logo_geo
დინა მირცხულავა: სიმამაცით განთქმულ ბაბუს ყელი გამოსჭრეს...
- +

11 იანვარი. 2018. 17:52



1993 წლის 11 იანვარი. ჩემი სოფელი თითქმის ცარიელია, მხოლოდ მტრები ბოგინობენ. - აფხაზები ჩვენ არ გვესვრიან! დაიმედებულმა გამოგვიშვა ბაბუმ და თვითონ მის ორ ძმასთან ერთად დარჩა სოფელში. შებინდდა და უცხოებიც მიადგნენ სახლს. სამივე ძმა ერთად ვახშმობს. სუფრაზეც მიიწვიეს დაუპატიჟებელი სტუმრები, მაგრამ იუარეს, ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, ქართველ სეპარატისტებს სად მალავთო! სამტროდ იყვნენ მისულნი აკი. ჯერ ერთი ძმა დახვრიტეს და ორს იქვე, ეზოში დაამარხვინეს. მეორე ბუხარში შეაგდეს, ფეხის კიდურები გადარჩა მხოლოდ და ამით ამოიცნეს. ჩემი ბაბუ - სიმამაცით განთქმულ ბაბუს კი ყელი გამოსჭრეს. გალში გააგებინეს დედას ერთ დღეს მამისა და ორი ბიძის გარდაცვალების ამბავი დაიკივლა და სკამიდან გადავარდა. ჩემი ძმა აკვანში იწვა დღეების იყო და რძე გაუშრა დედას. დიდხანს არ მაძინებდა ღამით მშიერი ჩვილის ჭყიპინი. მეც ვისმენდი ბაბუს ამბავს და მაშინვე ფანჯარაში, ფარდის უკან ჩამოკონწიალებული მისი კუთვნილი იარაღი გამახსენდა. - ალბათ აღება ვერ მოასწრო ან აფხაზები ბევრნი იყვნენ ან ტყვია გამოელია, თორემ ჩემი ბაბუ, ვინ მოერეოდა მას?! ან კვანტი, მისი ხატულა ცხენი რად არ გაჩნდა წამსვე იქ, მოახტებოდა ბაბუ და მან იცოდა, სად უნდა გადაემალა მისი მხედარი! - ვფიქრობდი და ძალიან ვხუჭავდი თვალებს, რომ ჩემი ბაბუ სამუდამოდ შემენახა მეხსიერებაში: დაჯდებოდა ხის ძირას, კუნძს დაიდგამდა და ალესილი პაწია ცულით თუთუნს ჭრიდა. თვალს არ ვაშორებდი, ან ახლა მოიჭრის თითს და ან ახლა მეთქი. ოცდასამი წელი გავიდა უკვე და კარგა ხანია, მეც აღარ მტანჯავს ბაბუზე კოშმარები! ადრე ხშირად მეზმანებოდა მისი წამების ამბავი! ახლა კი მხოლოდ ის თბილი დღეები მინდა მახსოვდეს, მანდარინის სუნით გაჟღენთილი და მის თითებში მოქცეული ვერცხლისტარიანი ჯაყვა ფორთოხალს რომ მითლიდა სიყვარულით. სასიამოვნოდ ჩამესმოდეს ყურში კვანტის ჭიხვინი ჭიშკართან და ბაბუს კამეჩების ზანზალაკების ხმა, სახლამდე აღმართს რომ შემოუდგებოდნენ და ათას ხმაში გამოვარჩევდი უთუოდ... 




 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი