logo_geo
ადე, მიხო, რა დროს ძილია, მოუკვდა პატრონი!
- +

29 იანვარი. 2018. 23:58



უკვე იცით, რომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ ღამის 10-დან დილის 7 საათამდე სახლიდან გასვლა აუკრძალა. მიუხედავად ამისა, მიხეილ მოუხელთებელი მაინც თვლის: რა დროს ძილია, მოუკვდა პატრონი... და 4 თებერვალს, პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით, კიევში საპროტესტო მარშის გამართვას აპირებს. მეტიც, ის კონსულტაციებს უკრაინის ყველა მთავარ ოპოზიციურ ძალასთან გამართავს:


„მათ ეშინიათ, რომ ვიარო რეგიონებში და ავწიო ხალხი რეგიონებში. მათ ეშინიათ წალენჯიხის ავტობუსის ეფექტის, ასე, რომ გააკეთეს მინიმალური შეზღუდვა, ამაზე მინიმალური შეზღუდვა არ არსებობს".


„კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში „შეზღუდვაგაკეთებული" მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კარვების, დაპირისპირების და რევოლუციის გარეშე, ოლიგარქიული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას უკრაინაში და საქართველოში გეგმავს:


„ივანიშვილი ეძებდა ნებისმიერ საბაბს, რომ მე საქართველოში არ ჩამოვეშვი და საქართველოს პოლიტიკიდან ჩემი იზოლაცია მოეხდინა, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან საკმარისი ძალაც მაქვს, ენერგიაც მაქვს და ყველაფერს გავწვდები".


„კურიერი" ასევე გვატყობინებს, რომ კი მიუსაჯეს სააკაშვილს ღამით ძილი, მაგრამ ამაოდ - ვერ იძინებს, თვალს მოხუჭავს თუ არა, ეგრევე ოლიგარქები, ვირთხები და მერე ისევ ოლიგარქები ესიზმრება. ასევე ესიზმრება წალენჯიხა, ავტობუსი, ედუარდ შევარდნაძის მწვანე ჩაი, რომელიც ესოდენ გემრიელად გადაყლურწა 2003-ში. ესიზმრება ვარდი, პარლამენტის შენობაში „შესეირნება" და ბოლოს, პრეზიდენტობა. აი, ამიტომაც აცხადებს, რომ საკმარისი ენერგია ჯერ კიდევ აქვს და ყველაფერს გასწვდება. მართალია, სააკაშვილი ჯერ ძეხვსაც კი ვერ შესწვდა და შინაპატიმრობაში რჩება, მაგრამ ხომ უნდა? ეს კი უკვე საქმის ნახევარია.


ადე, მიხო, რა დროს ძილია, მოუკვდა პატრონი!


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი