა, იცი, რაფერაა? არავინ არ მოგატყუოს, სიკტილის წინ არავის არ ჯერა, რომე კტება. არც არავის. ან რაფერ უნდა დეიჯერო, რომ კტები ცოცხალმა ადამიანმა? ჰოდა, მეგონა, რომე ვიძინებდი და არც მითქვია, იგი, მოფიქრებული რომ მქონდა, სიკტილის წინ ვიტყვი, ბაღანე მანახეთ-მეთქი.

 

უდროოდ გამეღვიძა. მინდოდა კიდევ მეკითხა რაღაც. ერთი კი არა, ბევრი რამ მეკითხა. დამფრთხალ ძილს რას გაუგებ. მაგრამ, მთავარია, რომ არ ეტკინა. ეს არის მთავარი. სიზმარი იყო? მერე რა. სიზმარიც სიმართლეა. ყველაფერი სიმართლეა, რასაც ვხედავთ და ან გვინდა, რომ ვხედავდეთ. მამაჩემს არ ეტკინა. მამაჩემი ცოცხალია. ზევითაა. უბრალოდ, მამაჩემს ტელევიზორი არ აქვს.

 

 

გიორგი კეკელიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი