logo_geo
მიხეილ მესხი: ახსენეთ ეს კაცი და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მეგობრულად გაგიღიმებენ
- +

20 იანვარი. 2018. 13:38



„ნასიონალის" მწვრთნელს ეგონა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს წინასწარ აჯილდოებენო და როდესაც უთხრეს, მესხი ფეხბურთიდან მიდისო, გაოცებულმა იკითხა: ეს მიდის და დანარჩენები რჩებიანო?!


ღრმად მწამს, რომ არსებობს მუდმივი ფასეულობები. განა შეიძლება დრომ, თუნდაც ეს საუკუნეები იყოს, მიქელანჯელოს, რაფაელის, და ვინჩის შემოქმედება გაახუნოს?! ასეა ყველა სხვა სფეროში და მათ შორის, სპორტშიც.


მსოფლიო ისტორია ბევრ გამორჩეულ სპორტსმენს იცნობს, ისეთებს, ლეგენდებს რომ უწოდებენ. თუმცა, მათ შორისაც არიან ვირტუოზები, ვისაც ვერავის შეადარებ, რადგან მათი მსგავსები, უბრალოდ, არ არსებობენ. დღეს ერთი ასეთი პიროვნების დაბადების დღეა, რომელიც 81 წლის გახდებოდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს პიროვნება ქართველია.


მიხეილ მესხი - ეს ორი სიტყვა საკმარისია, რომ ფეხბურთის მოყვარულმა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მეგობრულად გაგიღიმოთ.

https://img.playbuzz.com/image/upload/f_auto,fl_lossy,q_auto:best/c_limit,w_640/v1515745505/zwfqtlg5bt2icjafbfwc.jpg

ძალიან რთულია ისაუბრო ადამიანზე, რომლის შესახებაც ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მიმაჩნია,  რომ ართქმა უფრო მიზანშეუწონელია. ნუ დამძრახავენ „მესხისტები", თუ ამ მცირე მონათხრობში ყველაფერი ვერ ჩავტიე, რადგან ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. დავიწყებ კი ამონარიდით ჩემი უფროსი მეგობრის, არჩილ გოგელიას წიგნიდან „სპორტული ცხოვრება":


„არ იქნებოდა მიხეილ მესხი ფეხბურთელი, რომ არ ყოფილიყო მისი კბილა ბიჭი ჯემალ შენგელია, ჭიდაობის დროს ხელი რომ მოსტეხა მიშას. ეს შემთხვევა რომ არა, მიშა ჭიდაობას გაჰყვებოდა და, ალბათ, ვერასდროს ვნახავდით მიხეილ მესხს ფეხბურთელს".


ტყავის ბურთის ქომაგთა სასიხარულოდ, მესხმა ფეხბურთის თამაში დაიწყო და 18 წლისა მასავით ლეგენდარულმა პიროვნებამ, ანდრო ჟორდანიამ თბილისის „დინამოში" მიიწვია.

   


ნახეთ, როგორ ახასიათებენ მიშას მისი კოლეგები, ჟურნალისტები და ფეხბურთის ქომაგები:

ლევ ფილატოვი - სპორტული ჟურნალისტი: „მიშა რომ ისე თამაშობდეს, როგორც სხვები, მაშინ ის მესხი არ იქნებოდა".


გიორგი სიჭინავა - ფეხბურთელი: „მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვჩხუბობდით, უნდა ვაღიარო, რომ მასზე უკეთესი ფეხბურთელი არსად მეგულება".


ალფრედო დი სტეფანო - ფეხბურთელი: „ბუენოს-აირესს მესხისდარი ფეხბურთელი არასდროს უნახავს".


ვლადიმერ სტრელცოვი - ფეხბურთელი: „ვწუხვარ, რომ ვერასდროს ავისრულე ოცნება, მეთამაშა მიშას გვერდით".


ვლადიმერ ბარქაია - ფეხბურთელი: „მიშა უბრალოდ უდიდესი იყო. „დინამოს" სტადიონზე ქომაგები ერთი ტრიბუნიდან საპირისპირო მხარეს გადადიოდნენ მეორე ტაიმისთვის, რადგან უნდოდათ, ახლოდან ეყურებინათ მესხისთვის. ლამის ერთმანეთზე ისხდნენ მოედნის იმ მონაკვეთზე, სადაც მიშა სასწაულებს ახდენდა".



1961 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა „რივერ-პლეიტის" სტადიონ „მონუმენტალზე" 100 000 ქომაგის თვალწინ არგენტინის ნაკრებს პირველი მარცხი აგემა. არადა, მატჩის წინ ადგილობრივი პრესა, ფეხბურთელები, სპეციალისტები დიდი ანგარიშით გამარჯვებაში დარწმუნებული იყვნენ. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. საბჭოელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს - ორივე გოლი მიშას დამსახურება გახლდათ.


შეხვედრის შემდეგ არგენტინელთა მარჯვენა მცველი სიმეონე იტყვის, პირველად ვნახე ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდაო. ეს ის სიმეონეა, რომელიც მიშამ მთელი შეხვედრის განმავლობაში აწამა და რომელიც თამაშის შემდეგ მესხის ტრუსის ნაფლეთით იწონებდა თავს ტელეკამერების წინ.

 


რაც შეეხება საკუთარი თავისთვის პასის მიწოდებას, საუბარია მესხის ცნობილ ფინტზე. როგორც თავად ყვებოდა, ეს ილეთი თანაგუნდელმა ვლადიმერ ელოშვილმა აჩვენა, რომელსაც ბულგარეთში ყოფნისას ერთი ადგილობრივი ფეხბურთელის შესრულებით რაღაც მსგავსი უნახავს. მიშამ დიდხანს იმუშავა მასზე, მოირგო, საკუთარი ფანტაზიაც მიახმარა და საბოლოოდ სახეცვლილი წარუდგინა პუბლიკას. ამ ფინტის აღწერა წარმოუდგენელია - ის უნდა ნახოთ, რომ მთელი სისავსით შეიგრძნოთ.


ამ წერილზე მუშაობისას ერთი ესპანელი ჟურნალისტის მასალას წავაწყდი. სტატია 2008 წელს ესპანეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას ეხებოდა და განხილული იყო ესპანელთა მწვრთნელის, ლუის არაგონესის ტაქტიკური სქემა. გთავაზობთ ამონარიდს:

„ლუის არაგონესმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რა არის მიხეილ მესხის ცნობილი ფინტი. კონსპექტის სახით რომ აღვწერო, მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავდამსხმელი მცველს მიუახლოვდება თუ არა, ბურთს მისგან, დავუშვათ, მარცხნივ გაიგდებს, ხოლო თავად მარცხნიდან შემოუვლის და ბურთს მცველის ზურგს უკან ეუფლება. ამ ილეთის ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ მცველი რაღაც დროით გაოგნებულია, არ იცის, საით წავიდეს - მარჯვნივ, საითაც ბურთია, თუ მარცხნივ - საითკენაც თავდამსხმელი გარბის; და როცა გონს მოდის, უკვე გვიანია. არაგონესმა მესხის ინდივიდუალური ფინტი გუნდურად აქცია, ჩავი და ინიესტა ბურთს თავისუფალ ზონაში გზავნიდნენ, სადაც მოწინააღმდეგის დაბნეული მცველების თვალწინ მას ესპანელი თავდამსხმელები ეუფლებოდნენ"...


ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს მიშას ფინტის დიდებული ინტერპრეტაციაა.


1980 წელს მოსკოვში, გაზეთ „სოვეტსკი სპორტის" რედაქციაში, შესანიშნავ ფეხბურთელსა და ადამიანს ვიქტორ პონედელნიკს შევხვდი და ბევრიც ვისაუბრეთ. მაშინ მიხეილ მესხზე ასეთი რამ მიამბო:

„1960 წელი იყო, ნაკრების ერთ-ერთი თამაშის წინ მწვრთნელები ფიქრობდნენ, ვისთვის მიენდოთ მეორე ცენტრალური თავდამსხმელის ადგილი - ჩემთვის, თუ იმ დროისთვის უკვე ასაკოვანი ბუბუკინისთვის. გადაწყვიტეს, არჩევანი მიშასთვის მიენდოთ და აზრი ჰკითხეს. მიშამ იკითხა, ხვალ როგორი ამინდი იქნებაო? მზიანიო, უპასუხეს. მაშინ ბუბუკინი დააყენეთო, უთხრა. ასეც მოიქცნენ. ძალიან გამიკვირდა და ცოტა მეწყინა კიდეც, რადგან მე და მიშა ვმეგობრობდით. თამაშის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: ვიტია, არ გეწყინოს, ხომ იცი ბუბუკინი მელოტია, მზიან ამინდში თავი ულაპლაპებს და მეც ადვილად ვუმიზნებო... მაშინ ბევრი ვიცინე. სხვათა შორის, იმ თამაშში ბუბუკინმა მართლა გაიტანა ბურთი თავით მიშას ჩაწოდებული პასით".


ერთხელ ერთი ჟურნალისტი ჩააცივდა, ყველაზე მეტად რომელი მწვრთნელი დაგამახსოვრდათო? მიშამ მიუგო: ანდრო ჟორდანია, გავრილ კაჩალინი და ვასილი სოკოლოვიო. რატომ მაინცდამაინც ესენიო? - ვერ მოისვენა ჟურნალისტმა. იმიტომ, რომ ფეხბურთის თამაშში ხელს არ მიშლიდნენო. იყო პასუხი.


დიახ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ხელს უშლიდნენ. პირველ რიგში, ეს მართლაც კარგი მწვრთნელი კონსტანტინ ბესკოვი გახლდათ, რომელმაც გამოუცხადა, სანამ გალიმზიან ჰუსაინოვივით არ ითამაშებ, ნაკრებში არ აგიყვანო. ამას ეუბნებიან კაცს, რომელიც იმ დროის ევროპისა და მსოფლიოს სიმბოლური ნაკრებების უცვლელი წევრი გახლდათ. თავად ასე იხსენებდა:

https://img.playbuzz.com/image/upload/ar_1.3333333333333333,c_crop/f_auto,fl_lossy,q_auto:best/c_limit,w_640/v1515747017/tkbyvqhv5q9anbf8rvr4.png

„ვერაფრით გავიგე, რაში სჭირდებოდა ნაკრებს ორი ერთნაირი ფეხბურთელი. ჰუსაინოვი მოედანზე ბევრს შრომობდა, მე კი მოედანზე სათამაშოდ გავდიოდი. ცხოვრებაშიც და ფეხბურთშიც არიან არტისტები და არიან ხელოსნები. რატომ უნდა ათრიოს არტისტმა სცენაზე დეკორაცია? მისი საქმე თამაშია. გაირკვა, რომ ბესკოვს არტისტები არ სჭირდებოდა..."


და 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიშა მესხი არ წაიყვანეს. თუმცა გული მანამდეც ატკინეს. 1963 წელს ლონდონში საუკუნის მატჩი გაიმართა, მსოფლიოს ვარსკვლავთა ნაკრები ინგლისელებს უნდა შეხვედროდა. საბჭოთა კავშირიდან მიხეილ მესხი მიიწვიეს. მაგრამ, როგორც ამბობენ, იგივე ბესკოვის რჩევით (მიშას ტრავმა მოიმიზეზაო), ინგლისში ლევ იაშინი გაამგზავრეს. მესხს კი ეს ამბავი საერთოდ დაუმალეს.


სხვათა შორის, ბატონმა ბესკოვმა დაახლოებით ანალოგიური რამ გაუკეთა დავით ყიფიანსაც, როდესაც გავრილოვივით თამაში მოსთხოვა და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანა.


1969 წლის 26 ივლისს, ამჟამად უკვე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მიშას გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა. „დინამოს" მეტოქე ურუგვაის „ნასიონალი" იყო. სცენარის მიხედვით, 32 წლის მესხს მხოლოდ ერთი, პირველი ტაიმი უნდა ეთამაშა და ეს ჩვეულ სტილში, ბრწყინვალედ გააკეთა. როდესაც შესვენებაზე თანაგუნდელებმა მიშა ხელში აიყვანეს და მთელი სტადიონი მოატარეს, „ნასიონალის" მწვრთნელს ეგონა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს წინასწარ აჯილდოებენო. როდესაც უთხრეს მესხი ფეხბურთიდან მიდისო, გაოცებულმა იკითხა: ეს მიდის და დანარჩენები რჩებიანო?!


თავში მოგახსენეთ და გავიმეორებ, კარგად მესმოდა, რომ მიხეილ მესხის სრული პორტრეტის გადმოცემას ვერ მოვახერხებდი, ბევრ გასახსენებელს ვერ ჩავატევდი ამ პატარა წერილში, თუმცა მე მაინც ვცადე...











 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი