logo_geo
ბესარიონ გუგუშვილი: კარგია, რომ ზვიადის სიკვდილი „ბურუსითაა მოცული“
- +

22 იანვარი. 2018. 16:23



ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ფილმზე „ხიბულა" ერთი კინოკრიტიკოსი წერს: „ეს ფილმი ისევე ჩუმად წავა, როგორც მისი გმირები წავიდნენ" - ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ! საფუძვლად დავეყრდნობი ფაქტს, რომელზეც ვერავინ შემეკამათება: გასულ 25 წელიწადში ქართულ პოპულარულ მასმედიაში (პირველ რიგში TV) ზვიად გამსახურდიასადმი ინტერესი და ყურადღება 99%-ში მხოლოდ მისი „ბურუსით მოცული" სიკვდილის თემიდან მომდინარეობდა. ანუ, რომ არა ეს „ბურუსით მოცულობა", საქართველოს პირველი პრეზიდენტის თუნდაც ხსენება გასაკვირი და უცნაური გამონაკლისი იქნებოდა.

 

მასმედიის ზემოთ აღნიშნული მიდრეკილების გამო ახალმა თაობამ (რომლის ცნობიერებასაც უმთავრესად პოპულარული მედია წარმართავს) თუ რამე იცის ზვიად გამსახურდიას შესახებ, ეს საფუძველში და არსებითად მხოლოდ მის „ბურუსით მოცულ" სიკვდილთანაა დაკავშირებული. ანუ, რომ არა ეს საოცარი „ბურუსით მოცული" სიკვდილი - ზვიად გამსახურდია თითქმის უცნობი დარჩებოდა პოსტსაბჭოთა თაობებისთვის.

 

ამიტომ:

 მასმედიური ზვიადის ხსოვნისთვის, პოპულარობისთვის კარგია, რომ მისი სიკვდილი „ბურუსითაა მოცული"...

 

ზვიადის „ბურუსით მოცული" სიკვდილი კარგია, სასარგებლოა მისი ოჯახისთვისაც. ზვიადის შვილებს საზოგადოება თუ რამეთი იცნობს - ეს, მათი მამის „ბურუსით მოცულ" სიკვდილთან დაკავშირებით მასმედიის სენსაციურ და სკანდალურ სერიულ კამპანიებში მონაწილეობაა. ერთ-ერთმა მათგანმა პარლამენტის „ოლიმპსაც" კი მიაღწია „ბურუსით მოცულობის" მეოხებით და აქედან „ცნობადი სახე" გახდა, რამაც ბოლო არჩევნებში ხმების რამდენიმე პროცენტი მოაპოვებინა...

 

ზვიადის „ბურუსით მოცული" სიკვდილი კარგია, სასარგებლოა ვითომ „ზვიადისტების" იმ მცირე წრისთვისაც, რომელიც არსებითად პროფესიული „ზვიადის სიკვდილმცოდნე" გახდა. მესამეხარისხოვან მედიაში ეს ამ წრეს შიგადაშიგ პათოლოგიური მონაზღაპრებით თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს...

 

ზვიადის „ბურუსით მოცული" სიკვდილი სასარგებლოა ზვიადის პრიმიტიული კულტით გატაცებული - არსებითწილად ამ თემით შეკავშირებული კვაზი-ეროვნული სოციუმისთვის (რომლისთვისაც ზვიადი მხოლოდღა ერის „კაი ცხოვრების" დაკარგული შესაძლებლობაა)...

 

თვით ოვაშვილის ფილმიც პრეზიდენტ გამსახურდიაზე არ იარსებებდა - თუ არა მისი გმირის „ბურუსით მოცული" სიკვდილი, რომლის პრელუდიასაც აღწერს და ეძღვნება ეს ფილმი...

 

ანუ, ყველამ კარგად ვიცით, ვგრძნობთ, რომ:

 

„ბურუსით მოცული" სიკვდილის გამო ზვიად გამსახურდია კიდევ დიდ ხანს დარჩება ობივატელური საზოგადოებრიობის (და ასეთია ჩვენს მოყვასთა უმეტესობა) პერიოდული და ქრონიკული სენსაციური, სკანდალური „გამოძიებებითა" და „აღმოჩენებით" დაინტერესების საგნად. ამიტომ, ოვაშვილის ფილმის მთავარი გმირის პროტოტიპი არ წავა ჩუმად. ეს ფილმიც, მისი თხრობის საგნისადმი ინტერესის გამო, საზოგადოებრიობის პერიფერიული ყურადღების სფეროში იქნება საკმაო ხანს - მას ქართული საზოგადოებრიობის დიდი უმეტესობა ნახავს (როგორც კი ინტერნეტში გამოქვეყნდება) და ფილმით მიღებულ შთაბეჭდილებები გარკვეულწილად დაემატება საქართველოს ზნეობრივი გმირის პორტრეტს...

 

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას ჭეშმარიტ ფასეულობას - როგორც: ამაღლებულ ქართველ მოაზროვნესა და ცნობიერების რევოლუციონერს; ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიის, ეროვნულ-სარწმუნოებრივი სახელმწიფოს იდეის შემქმნელს; სულიერებისა და ზნეობრიობის, როგორც ერის გადარჩენის გზის მქადაგებელსა და მასწავლებელს; უნიკალურ ზნეობრივ გმირს - მისი ეს ბრწყინვალე იპოსტასი ვერასდროს გახდება პოპულარული მასმედიის ინტერესის საგანი და მისი ეს არსი, ფასეულობა მხოლოდღა ეროვნულ-სარწმუნოებრივი სულით გამსჭვალული მცირე ინტელექტუალური წრის ცნობიერების საძირკველი იქნება ოცდამეერთე საუკუნეში. სანამ, ქართული სოციუმი საკუთარი მწარე გამოცდილებით არ გამოააშკარავებს ყველა სხვა, უცხო იდეოლოგიის მავნებლობას, სიყალბესა და მანკიერებას - და, ჩაწვდება თუ რა დილემა დგას ქართველობისა და კაცობრიობის წინაშე...

 

აქვე გაწვდით ზვიადის მიმართ ბინძურ ზემოხსენებულ რეცენზიის ტექსტს ფილმზე „ხიბულა":

 

https://eurasianet.org/s/georgia-gamsakhurdia-biopic-sidesteps-post-sovietpolitics", - წერს გუგუშვილი.

 









 

big_banner
არქივი