ციხეგამოვლილმა თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ ვანსა და ხონში შუალედური არჩევნები „დამაჯერებლად” წააგო. მართალია, თავად იხტიბარს არ იტეხს და ამტკიცებს, გივი ჭიჭინაძეს მიტკალივით გავაუთოებო, მაგრამ ფაქტია, მინდორ-ველების გადახვნა, კარტოფილის თესვა, ტრაქტორსა და ხეებზე ხტუნვა წყალში ჩაეყარა. მოდით, ახლა ვნახოთ, დაახლოებით როგორი საუბარი გაიმართებოდა არჩევნების შემდეგ ამ მოხუც ქალბატონსა და ბატონ გიგილოს შორის:
– შვილო, გიგლა, წააგე?
– ჰო, ბებო, წავაგე!
– ეხლა არ დაიწყო, გამიყალბესო!
– არა, ბებო, მაგას როგორ გაბედავდნენ? ჭიჭინაძის გამარჯვება უკვე ვაღიარე.
– ჰო, შვილო, დამარცხება და გამარჯვება ძმები არიან.
– მე ისევ დავბრუნდები.
– როდის?
– 2020-ში.
– რა აზრი აქ?
– ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს!
– იიიჰ, კარგი ერთი…
– რატომ არ მომეცით ხმა, ხო ყველაფერი გაგიკეთეთ?
– შვილო, საარჩევნოდ გაკეთებულსაც ეტყობა და ჩვეულებრივსაც… 9 წელი ზემო თაროს რო იყავი და არ გაგხსენებივართ, ეგ როგორ იყო?
– ვტყუივარ.
– მერე კიდევა, შენზე ისეთ რაღაცებს ამბობენ, ყურო ნუ გაიგონებ, ხალხი, შვილო, არაფერს ივიწყებს, ტრაქტორით კი არა, ცხენით რო ირბინო, მაინც არაფერი გამოგივა.
– მე ვამაყობ ჩემი წარსულით, ბებო!
– ეგ შენ ამაყობ, საქართველოს კიდე რცხვენია. ისე, 48 მილიონი რამ მოგაპარინა, რა ამბავია?
– ოჯახი ხრამია, ბაბო, რა უნდა მექნა?
– განა ჩვენ არა გვყავს ოჯახები?
– ჰო, მაგრამ…
– წადი, შვილო, ხეირი ნახე, შენი გზა მოძებნე.
გიორგი ხმალაძე