logo_geo
რუსუდან შარაძე: რა დროს მოკლეს გურამ შარაძე და რატომ იქ, იმ ადგილზე?!
- +

31 ივლისი. 2018. 11:20

 

 

 

„რატომ არ არის და არც შეიძლება იყოს გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი?!“ - აღნიშნული სათაურით აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„IV ნაწილი: რა დროს მოკლეს და რატომ იქ, იმ ადგილზე?!

ისევ ე.წ. „ალდაგის“ ფირზე

 

გურამ შარაძე იქ, იმ ადგილზე, სწორედ, კამერების წინ უნდა მოეკლათ.

 

ფეხით სიარულზე გიჟდებოდა. ამით, ერთდროულად, იცლებოდა და ივსებოდა. წლების მანძილზეც, დილაობით, კუს ტბაზე ვარჯიშობდა, თუმცა, ბოლო ხანს, სულ ჩიოდა, რომ არცერთისთვის ეცალა. სამაგიეროდ, კვირაობით, როდესაც მძღოლი არ ჰყავდა, ცდილობდა ხოლმე ფეხით ევლო.

 

ეროვნულ, იგივე საჯარო ბიბლიოთეკაში არ დაბადებულა, თორემ იქ რომ გაიზარდა, იცით (ლირიული გადახვევა: გურამ შარაძე და ეროვნული ბიბლიოთეკა - ეს კიდევ სხვა თემაა და ამასთან დაკავშირებით, უახლოეს ხანში, კიდევ ერთხელ გაგახარებთ. სულ ვამბობ - სიმბოლურზე მეტია, რომ მისი უკანასკნელი გზაც იქიდან იყო).

 

ვინაიდან, სხვა დღეებში არ ეცალა, როგორც წესი, ყოველ კვირა დღეს, ქვეყანა თუ არ ინგრეოდა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობდა და საღამოს, ფეხით ბრუნდებოდა შინ, ჭავჭავაძის გამზირზე.

 

სკოლის დამთავრების შემდეგ, სასწავლებლად და საცხოვრებლად, გურიიდან თბილისში რომ ჩავიდა, იმ დროდან მოყოლებული, ვაკიდან რუსთაველისკენ როცა მიდიოდა, ან იქიდან მოდიოდა, მამაჩემს, ჩვევად ჰქონდა იმ ტროტუარით სიარული, სადაც მოკლეს. მოგეხსენებათ, მოპირდაპირე მხარეს, გადასასვლელები და გვირაბებია და ამიტომ არ უყვარდა.

 

2007 წლის 20 მაისის საღამოსაც ასე იყო. ეროვნული ბიბლიოთეკიდან, ანუ რუსთაველიდან ვაკისკენ მიმავალი, მელიქიშვილისა და შანიძის კუთხეში, მოკლეს.

 

დროს რაც შეეხება, ჩემი ვერსია არ ემთხვევა ოფიციალურს და დარწმუნებული ვარ, არ ვცდები - ეს არის, სადღაც, 20 საათი და15 წუთი და აი, რატომ:

 

,,ალდაგის“ ფირის მიხედვით, გურამ შარაძის მკვლელობის ოფიციალურ დროდ არის დადგენილი 20 საათი და 31 წუთი. ვიდეოზე, რომელზეც უშუალოდ, მკვლელობა ჩანს (ალბათ, უფრო - მოჩანს) და ამ დღეებში გამოვაქვეყნებ, ნახავთ, რომ დრო გადის და მამაჩემი ძირს წევს, მასთან არავინ მიდის.

 

რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ 20.30 წუთზე, ტელეკომპანია „აჭარის“ საინფორმაციო გამოშვებაში, პირველ სიუჟეტად, პირდაპირ ეთერში ჩაერთო ჟურნალისტი მელიქიშვილის გამზირიდან, სადაც მამაჩემი სისხლში ცურავს, უკვე მოვარდნილია მთელი პოლიცია და თბილისი, გადაკეტილია ქუჩა?!

 

როგორ დაასწრო „აჭარის“ ჟურნალისტმა მოვლენებს? ეს გაურკვეველია. იქნებ, გამომეხმაუროს და გაიხსენოს, ყოველგვარი ირონიის გარეშე, მას რას ვერჩი <3

 

ამასთან დაკავშირებით, სანამ ჩემს დასკვნას შემოგთავაზებთ, საგანგებოდ, უნდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი რამ:

 

„ალდაგს“, მიმდებარე ტერიტორიაზე, ეყენა სულ ხუთი კამერა. აქედან, ორი, რომელიც, უშუალოდ, მელიქიშვილის გამზირს უცქერდა, მკვლელობის მომენტში, დაყენებული იყო ერთი მიმართულებით, ვაკისკენ.

 

დილეტანტსაც მოეხსენება, რომ კამერების უპირველესი დანიშნულება, ვითარებას ერთმანეთის საპირისპიროდ აკონტროლებდნენ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, როცა იქ გავიარე, კამერები, უკვე ისე იდგა, როგორც, ყველა წესით, უნდა იყოს, ანუ ერთმანეთის საპირისპიროდ!

 

რატომ ქნეს ასე? ჩემი აზრით, ამით მკვლელის სახეც დამალეს, „გიორგი ბარათელიც“ აღბეჭდეს და ხალხში, ალიბიც შეიქმნეს - ვინ სჩადის პოლიტიკურ მკვლელობებს კამერების წინ (ეს ის დროა, როდესაც ვიდეოთვალის ქონა ფუფუნებაა თბილისში)?!

 

სინამდვილეში, ხელში შეგვრჩა ნამდვილი მკვლელის აღნაგობა და ვისაც ბარათელი ერთხელ მაინც უნახავს, ყველასთვის ნათელია, რომ ეს ის არაა (მაგრამ ექსპერტიზა დასკვნას არ დებს და ამას ცალკე მოგიყვებით)!

 

რატომ ,,მოიპარეს“ + - 15 წუთი?

ჩემი აზრი ასეთი იყო და არის:

დაახლოებით, ეს დრო სჭირდებოდა მკვლელობის შემდგომი გეგმის შესრულებას, ნამდვილი მკვლელების სამშვიდობოზე გასვლას (ვგულისხმობ, სროლა-სროლით, შანიძეზე ავარდნას, მერე ხორავადან პეტრიაშვილისკენ გადახვევას, იქიდან ჩიხით კეკელიძეზე ჩასვლას) და ბარათელის ,,სცენაზე“ შემოყვანას (მკვლელობის ადგილზეც არა, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, შანიძისა და ხორავას ახლომახლო).

 

მებადება კითხვა - ის თუ იყო შესაძლებელი, რომ მკვლელობის მომენტში, კამერები ერთი მიმართულებით ყოფილიყო მიმართული, იმ კამერებზე, წინასწარ, სანამ მამაჩემი კადრში შემოვიდოდა, სასურველი დროს დაყენებას რაღა უნდოდა?

 

ჩემსავე კითხვას მე ვპასუხობ : მხოლოდ ერთი კაცი ,,ალდაგის“ შენობაში, პულტთან.

ეს ხომ ტექნიკურად, ტელეფონივით არის. უმარტივესია!

 

ეს ყველაფერი თუ ასეა, ტელეკომპანია „აჭარის“ მომენტი, უბრალოდ, გაეპარათ და არა იმიტომ, რომ არ იცოდნენ საინფორმაციო გადაცემა რომ არსებობდა. თითქმის, მთელი პრესა-ტელევიზია ერთ მუშტში ეჭირათ, გეხსომებათ კარგად.

 

უბრალოდ, აქცენტი მაინც 21.00 საათიან გამოშვებებზე - „P.S“-ზე და ,,დროებაზე“ კეთდებოდა.

 

წარმოიდგინეთ, რამდენიმე კაცი გეგმავს მკვლელობას, თვლიან ყველა დეტალს. წინ უდევთ გურამ შარაძის დეტალური განრიგი. იციან მისი სუსტი წერტილი - შვილი, რომელიც პირად ტრაგედიებშია. ამ შვილის ირგვლივ, ტრიალებენ დღე და ღამე და ზეპირად იციან მისი ცხოვრებაც.

 

ბრძანებაა - უნდა მოკლან ყველას თვალწინ, დემონსტრაციულად დახვრიტონ, თან ისე, რომ ფაქტებიც დადონ (რაც მერე ,,ალდაგის“ ფირების სახით დადეს), თან არ დადონ („ექსპერტიზისთვის უვარგისია“).

 

კვირა დღე და გიორგი ბარათელის პიროვნება ჯდება გეგმაში.

 

იციან, რომ კვირაობით, საღამოს, სადღაც 19,00 საათის შემდეგ, მამაჩემი ეროვნული ბიბლიოთეკიდან გამოდის და ფეხით მიდის შინ.

 

ყველა წუთის და მომენტის გათვლა შეუძლებელია, მაგრამ მეტ-ნაკლებად, ერთ კვირა დღეს არ გამოვა, მეორე კვირას გამოვა, თუ არადა მესამე კვირას…

 

მთავარია, გეგმა შესრულდეს:

მკვლელობა კამერების წინ, ამის შემდეგ, პირდაპირი ეთერით წივილ-კივილი და უკვე დადგენილი ვერსია გიორგი ბარათელზე, ხოლო პარალელურად - ჭორები, ჭორები, ჭორები!

 

მაყურებინეს, მაგრამ ფირებიდან კადრსაც არასდროს მომცემდნენ, როგორც აკეთებდნენ კიდეც და ბოლო-ბოლო, არ ეკიდათ ფეხებზე (ბოდიში საზოგადოებასთან) ?! ,,ეს ქალი ხომ გიჟია“?!

 

უკეთესი დასკვნა გამოძიებამ დადოს.

ფაქტია, რომ გურამ შარაძის ოფიციალურ მკვლელობამდე, ტელეკომპანია ,,აჭარის“ ჟურნალისტი, მკვლელობის ამბებს იუწყებოდა.

 

„ალდაგის“ ფირს არაერთხელ დავუბრუნდები.

 

(გაგრძელება იქნება)“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

„ეს ფოტოები გადაღებულია გურამ შარაძის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, მელიქიშვილის გამზირზე. ისინი, ვიდეომასალასთან ერთად, გიორგი მამაცაშვილმა მომცა, მკვლელობიდან მალევე.

 

 

 

 

თქვენ ხედავთ, პატრულის ცრუ მოწმე თანამშრომელს, რობერტ პანიევს როგორ მეთვალყურეობს შოთა ხიზანიშვილი, რამე ზედმეტი არ წამოცდეს.

 

ვიდეოებს შეგნებულად არ ვაქვეყნებ, უმძიმესი სანახავია…“ - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

big_banner
არქივი