logo_geo
აქა ამბავი შესახებ იმისა, თუ როგორ იჯიბავდნენ მილიარდებს „უპოვარი“ მიშა, „გაღლეტილი“ ვანო და სხვა „უდანაშაულო“ „ნაცები“
- +

8 დეკემბერი. 2017. 13:44



ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ, მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის რომელიღაც მუხლი დაირღვაო, „ნაციონალები" და მათი სატელიტები ფრიად გაამხიარულა. მერე რა, რომ ეს დარღვევა, მხოლოდ ერთ ეპიზოდს, მერაბიშვილის ციხიდან თავზე „ტომარაგადაფარებულ" გაყვანას ეხება, თუმცა ისიც საკითხავია, მართლა თუ გაიყვანეს, თანაც ამ ფორმით. ვანიჩკას „პოლიტპატიმრად" გამოცხადებას „ოპერატიულად" გამოეხმაურა სააკაშვილიც, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე ვანო მერაბიშვილი, მივესალმები სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ჩემი თანამებრძოლის პატიმრობის უკანონოდ გამოცხადებასთან დაკავშირებითო. მმართველი ძალის განცხადებით, ევროსასამართლოს მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არ უცნია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ მერაბიშვილის დაკავება და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სრულიად კანონიერი იყო, საერთოდ არ მოიცავდა მის პოლიტიკურ საქმიანობიდან ჩამოშორების მოტივაციას. ეტყობა, „ნაციონალებისა" და მათი ლიდერისთვის ცალკე გადაწყვეტილება გამოსცეს, სააკაშვილს ისიც გაურკვევია, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლის, ქვეყნის „ექს-ხერხემლის" მრავალწლიანი პატიმრობის მთავარი მიზანი, მისგან სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. ოლიგარქ ივანიშვილს არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ არაფერი მომიპარავს. ამის გამო, უდანაშაულო ადამიანს ამდენი ხანია აწამებენო.


ივანიშვილის „უნდობლობისა" რა უკვირს მიხეილ-ბატონს, როცა უკრაინელ ჟურნალისტსაც გაუჩნდა მის მიმართ კითხვა, პარტია გაქვთ (თანაც ორი, თუ მეტი არა - მ.ს.), ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობთ, მუდმივად მოგზაურობთ, ამას როგორ ახერხებთო. კი „დაამშვიდა" მიშამ „კოლეგა", რა არის აქ გასაკვირი, ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობ, ბებია მუშაობს (ცხონებული მზია ბებია მაშინ ცოცხალი იყო), დედა მუშაობს, ცოლი მუშაობს და ფულს მიგზავნიან, მეც ერთ-ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდიო, მაგრამ დაუჯერა თუ არა ყოფილმა „კოლეგამ", ვერაფერს მოგახსენებთ.


სამაგიეროდ, ის ვიცით, რომ ქართველებს (თუ არ ჩავთვლით „ნაციონალებსა" და მათ მხარდამჭერებს) ნამდვილად არ სჯერათ სააკაშვილის არგუმენტის. მათ არც ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობა და პოლიტპატიმრობა სჯერათ და აქედან გამომდინარე, მის უვადო პატიმრობას თუ არა, მრავალწლიან სასჯელს მაინც ითხოვენ. მერაბიშვილი ოთხი ბრალდებითაა მსჯავრდებული: „აკურას" ღვინის ქარხნის ჩამორთმევა - 2 წელი და 3 თვე; სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა - ოთხ-ნახევარი წელი; ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე. მას საბოლოო ჯამში, ამ უკანასკნელი სასჯელის ვადა შეეფარდა, რადგან „ნაციონალებისგან" „ქვეყნის დამაქცევრად" გამოცხადებულმა „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალების" დაკანონებული სასჯელის შეკრებითობის წესი გააუქმა და უდიდესი სასჯელი შთანთქავს უმცირესს.


ეს ბრალდებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც საზოგადოება მერაბიშვილს ედავება, რომელიც მეხსიერების დაქვეითებას არ უჩივის, ახსოვთ ვანოს მოთხოვნილი ორი „ტრუპი", ნავთლუღში, კორტებთან თუ სხვაგან ჩაცხრილული უდანაშაულო ახალგაზრდები, 7 ნოემბრის აქციის და ტელეიმედის დარბევა, ბადრი პატარკაციშვილისა თუ სხვა ბიზნესმენებისთვის ქონების „ახევა" და ა.შ. კი გვიმტკიცებს სააკაშვილი, „ანგელოზები" ვართ მე და ჩემი უახლოესი თანამებრძოლი, „გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე" მერაბიშვილიო, მაგრამ რა ვუყოთ იმ ათასობით საჩივარს, რომელიც მთავარ პროკურატურაში დევს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით?!


არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი, ექს-პარლამენტარი ირაკლი გოგავა „საერთო გაზეთისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ სააკაშვილმა სამართალდამცავი სტრუქტურები სადამსჯელო ორგანიზაციებად აქცია, მიზანი ერთი იყო - კორუფციით, შავი ბიზნესითა თუ კანონიერად ნაშოვნი ფული ამოღებულიყო მოსახლეობისგან. საქართველოსთვის ასტრონომიული თანხებია, რაც მათ ამოიღეს, თანაც ეს ნახევრად ოფიციალურად ხდებოდა, საპროცესო გარიგებების მეშვეობითო. ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2011 წლის ჩათვლით, 900-ათასამდე სს-ის საქმე იყო აღძრული, საიდანაც მხოლოდ 1%-ზე თუ დადგა გამამართლებელი განაჩენი, დანარჩენების უმეტესობა საპროცესო გარიგებით დასრულდა. გარიგებისთვის საჭირო თანხა 5.000 ლარზე ნაკლები არ ყოფილა, ესეც წვრილმანი დანაშაულის შემთხვევაში, თორემ დანარჩენ შემთხვევებში მილიონებს უტოლდება. ჯამში 16-დან 19 მილიარდამდე ლარი ყოფილა ამოღებული. ირაკლი გოგავას განცხადებით, ეს ფული ნაციონალების მიერ შექმნილ 3-4 ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციაში წავიდა, ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდი ყოფილა. არცერთი ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს, დაშლილია, მათი მთელი დოკუმენტაცია კი უკვალოდაა გამქრალი. ბიზნესმენებს დაწესებული ჰქონდათ „სტავკები", რამდენი უნდა გადაერიცხათ ამ ფონდებში და რამდენი ოფშორულ ანგარიშებზე. იმიტომაც ვერ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა პირწმინდად გაძარცვეს ხალხი. ნაციონალებმა კორუფცია კი არ მოსპეს, მისი ერთ ხელში კონსოლიდაცია მოხდაო. ბიზნესმენებთან ერთად, ყველა მსხვილი იმპორტიორიც „გასტავკული" ყოფილა, „ხარკი" 10-20%-ის ფარგლებში მერყეობდა, „სტავკაც", ალბათ, იმის მიხედვით დგინდებოდა, ვის რა „დამსახურება" ჰქონდა „მეფის კარზე".


ირაკლი გოგავას ნაცნობი უკრაინელი ბიზნესმენი, რომელსაც ხორბლის შემოტანა უნდოდა, ნაცელიტას ერთ-ერთ მინისტრთან გადაუმისამართებია, ამ უკანასკნელმა „ატკატის" სახით 20% მოითხოვა, არადა, ხორბლის მარჟა 7-8, მაქსიმუმ 10%-ია. ცხადია, ეს გარიგება ვერ შედგა, მაგრამ იყო ხალხი, ვინც მოთხოვნებს თანხმდებოდა, ციხეში გამოკეტვისა და ქონების „ექსპროპრიაციის" შიშით.


