logo_geo
თეა ფირცხალავა: 1923 წლის 30 იანვარს ლეონიდ გაიდაი დაიბადა
- +

30 იანვარი. 2019. 13:02

 

 

რუსოფობებო ყველა ერისა, შეერთდით!!! სწორდით! სმენა! და... ივან ვასილიჩის

სამეფოსკენ ნაბიჯით იარრრრ! დღეს იქ დიდი ზეიმია, სამეფოს დამაარსებლის დღეობაა.

 

1923 წლის 30 იანვარს, ძალზე „შინაარსიანი“ სახელის მქონე ქალაქ სვობოდნიში, ანუ, ჩვენებურად, „თავისუფლებაზე“, დაიბადა დიდი რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი, სსრკ სახალხო არტისტი, რუსული კინოს კლასიკოსი და სახალხო კომედიის შემქმნელი, მილიონობით ადამიანის, მათ შორის ყველაზე „გაუცინარი ხელმწიფეების“ გამცინებელი კომედიებისა და პერსონაჟების ავტორი, მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი მეტრი და მოკლედ – კომედიის მეფე ლეონიდ გაიდაი. „იმ“ ეპოქაში გამეფებული საშინელი ცენზურის დროსაც კი ეს კაცი, როგორც ყველა „სხვანაირად“ ნიჭიერი ადამიანი, საოცრად თავისუფალი იყო... როგორ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს არ ახსოვდეს მისი ფილმები და იქიდან „ამოფრენილი“ ფრაზები, რომლებიც დღესაც ცაში ლივლივებენ: «цигель-цигель ай-лю-лю», „не виноватая я, он сам пришел“, „Руссо туристо, облико морале“, „бамбармия кергуду!“, „шляп сними“, „Поскользнулся, упал, очнулся, гипс“ და მრავალი სხვა... ამ ფრაზების გახსენებაზე ნორმალურ ადამიანს „სულელივით“ ეცინება, რადგან უყვარს გაიდაის ფილმების გმირები და სულაც არ აინტერესებს მათი ეროვნება... შედევრს არც ეროვნება აქვს და არც გეოგრაფია... „მორჩა კინო“, როგორც მიმინო იტყოდა...

 

ჰოდა, დღეს ივან ვასილიჩის სამეფოში დიდი დღეა, მაგიდაზე ჩიტის რძე „Да, заморская икра – баклажанная“–იაც არ აკლია... აუ, რა მაგარია ამის გახსენება... ამბობენ, რომ გაიდაი საშინელი ცრუმორწმუნე იყო – შავი კატების მისტიურობის სწამდა და მიაჩნდა, რომ მათ კარგი ბედი მოჰქონდათ... უი, ჩვენი აბეზარას სიმღერა გამახსენდა: „ამბობენ, რომ შავი კატა მოგიტანსო ზიანს, შენ კი ბედი გამინათე, ჩემო ფისუნია….“ ეტყობა, მოსმენილი ჰქონდა დიდ რეჟისორს. ჰოდა, მასაც „სჯეროდა“ აბეზარასი და ყველა ფილმში სამახსოვრო როლს აძლევდა შავ კატას. კიდევ ერთი სისუსტე ჰქონდა გაიდაის – აზარტული თამაშები. მის ფილმში „დერიბასოვსკაიაზე კარგი ამინდია...“ არის კაზინოს სცენა, რომლის გადაღებაც მიდიოდა ნიუ–ჯერსის შტატში – დონალდ ტრამპის კაზინოში „ტაჯ მაჰალი“. ამბობენ, რომ აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა, თურმე, თავად ითხოვა ფილმში გადაღება, მაგრამ გაიდაიმ უარი უთხრა... არც ტრამპის ეს ქცევა გამკვირვებია და არც გაიდაისი, რადგან თავის ცოლსაც კი არ ათამაშებდა „ჩაწყობით“... ამ ფილმის ბოლო ტიტრებში გადამღები ჯგუფი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს და კაზინოს პერსონალს გადაღებებში დახმარებისთვის.

 

დალოცვილო რუსოფობებო, დასხედით და ფობიების გარეშე უყურეთ შედევრებს, მიიღეთ სიამოვნება, შეირგეთ... მაგრამ სად გაქვთ მაგის ერთი ადგილი? გაიდაი და მასავით გენიოსები მაინცდამაინც პუტინის ბიძაშვილ–მამიდაშვილები გგონიათ, ან, მინიმუმ მისი აგენტები, დროის და ეპოქის მიუხედავად...

 

ლეონიდ გაიდაი გარდაიცვალა 1993 წელს, ხოლო მისი ფილმების უზომოდ კეთილი იუმორი და ფრთიანი ფრაზები მსოფლიოს უვლიან... იუმორი საზღვრების გარეშე და დროის მიღმაა...

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი