logo_geo
„სხვა შეგნება და წესებია სოფლის წიაღში - ჩვენ სოფლელები სხვანაირად ვცხოვრობთ!“
- +

28 თებერვალი. 2018. 22:10



ჩვენ სოფლელები სხვანაირად ვცხოვრობთ და ვფიქრობთ, სხვა შეგნება და წესებია სოფლის წიაღში.


მშობელ მიწასთან უფრო ახლოს ვართ, და ზეცაც მოჩანს ხელისგულივით. აქ სხვანაირი ქარი იცის, მინის ფანჯრებს რომ ააზუზუნებს და ხეები ფოთლების ტაშს დაუკრავენ. აქ სხვანაირი წვიმა იცის, შხაპუნა წვიმა, შიფრის სახურავზე და თუნუქის რაფებზე მოწკაპუნე. აქ სხვანაირი ჭექა-ქუხილია, რომ შეგაკრთობს და გრგვინვით შეგაჟრჟოლებს.


აქ სხვანაირი თბილი მიწაა, უასფალტო და უბეტონო, თავის უფალი. აქ სხვანაირი ბალახია, ჯანმრთელი და ცვარში ნალუმპი. ჩვენ სოფლელ ბიჭებს ხელისგულები მოყვითალო და დაკოჟრილი გვაქვს. თოხის, ნაჯახის, ბარის, წერაქვის ტარებზე ხშირად შემონაჭდობი, ნაჯაფარი და ხიწვნასობი ხელისგულები. არავინ იცნობს ხარისა და ცხენის ბუნებას, ისე, როგორც ჩვენ. ეს ცხოველები წევრებია ჩვენი ოჯახის, გუთნის, ორთვალის გამწევი ძალა. ჩვენ ჩვენებურად გვიყვარს ბუნება და ამიტომ ვრგავთ ხეხილის ხეებს. ძირს ვუფხვიერებთ და ნაკელს ვუყრით.


გვიყვარს ვენახი და ვაზის ნერგებს შვილებივით ვუვლით ხარდანზე და ნაცნობია ფერი და სუნი შაბიამანის. ყურძნის დაჭყლრტა ვიცით წბერში და დაყენება ცაცხვის ხორგოში, არყის გამოხდაც ხუფიანი სპილენძის ქვაბით.


ჩვენ სხვანაირი გულით ვხვდებით, მგონია, სტუმარს, და ნატურალურ პროდუქტებით ვუმასპინძლდებით, ღარიბულ ტაბლას შემომსხდარნი, როცა კერაზე, ეკლის შეშის ცეცხლი გუზგუზებს, და ჩვენ ბუხართან ვსხედვართ და პურს ვჭამთ, სადღეგრძელოებს ისე ვამბობთ, თითქოს ვლოცულობთ, ჭიქებს კი ერთურთს გულებივით მივუჭახუნებთ.


აქ ღამის სათნო მყუდროებას არ არღვევენ მანქანები და ავტობუსები, ტურების კივილს, მგლების ყმუილს თუ მოჰყვება ძაღლების ყეფა. ჩვენ სოფლელებმა ვიცით, შრომის და ოფლის ფასი, იქნებ გვაკლია ბევრი რამ და იმ დანაკლისებს, ჩვენ გვერდში დგომით, თანაგრძნობით ვუვსებთ ერთმანეთს. (ავტ რითმების კავალერი)



არყის გამოხდა სამეგრელოში, მხატვარი რეზო ადამია, 14.10.2017. წ


ფოტო: გიორგი ნიკოლავა


 

 

 

big_banner
არქივი