logo_geo
მემატიანეთა შეცოდებანი, ანუ როგორ მოიკლა ვახტანგ გორგასალი
- +

31 იანვარი. 2019. 17:40

 

 

 

გოგლა ლეონიძეს უჯარმასთან ახლოს მოხუცი გლეხების ნაამბობი ჩაუწერია, რომელთაც წინაპართაგან სმენოდათ, რომ ვახტანგ მეფის მკვლელი ჯავახი, ანუ ქართველი ცეცხლთაყვანისმცემელი იყო.

 

როგორც წესი, ყველა დიდი ქართველი მეფის ცხოვრება-მოღვაწეობას მრავლად ახლავს ლეგენდები. ზოგჯერ ისეთი დაუჯერებელი ამბები მიეწერებათ მათ, ძნელი ხდება სიმართლესთან თუნდაც მიახლოებული ვერსიის დადგენა. ყველა მემატიანე ხომ მაინც სათავისოდ ჭრის და კერავს ისტორიას.

 

გამონაკლისი არც ვახტანგ გორგასალი გახლავთ. ყველაზე ვრცლად მის ცხოვრებას მეისტორიე ჯუანშერი გადმოგვცემს. მაგრამ, როგორც თანამედროვე მეცნიერებმა დაადგინეს, ჯუანშერი ხშირად სცოდავს, ფაქტებს ურევს, ხოლო მის მიერ მოწოდებული რიცხობრივი მონაცემები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგალითად, ოსეთში ვახტანგის ლაშქრობის შესახებ ასეთ ცნობას გვაწვდის:

 

„შემოიკრიბა საქართველოს სპა ასი ათასი მხედარი და სამოცი ათასი ქვეითი. გამოგზავნა აგრეთვე ვარაზ ბაკურმა თავისი სპა თორმეტი ათასი მხედარი. შეუერთდნენ მას კავკასიელი მეფეები ორმოცდაათი ათასი მხედრით, წარემართა ღვთის სახელით და განვლო დარიალანის კარი...“

 

ჯუანშერი, ქართველი ისტორიკოსი, რომელსაც, „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, მიეკუთვნება ამ კრებულში შესული თხზულება „ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა“, და შესაძლოა, „წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი“.

 

არადა, ამ რაოდენობის სამხედრო კოლონა კავკასიონის ვიწროებში იმხელა მანძილზე გაიჭიმებოდა, რომ, როცა მეწინავენი ოს-ალანთა სანახებს მიაღწევდნენ, ლაშქრის ბოლო ისევ საქართველოს ტერიტორიაზე იქნებოდა.

 

კიდევ უფრო ზღაპრულ ციფრებთან გვაქვს საქმე 502 წელს ირანის შაჰ კავადის შემოსევის აღწერისას. ჯუანშერის მონაცემებით, სპარსთა ლაშქარი 740 000 მეომარს ითვლიდა,  ხოლო ქართველთა — 240 ათასს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე სპას ერთი ამდენი ცხენიც ახლდა, ყოვლად წარმოუდგენელია, ამ რაოდენობის ლაშქარი დღევანდელი სამგორის მიდამოებში დატეულიყო.

 

გამომდინარე ამ უზუსტობებიდან, ვერაფრით მოხერხდა დიდი მეფის გარდაცვალების ზუსტი სურათის აღდგენაც. თანამედროვე მეცნიერები თანხმდებიან, რომ ვახტანგს ისრით მიყენებული ჭრილობა გაუმიზეზდა და ამის მსხვერპლი შეიქნა, მაგრამ სად, ვის წინააღმდეგ ბრძოლაში და ვის მიერ ნასროლი ისრით დაიღუპა ქართველთა გოლიათი მეფე, დაუდგენელია.

 

თუმცა, ვერსიები მრავლად არსებობს და ახლა სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.

