logo_geo
ანა ლაშხელი-ონიანი: კვდებოდა მურა და ფიქრობდა: ვინ მიხედავდა დღეიდან მის პატრონს, მის ნახირს და ეზოს...
- +

18 აპრილი. 2019. 15:15

 

 

მურა

 

კვდებოდა მურა და ფიქრობდა: ვინ მიხედავდა დღეიდან მის პატრონს, მის ნახირს და ეზოს...

 

ხედავდა ძაღლს პატრონის ცოლი და იწყევლებოდა: გაათრიეთ ეს ლეში აქედან...

 

კვდებოდა მურა და ითმენდა სიკვდილს... სიკვდილზე რთული ქალის სიტყვები აღმოჩნდა...

 

ქალი კი ისევ აგრძელებდა... ქმარს ეჩხუბებოდა... ნუ ასმევ ამდენ რძეს, ხომ ხედავ, მაინც კვდება ეგ საცოდავიო... წაიყვანე და სადმე ჩამარხე მდინარის ნაპირზეო...

 

კვდებოდა მურა...

 

უფრო სწორად, სიკვდილამდე მოკლა ქალის სიტყვებმა...

 

და მაინც ფიქრობდა, რა ეშველებოდა ხვალ მის გარეშე დარჩენილ ეზოს და მოხუც პატრონს ასეთი ცოლის ხელში...

 

მდინარის ნაპირზე დაასაფლავა მოხუცმა მურა.

 

იმ ღამეს მგლების ყმუილმა გული გაუხეთქა ქალს...

 

კარი მაგრად ჩარაზეს შიგნიდან.

 

მეორე ღამეს ნახირს მიუვარდა მგლების ხროვა...

 

მესამე ღამეს ეზოში ოჯახის წევრებივით სეირნობდნენ მგლები...

 

სამუდამოდ დაკარგული შვილივით აკლდა მურა სახლს...

 

მთელი ღამე წვიმდა...

 

მეოთხე დღეს ქალმა მოხუცს ბოდიში დააბარა მურას საფლავისკენ მიმავალს...

 

უთხარი, თუ შეუძლია მაპატიოსო, და თავსაფრის ყურით ცრემლები მოიწმინდა...

 

- უთხრი? - ეკითხება ჩუმად ცოლი ქმარს.

 

- ვერა... მდინარე ადიდებულა, საფლავსაც ვერ მივაგენი...

 

გარეთ საშინელი ამინდი და მგლების ყმუილი თავზარს სცემდა უძაღლოდ დარჩენილ ეზოს...

 

ანა ლაშხელი

 

 

 

big_banner
არქივი