logo_geo
სესილია თაყაიშვილი - საქართველოს ბებია!
- +

29 იანვარი. 2018. 22:06



სესილია თაყაიშვილს ბადალი დღემდე არ მოეპოვება კომედიური, სახასიათო როლების განსახიერებაში. ამ სიმაღლემდე არავინ ასულა.


ის იყო გარდასახვის დიდოსტატი - 26 წლისამ ითამაშა ცხოვრებისგან გაუბედურებული მოხუცი ქალი ამალია კარლოვნა ა. აფინოგენოვის „შიშში", 29 წლისამ - შამილის მოხუცი დედა, 31 წლისამ - პარასკევა (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან"). 42 წლისამ ჯულიეტას მოხუცი ძიძა. არც მაშინ იყო მოხუცი ოლღა ბებია რომ ითამაშა - მხოლოდ 54 წლის იყო... ის სასწაულებს ახდენდა სცენაზე ეპიზოდებით თუ ეკრანზე თითო გაელვებით. უყურეთ მის მოხუც ბუღალტერს „ცისფერ მთებში" და სცადეთ - არ გაგეცინოთ. მაინც გაგეცინებათ. ან მის ასინეთას უყურეთ გულგრილად. ან ოლღა ბებიას იუმორს - დედის რძესავით თბილს.

 

ის იყო ვირტუოზი, ვირტუოზი რომელიც აკონტროლებდა მაყურებლის სიცილს - უნდოდა თავის გმირზე თბილად, სიყვარულით გაგაცინებდა, უნდოდა - მწარედ დაგაცინინებდა. უნდოდა შეგაყვარებდა, უნდოდა - შეგაძულებდა...


მაყურებელს აცინებდა. თვითონ წუწუნი უყვარდა. წუწუნი და ტელეფონზე ჭუკჭუკი - მეტადრე კაკო კვანტალიანთან. წუწუნებდა უძილობაზე, ფხიზელ ძილზე, არადა მაშინაც არ ეღვიძებოდა როცა მის მეზობლად მართლა იწვოდა სახლი და ეზო სავსე იყო სახანძრო მანქანების კოლონით.


ცხოვრებაში განუმეორებელი იუმორის პატრონი ყოფილა. მისი საყვარელი ფრაზა იყო „ნივკოემ სლუჩი".


შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უკვე ხნიერი სესილია „კუპალნიკში"? აი, იპოლიტე ხვიჩიას ამის „ლაივში" ხილვა ეწადა, იმიტომაც დასწყდა გული, როცა ბათუმში პლაჟიდან მომავალ სესილიას გადაეყარა.


„უი, სესილია გამომასწარი? შენი ნახვა მინდოდა „კუპალნიკში" - ეტყვის იპოლიტე. სესილიაც კაი ელ მაკფერსონივით გაიხსნის ხალათს და შუა ქუჩაში „კუპალნიკში" წარსდგება იპოლიტეს წინ...


„დიდუუუ, ყვავს დააჩხავლებს..." - იტყვის იპოლიტე.


 

 

 

 

big_banner
არქივი