„საერთო გაზეთი" თავის დროზე წერდა იმ ბიზნესმენების შესახებ, რომლებსაც ბიზნესის „ახევა" არ აკმარეს და გისოსებს მიღმა გამოამწყვდიეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მეპატრონე ჯემალ ლეონიძეა. მისთვის წართმეული ობიექტები, შემდეგ დავით კეზერაშვილის კომპანია „გალფის" სახელით მოევლინნენ საწვავის ბაზარს.


სწორედ, ამგვარი „სპეცოპერაციების" შედეგად იქცნენ ნაცხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოსული პერსონები მილიარდერებად. მიწისა და სხვა უძრავი ქონების „ერთგულ" ხალხზე ერთ ლარად გასხვისება, სააკაშვილის ჩვეული მეთოდი იყო. ხელისუფლებაში მოსვლიდან მოკლე ხანში გამდიდრებულებმა, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მიკროქალაქი შექმნეს, მთავარი გამზირით, სიხარულის ქუჩა. ამ ქუჩაზეა წამოჭიმული სააკაშვილის ოჯახისა და მისი უახლოესი „თანამებრძოლების" ფეშენებელური ვილები. საწვავის ბიზნესი და საგანმანათლებლო სფერო ხომ მთლიანად სააკაშვილის ოჯახისა და მისი უახლოესი გარემოცვის ხელში იყო და დღესაც იგივე გრძელდება. როგორ „უფეშქაშა" გაგანია ომის დროს სააკაშვილმა საკუთარ დედას ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები, ამის შესახებ არაერთხელ დაწერილა პრესაში, მათ შორის, ჩვენს გაზეთშიც. სააკაშვილი, რომლის ქონების ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს, დღეს ირწმუნება, უპოვარი ვარ, მხოლოდ ოჯახის წევრების ხელფასით ვარსებობო. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის, დავით გაგნიძის განცხადებით, საქართველოდან მთლიანობაში 25 მილიარდი ლარია გატანილი და ვინ იცის, რომელ ოფშორულ ზონაში „დავანებული. „ავ ენებს" თუ დავუჯერებთ, აქედან 18 მილიარდი სააკაშვილის „ყულაბაშია". აი, ამაზე რომ არ მოსთხოვა მას პასუხი „ქართულმა ოცნებამ", იმიტომაც ბედავს სააკაშვილი აქეთ წაუყენოს ბრალდებები მმართველ ძალას და მერაბიშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, რომელიც სააკაშვილზე ნაკლებ ქონებას არ ფლობს. „გაღლეტილი" ვანოს მატერიალური აღზევება, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროიდან დაიწყო, როცა ერთ-ერთი „ენჯეოს" ხელმძღვანელი გახდა, რომელსაც მემამულეთა თუ მიწისმფლობელთა ასოციაცია ერქვა. საქმეში ჩახედული ხალხის განცხადებით, სწორედ იმ პერიოდიდან იწყება ქართული მიწების განიავება. დღეს აღარც ეს ორგანიზაცია არსებობს, სამაგიეროდ, დაგვრჩა მულტიქონების მფლობელი მერაბიშვილი, რომელიც მიზერული სასჯელით გაამწესეს „მატროსოვის" კომფორტულ ციხეში და მომავალი წლის მარტში ეწურება სასჯელის ვადა, თუმცა, შეიძლება უფრო ადრეც, საახალწლოდ ვიხილოთ „თავისუფლებაზე".


