logo_geo
თეა ფირცხალავა: დღეს ჩვენი ბავშვობის კიდევ ერთი გამლამაზებელი დაიბადა...
- +

25 იანვარი. 2019. 13:14

 

დღეს ჩვენი ბავშვობის კიდევ ერთი გამლამაზებელი დაიბადა...

 

1832 წლის 25 იანვარს დაიბადა უდიდესი რუსი მხატვარი–პეიზაჟისტი, ფერმწერი, გრავიორი და ოფორტისტი ივან შიშკინი, რომელსაც „ტყის მომღერალს“ ეძახდნენ... იყო კიდეც, თუ მის შედევრებს გადახედავთ. არ მეგულება ჩემი თაობის არცერთი ადამიანი, ვინც არ იცნობს მის ნახატს „დილა ფიჭვის ტყეში“ და არ შეყვარებია ხეებზე შემძვრალ-მორბენალი მხიარული დათუნიები... ახლა ნუ მომიყვებით ამ ნახატის ისტორიას სავიცკის თანაავტორობაზე... ზუსტად არავინ იცის, როგორ იყო... შურიანები ყველა დროში არსებობდნენ... მასე თუ მივყევით, დიდ ჭაბუა ამირეჯიბსაც „წამლავდნენ“, ესაოდა, „დათა თუთაშხია“ სხვამ დაწერაო... ჩემთვის ეს ნახატი მხოლოდ შიშკინის შედევრია და, ბოლო-ბოლო, ეს სტატუსი არ არის სამეცნიერო ნაშრომი, რომ ყველაფერი დავწერო, ეს უბრალოდ დიდი მხატვრის მოგონებაა... ჰოდა, იმას ვამბობდი... გახსოვთ, რა ლამაზი იყო გობელენზე გადატანილი შიშკინის დათუნიები, ან ჩვენი საყვარელი ნუგბარი „დათუნია“ შოკოლადი, რომლითაც დღესაც პირს ვიტკბარუნებთ, რატომღაც, მაინცდამაინც ახალი წლის დღეებში, საცივისა არ იყოს, ვითომ სხვა დროს ვინმე გვიშლის ჭამას... ჰოდა, იმ „დათუნიების“ შიშკინს და ჩვენს ბავშვობას ვიხსენებ...

 

შიშკინის ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექცია დაცულია ტრეტიაკოვის გალერეაში და რუსულ მუზეუმში.

 

66 წლის ივან შიშკინი, რომელიც არასოდეს უჩიოდა ჯანმრთელობას და გოლიათსაც კი უწოდებდნენ, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა 1898 წელს - მოლბერტთან მჯდომი... ალბათ, ყველა დიდი ხელოვანი ინატრებდა მასეთ სიკვდილს... პირადად მე ბევრჯერ მსმენია, თუ სიკვდილი მოვა, მირჩევნია, სცენაზე მოვკვდეო, როგორც ჩვენი დიდი გიორგი ცაბაძე გარდაიცვალა სცენაზე სიმღერის დროს, ან ჩემი თემურ მახარაძე - გულიდან ამოხეთქილი „ყვავილების ქვეყნის“ შესრულების შემდეგ... ჰოდა, შიშკინიც ხატვისას მოკვდა, მის ბოლო ტილოს „ტყის სამეფოს“ ხატავდა. ცხოვრების მანძილზე იმდენი უსიამოვნება შეხვდა, რომ გული გაუსკდა. იგი დაკრძალულია სანქტ–პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრის ტიხვინის სასაფლაოზე, სადაც მისი ძეგლია აღმართული.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი