logo_geo
გიორგი კეკელიძე: თუ ვინმეს ღმერთთან საუბარი შეუძლია, ასეთი გულწრფელი და ჯიუტი უნდა იყოს...
- +

21 იანვარი. 2019. 13:05

 

- ღმერთი -

 

 

ბებიაჩემი მორწმუნე იყო. ძილის წინ ჩუმად ლოცულობდა, სწრაფად და ძალიან გაურკვევლად. ხელები დახრილი ჰქონდა და მხრები ოდნავ აწურული. სახე დაძაბული და ჯიუტი, ძალიან ჯიუტი. თითქოს თვალებში უყურებდა ღმერთს. უყურებდა და ლოცვის დასასრულისას, ხმამაღლა და გარკვევით ეუბნებოდა: ღმერთო, ლელაიე სამოთხეში მუახვედრე იცოდე და რომ მუალ, დამახვედრე მაქანე კარგათ.

 

სოფლის მღვდელი შუა ხნის კაცი გახლდათ. მამაჩემის ბიძაშვილი, პატიოსანი და ამასთან უნდა აღინიშნოს: ერთობ ხუმარა. ჩვენს სოფელში ტაძარი რომ აღადგინეს, ბებია ლამის იქ გადასახლდა. ლელას დაბადების დღესაც იქ იყო. ტიროდა. ღელავდა. შესაწირში არყიანი ბოთლი იდგა. მივიდა. ერთი ჭიქა მორცხვად დაისხა. დალია. მეორეც. შეიძლება მესამეც. შეთვრა. ღვთისმშობლის ხატთან მივიდა და უთხრა: შენ გამიგებ უფრო მალე, დედის ამბები უკეთ იცი, ჰოდა, სანამ მუალ, ლელაიეს სათხუარი უკვე ნათქვამი მაქვს შენი შვილიზა და კითხეო და კიდოო, რაცხა მავიწყდებაო, ჰო, იგიო, აქანე ჩემს დარჩენილ შვილებს უკეთესი სამსახური უშონო ეგებაო.

 

მღვდელი ამბიონში ყოფილა. გახუმრება გადაწყვიტა და რაღაც გამოსძახა დაბოხებული, ვითომ მამაზეციერის ხმით. რაღაც ისეთი - მგონი, არაყი რომ დალიე, არ გაპატიებო. ბებია შეცბა. სულ ერთი წამით. სახე უცებვე გაუმკაცრდა. თხელი ტუჩები გაუჯიუტდა. თავი ასწია და წამოიძახა: მაცალე, ერთი წუთი, კაცო, დედაშენს ველაპარაკებიო.

 

მე მგონია, თუ ვინმეს ღმერთთან საუბარი შეუძლია, ასეთი გულწრფელი და ჯიუტი უნდა იყოს. ღმერთიც ალბათ მხოლოდ ბებიაჩემივით ადამიანებს ელაპარაკება. ამიტომაც არ გვსმენია არც მე და არც სოსოს მისი ხმა.

 

 

გიორგი კეკელიძე

 

 

 

big_banner
არქივი