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, მერაბიშვილს ახალი ბრალი წაუყენონ, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილიო, თუმცა საკითხავია, რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი. „ნაცბობოლებთან", მათ შორის, მერაბიშვილთან დაკავშირებითაც, ხალხი მწარედ ხუმრობს, ჩვენც გვაშოვნინონ მილიონები და ასეთი სასაცილო სასჯელით, სიამოვნებით ჩავჯდებით ციხეში, მით უმეტეს, რომ დღევანდელი სასჯელაღსრულების სისტემა, სააკაშვილის ციხესთან შედარებით, სამოთხეაო. რა ქონებას ფლობს მერაბიშვილი, დაზუსტებით შეიძლება თვითონაც არ იცის, მაგრამ ექსგუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის ბიზნესქონების რეალური მფლობელი რომ „გაღლეტილი" ვანოა, ეს არაერთხელ უთქვამთ კარგად ინფორმირებულ წყაროებს. ხე-ტყის ბიზნესსაც, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში, ვანო აკონტროლებდა და დღესაც აქვს ამ სფეროდან შემოსავალიო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სისტემაში არსებული ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია, თავის დროზე მერაბიშვილმა ჩამოაყალიბა, რომელსაც დღემდე რეალურად ის მართავს და „წილსაც" იღებს. ნაციონალების მმართველობისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (აქ არ იგულისხმება ნაცვლიშვილ-გიგაურისა და სხვა „ელიტარების" ორგანიზაციები), არაერთხელ მოაწყვეს საპროტესტო აქციები დიღმის ფეშენებელურ კვარტალსა თუ თბილისის ზღვაზე, მათი განცხადებით, თბილისის ზღვის მიმდებარედ მშენებარე უზარმაზარი ვილა მერაბიშვილის საკუთრება იყო. ამ აქციების გამო, პროტესტანტებს არაერთხელ მოუწიათ თბილისის პოლიციის სამმართველოსა თუ სხვა ქალაქების „კაპეზეებში" ყურყუტი და ცემა-წამების ატანა. დღეს კი, თურმე სააკაშვილის „არარსებული" ანგარიშების „არგათქმის" გამო „ეწამება" მერაბიშვილი.


ისე, საბანკო ანგარიშების „არმქონე" სააკაშვილთან ერთად, მოქმედ ხელისუფლებასაც გვინდა დავუსვათ კითხვა, რატომ გაყიდა პრეზიდენტყოფილმა ნახევარ მილიარდ დოლარად შეფასებული სახელმწიფო ქონება, ფოთის პორტი, 130 მილიონად, რომლის თითქმის ნახევარიც თურმე დღეს არ ფუნქციონირებს. ვითომ ასეთი გულუბრყვილო იყო სააკაშვილი რომ მეოთხედ ფასად გაესხვისებინა ეს ობიექტი, თუ იქ რაიმე ინტერესი არ ჰქონდა? კოსტუმებსა და აბანოს ხარჯებს რომ ედავებოდა მთავარი პროკურატურა სააკაშვილს და თავი ნაცების საქილიკო გაიხადეს, სტრატეგიული ობიექტების „უპრაგონო" გაყიდვაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ეს თემა? საქართველოს რკინიგზის „ჩაძირვაზე" რომ მოსთქვამენ „ნაციონალები" და მათი სატელიტები, სწორედ, მათი მმართველობისას დაიწყო ამ უწყების ქონების განიავება, მათ არ დანიშნეს იქ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ბატონი ეზუგბაია, რომლის ანაზღაურებაც ასტრონომიულ ციფრებს უტოლდებოდა? ძალით თავსმოხვეული კოაბიტაციის წყალობით, სააკაშვილს მხოლოდ ოთხ ეპიზოდში აქვს ბრალი წაყენებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე); 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევის, „ტელეიმედში" შეჭრის, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით (8.837.461 ლარი) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა (სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხარჯების საქმე).


სააკაშვილი ამბობდა: პოროშენკომ შემომთავაზა, ან ჰოლანდიაში წადი, ან პოლონეთში ანდა საქართველოში, მაგრამ ევროპაში არ წავალო, თან ბიძინას ემუქრებოდა, საქართველოში ჩამოვალ და ივანიშვილს დავამხობო, მაგრამ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, ვეჭვობ, რომ დანაქადნის შესრულება შეძლოს...



მანანა სუხიშვილი









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი