logo_geo
როგორ დავწეროთ დიდი ქვეყნის შვილებივით...
- +

20 ნოემბერი. 2016. 03:02



(განხილვა დათო მაღრაძის პოეტური კრებულისა „უსადაურო")


ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების - იმავე ჟურნალ „ჩვენი მწერლობის" - თაოსნობით თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კედლებში დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებულის - „უსადაურო" - განხილვა გაიმართა.


შეხვედრა, რომელიც პოეზიის საღამოდაც იქცა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგემ, „კლუბ 93"-ის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა გახსნა, ვინც ის წლები გაიხსენა, ყოფილ 93-აუდიტორიაში გამართული დისკუსია-საღამოები, რომლებმაც არაერთ ახალგაზრდას გაუკვალა გზა დიდი ლიტერატურისაკენ. მათ შორის იგულისხმება დათო მაღრაძეც, ვისაც უშუალოდ კრებულის განხილვამდე უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარაშენიძე მიესალმა და საჩუქრად ამ კედლებში მომზადებული „ვეფხისტყაოსნისა" და „დონ კიხოტის" ახალი გამოცემები გადასცა.


შეკრებილებს დათო მაღრაძის პოეტურ სამყაროში ჯერ მაია ჯალიაშვილი შეუძღვა და აღნიშნა, რომ კრებული, ასეთი თითქოსდა უცნაური სახელწოდებით „უსადაურო", მკითხველს იმ გარემოს კარს უღებს, სადაც სახიერად იკვეთება დამოკიდებულებანი ცალკეულ მოვლენებთან, სამყაროსთან, დროსთან, რომელშიც ვცხოვრობთ. მისი თქმით, სათაური ეხმიანება რუსთველისეულ სენტენციას „სადაურსა სად წაიყვან" და უთუოდ გულისხმობს, რომ პოეტი მთელ სამყაროში არსებობს: მართალია, ის კონკრეტული ერისა და კულტურის შვილია, მაგრამ თავისი შემოქმედებით მთელ ქვეყნიერებას ელაპარაკება. ამის დასტურია ისიც, რომ დათო მაღრაძის პოეზიას კარგად იცნობენ და აღიარებენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.


ქალბატონი მაიას აზრით, ის გამორჩეული ხმის პოეტიც არის, რაკი თვალში მოგხვდებათ დამოკიდებულება სიტყვასთან - მისი არტისტიზმი, მოხდენილი ენობრივი თამაშები...


„ - იგი საკმაოდ ოსტატურად იყენებს ყველა ტრადიციულ და ნაცად ხერხს ჩვენს ლიტერატურაში. თუნდაც ეს სტილური მანერა, რასაც მისი მოსმენისას შევიგრძნობთ - თუნდ სიტყვის შუაზე გაწყვეტა და გადატანა - განსაკუთრებულ მუსიკალობას სძენს მის პოეზიას.


იგი ინტელექტუალი პოეტიც არის, რელიგიურ სივრცეებიდან თუ ანტიკური კულტურიდან ამოზიდული სიმბოლოებით, რომლებიც ერთგვარ კოდს უტოვებს მკითხველს გასახსნელად, ამ ყველაფერს კი თანამედროვე ელფერს სძენს დამოკიდებულება მშობლიურ ენასთან - თუნდაც ის ჟარგონები და ნეოლოგიზმები, რომლებიც არამცდაარამც არ არის თვითმიზნური და თავიანთ ფუნქციურობას იმითაც ადასტურებენ, რომ ენის პულსაციას შეაგრძნობინებენ მკითხველს".


უფრო ვრცლად კი კრებული როსტომ ჩხეიძემ მიმოიხილა და თავისი გამოსვლა პავლე ინგოროყვას ნაშრომთან გადაძახილით დაიწყო, რომლის ალუზიითაც დაუსათაურებია საკუთარი მოხსენება: „დათო მაღრაძე. პოეტი. მოგზაური". კრებულის ავტორს იგი დესპანად მოიაზრებს ქართული ლიტერატურისა დანარჩენ მსოფლიოსთან, და ისევე როგორც პავლე ინგოროყვა არ უშვებს ხელიდან ხელსაყრელ შემთხვევას, კვალში ჩაუდგეს წინარენესანსული ხანის პოეტსა და მოგზაურს იმ ეპოქის ცივილიზებული სამყაროს წარმოსახვისათვის, ასევე როსტომ ჩხეიძეც მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ფეხდაფეხ მიჰყვეს დათო მაღრაძის ყოფით და სულიერ ოდისეას, პოეტისა, რომელიც ხელშესახებად განაცდევინებს მკითხველს იმ საზოგადოებრივ-კულტურულ რეალობას, რა ფონზეც მიიკვლევს გზას საქართველოს სახელმწიფო თავისი ადგილის დასამკვიდრებლად საკაცობრიო ცხოვრებაში; მომხსენებელმა განსაკუთრებით ის სატკივარი წამოწია, ჩვენი ქვეყნიდან გასული ახალგაზრდობა ახალმოწესეთა ნიღბით რომ მოვლენია სამშობლოს და ეროვნული მისწრაფებანი, თავგანწირვა რაღაც მიწის ნაგლეჯისადმი - საქართველოდ სახელდებულის - გაუგებარ ერთგულებად მიაჩნიათ; ლიბერალი გლობალისტები ხომ იმავეს იმეორებენ, რასაც საუკუნის წინათ სჩადიოდნენ სოციალისტი გლობალისტები.


„არაფერია ახალი ამ ცისქვეშეთში.


და კვლავინდებურად თავიანთი მისია აქვთ პოეტებსაც, მისია, რომელიც ვითარებისდა კვალობაზე ხან მკვეთრად იჩენს ხოლმე თავს და ხანაც თვალს მიეფარება, ამჟამად სწორედ სიმკვეთრეს რომ მოითხოვს მათგან, დაბეჯითებას, წამდაუწუმ შეხსენებას მოვალეობისა უკიდურესად გამწვავებულ პოლიტიკურ სინამდვილეში, იმ ჭეშმარიტების შეგონებას, რომ პატრიოტზე დიდი კოსმოპოლიტი არ არსებობს და ვერც იარსებებს და მსოფლიო მოქალაქე ისაა და მხოლოდ ის, თავისი ქვეყნისათვის ვისაც გადაუდევს თავი.


რასაც ირწმუნება ვაჟა-ფშაველას პოლიტიკური ესეი „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი. რასაც ირწმუნება მიხაკო წერეთლის მონოგრაფია „ერი და კაცობრიობა". და რასაც ირწმუნება ბუნებრივი მდინარება ჩვენი ცხოვრებისა, შემღვრეული ნაკადებიც უხვად რომ ერთვის და... ვაითუ ისე იძალონ ამ ნაკადებმა, ბუნებრიობა ხელოვნურობას დაერქვას, თვითონ ბუნებრიობა კი სადღაც გაირიყოს, გაირიყოს და... სულაც ხელში ჩაგეფშხვნას".


ბატონი როსტომიც უტრიალებს თავის მოხსენებაში დათო მაღრაძის სიტყვათთამაშსა თუ მხატვრულ ეკვილიბრისტიკა-აბრუნდებს და კრებულის სახელწოდებაში განტოტვილ განწყობილებებს, უსადაურობისა და უსათაურობის მონაცვლეობით რომ უნდა განგაცდევინოს მცირერიცხოვანი ხალხის შვილის ყოფა, მოქცეული მსოფლიო მღელვარებებში, და უსათუოდ გამთლიანდეს ერთი ღერძის გარშემო, როგორც იმ მთავარი ძარღვის თავისთავადი წახნაგები, პოეტური მისიის სულისკვეთებას რომ განსაზღვრავს.


ერთ-ერთ ამოსავლად კი ამ პოეტური სამყაროს შესაგრძნობად და შესაცნობად მოიხმო ის სტრიქონები, პოეტის მხატვრულ მრწამსს ხელშესახებად რომ წარმოაჩენს.

წვიმს და ვეხები

სავსე მკერდს მკერდით

და ვთლი სალამურს ლერწმის ღეროდან,

...შენ დიდი ქვეყნის შვილივით წერდი,

რადგან ამ ვიწრო ქუჩის გჯეროდა.


დათო მაღრაძის პოეზიის მრავალმხრივობის შესახებ შეხვედრაზე სხვა გამომსვლელებმაც ისაუბრეს და მისი შემოქმედების მნიშვნელობაც განსაზღვრეს ქართულ ლიტერატურულ პროცესებში. მათ შორის იყვნენ: მარინა ტურავა, თემურ ქორიძე, ეთერ თათარაიძე, პაატა ჩხეიძე, ამირან გომართელი და უნგრელი მთარგმნელი ჰაინალქა ბაბირაქი, ვინც მისი პოეზიის ცალკეული ნიმუშებიც წაიკითხა უნგრულ ენაზე.


შეხვედრის ბოლოს დათო მაღრაძემ მადლობა გადაუხადა შეკრებილებსა და ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მისი წიგნების წარდგინება არაერთხელ გამართულა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, მაგრამ პირველად განიხილეს ასე დეტალურად და პროფესიულად, ჭეშმარიტი კრიტიკულ-ესთეტიკური აზროვნების შესაფერისად.


რაც შეეხება მის მიერ წაკითხულ ლექსებს, უნდა ითქვას, რომ დათო მაღრაძე ჩინებული დეკლამატორიც არის და ამ ხელოვნების წყალობით კიდევ უფრო ახლოს მოაქვს მსმენელამდე ლექსის მრწამსიც, სახეობრიობაც და მუსიკალურობაც.


 

 

 

წყარო: medianews.ge

 

 

 

right_banner big_banner
არქივი