logo_geo
ტარიელ ხარხელაური: თქვენო უწმინდესობავ!
- +

27 აგვისტო. 2019. 23:04

 

 

თქვენო უწმინდესობავ!

სული როცა მძიმეა,

სული როცა მძიმეა

შორეული ფრენისთვის -

ხორცი მაშინ მღვიმეა,

ნესტიანი მღვიმეა

ანდა სასაფლაოა

შეუცნობელ მერმისის.

თქვენო უწმინდესობავ!

თუ სიმშვიდე მწყურია,

სული გადამეღალა

მიწიერი ლანდების,

ჩემი წუთისოფელი

მეტად უცნაურია,

სადაც უნდა გავთენდე,

სწორედ იქა ვღამდები.

თქვენო უწმინდესობავ!

როგორ რთულად ვიარე -

სივრცეებში წანწალით

საშინლად ვარ დაღლილი,

ვიდრე არ ამიტირდა

სული მოხეტიალე -

და მზის გვერდით თეოზე

არ მივეგდე ძაღლივით.

თქვენო უწმინდესობავ!

ტკივილებმა დაფლითა

გული - ახლა უმეტეს

მდინარეზე სველია,

ჩემი ყოფნა შეშლილის

და მწუხარე სახითა

ამ მტვრიან სამყაროში

ძალზე მოსაწყენია.

თქვენო უწმინდესობავ!

ამბოხება სატანის

ჩემში მინავლებული

ანდა სულაც მცხრალია,

რა მღვრიე ამინდებით

და ტკივილით მატარე,

ცრემლივით მაკანკალე,

ღვთისმშობელო მარიამ...

თქვენო უწმინდესობავ!

როცა ლოცვა მშრალია,

ძალზე უხერხულია

ვინმეს სთხოვო შენდობა.

როცა ტკივილებისთვის

აღარავის სცალია,

აღარავის სცალია,

და არავინ გენდობა.

თქვენო უწმინდესობავ!

სული როცა მძიმეა,

სული როცა მძიმეა

შორეული ფრენისთვის -

ხორცი მაშინ მღვიმეა,

ხორცი მაშინ მღვიმეა

ანდა სასაფლაოა

შეუცნობელ მერმისის.

 

ტარიელ ხარხელაური

 

 

big_banner
არქივი