logo_geo
გელა ზედელაშვილი: პრემიერს ლანძღავენ ისინი, რომლებმაც 1991-ში ბორის ელცინს მიმართეს წერილით!
- +

13 მარტი. 2018. 23:20



რუსეთი, მოსკოვი, კრემლი... ოკუპანტი, გათახსირებული, საზიზღარი... წერენ, ლაპარაკობენ, განცხადებებს აკეთებენ. გიორგი კვირიკაშვილს ლანძღავენ, მოღალატედ აცხადებენ, რუსეთის მონად რაცხავენ. საოცარია, მოღალატეობაზე საუბრობენ ისინიც კი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ზვიად გამსახურდიას დამხობაში, რომლებმაც 1991 წლის შემოდგომაზე რუსეთის პრეზიდენტს, ბორის ელცინს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნეს:


„ძვირფასო ბორის ნიკალაევიჩ, საქართველოში მძვინვარებს პროვინციული ფაშიზმი, ზვიად გამსახურდიამ დაამყარა სრული დიქტატურა, ქვეყანაში მიმდინარეობს ანტირუსული კამპანია. გთხოვთ, დაგვეხმაროთ როგორც მორალურად, ისე მატერიალურად, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები".


ბორის ნიკალაევიჩმა გაითვალისწინა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლების, „მხედრიონის" ლიდერების, კულტურის მოღვაწეების, გამსახურდიას მოწინააღმდეგე ჟურნალისტებისა და საზოგადოებისთვის (ასე თუ ისე) ცნობილი სახეების თხოვნა - 1991 წლის დეკემბერ-იანვარში რუსეთის დახმარებით გადაიწვა (დაინგრა) რუსთაველის პროსპექტი, მორალურად განადგურდა მთელი ქვეყანა, დაიწყო ძარცვა-ყაჩაღობა, ნგრევა, მკვლელობები და რაც მთავარია, თბილისიდან გააძევეს პირველი პრეზიდენტი თავის ოჯახთან და მხარდამჭერებთან ერთად. შემდეგ იყო სამეგრელო, ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლა, თითქოს გაჩნდა სამართლიანობის აღდგენის შანსი, მაგრამ რუსეთმა (ბორის ნიკალაევიჩმა) აქაც გაითვალისწინა მოღალატე ქართველების თხოვნა და ეგრევე ამოქმედდა ბალტინის ჯარი. თუმცა იმ დროს კრემლში წერილის გაგზავნა აღარ დასჭირვებიათ, ედუარდ შევარდნაძის წყალობით უკვე იყვნენ პირდაპირ ხაზზე.


უკაცრავად, მე პირადად ასეთების პროდასავლურობაზე მეცინება და მათი მხრიდან ვერც რუსეთის ლანძღვას აღვიქვამ სერიოზულად. შეიძლება ეცადო, რომ შენი ბიოგრაფია და ქვეყნის ისტორია გააყალბო, მაგრამ არ გამოდის, დრო მაინც ისე ალაგებს მოვლენებს, როგორც იყო სინამდვილეში.


ჰო, კიდევ ერთი... თქვე „პატრიოტებო", კვირიკაშვილს რომ ლანძღავთ (ვლადიმერ პუტინს წერილი რატომ გაუგზავნაო) და მეორე დღეს მოსკოვის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთებს იღებთ, ეგ როგორ და რანაირად ხდება? ან კიდევ კვირიკაშვილს რომ ლანძღავთ, გულს იოხებთ, მერე რესტორნებში მიდიხართ, ტყვრებით და რუსულ სიმღერებზე „ტანცაობთ", ან ეგ როგორ და რანაირად ხდება?!

 

აი, ამას ორმაგი სტანდარტი კი არა, მართლა ღალატი და „პოდლობა" ჰქვია!!!

 

გელა ზედელაშვილი

 


 

right_banner big_banner
არქივი