 

„უწყებულება ქართლის მეფეთა შესახებ“ მოკლედ მოგვითხრობს, რომ ვახტანგი „მოიკლა სპარსთა ბრძოლასა შინა მონაყოფილისაგან მისისა“, რომელსაც სცოდნია, რომ ვახტანგის ჯაჭვის პერანგს იღლიასთან ნარღვევი ჰქონდა. როდესაც ბრძოლის დროს მეფემ „ამართა ხმალი დასაკრავად, მონამ ბოროტმა ჰკრა ისარი იღლიასა ქვეშე და მით მოკლა“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცნობა, რომლის მიხედვითაც გამოდის, რომ ვახტანგი მოუკლავს მისსავე ყოფილ სპარს მონას,  გახლავთ ქრონოლოგიურად ყველაზე ძველი.

 

მეისტორიე ჯუანშერი კი გვამცნობს, რომ სპარსელებთან ბრძოლისას ვახტანგ მეფე შაჰის კარავში შეიჭრა. კავადმა კი  გაასწრო, მაგრამ მის ძეს, ბარტომს  ვახტანგმა მოკვეთა თავი. სწორედ  მაშინ „მუნ შინა სპარსმან ვინმემ სცა ისარი მკერდსა ვახტანგისასა“.

 

ჯუანშერი აქ ორმაგად სცოდავს, რადგან, გარდა იმისა, რომ ერთმანეთში ურევს ორი ბრძოლის ფაქტებს, სხვა ისტორიული წყაროებით, ირანის შაჰის ასეთი მასშტაბური ლაშქრობა საქართველოში არც დასტურდება. მით უმეტეს, რომ ვახტანგს იმ დროს კარგი ურთიერთობა ჰქონდა სპარსთა შაჰთან.

 

„მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკა, რომელიც ყველაზე უფრო სწორედ გამოხატავს იმ დროის ქართლის ცხოვრებას, არაფერს ამბობს ვახტანგის სიკვდილის მიზეზის შესახებ. ერთი რამ უეჭველია, ვახტანგის სიკვდილი ვინმე  მონის ხელით იმდენჯერ მეორდება და იმდენ წყაროში, რომ აშკარად ნამდვილ ამბავს უნდა წარმოადგენდეს.

 

ამ საკითხზე სხვა მოსაზრება აქვს  ფარსადან გორგიჯანიძეს, რომელიც შემდეგს გვიამბობს: ყივჩაღეთიდან დარუბანდის გზით თურქების დიდი ულუსი გადმოსულა, რომელსაც შირვან-არანი დაურბევია და ალაზნისა და ივრის ნაპირებამდე მოუღწევია. იქ მათ ვახტანგ მეფე დახვედრია და რამდენჯერმე სასტიკადაც დაუმარცხებია. ამის მერე თურქები აღმოსავლეთით გადმოსვლას ვეღარ ბედავდნენ, თუმცა კი ჯავრი ჩაუდიათ გულში. ერთხელაც ვახტანგ მეფის ამალას ჩამორჩენილი მეჯინიბე ჩაუგდიათ ხელში და უკითხავთ, ასეთი რა ჯაჭვის პერანგი აქვს თქვენს მეფეს, რომ ვერანაირი ისარი მასში ვერ აღწევსო? და  ამასაც დაუფქვავს:

 

„ქართველნიც გაკვირვებულან ამ ჯაჭვის სიმაგრისა, მაგრამ ვერა გაუგიათ რა, გინდა ის ჯაჭვი წყალში იდვას, გინდა ტალახში სამუდამოდ ეგდოს, არც ჟანგი მოეკიდების და არც ფერს იცვლის და არცა სული აქვს რკინისა, მაგრამ მეფის მრავალჯერ ჩაცმისაგან ორგნით იღლიები ოფლს წაუხდენია, მეფესაც იქიდან ერიდების“.

 

თურქებს საუკეთესო ჩუბინები აურჩევიათ და ივრის ჭალაში ჩაუსაფრებიათ, თავად კი გარეჯის მიდამოებს შესევიან. ვახტანგ მეფე მალევე გამოჩენილა და გათავხედებულ თურქებს დარევია:

 

„მეფემან მარტომან მრავალნი თურქნი ცხენისაგან გარდმოყარა, ზოგნი დახოცა, ზოგნი გაიქცეს, მიწევაში მეფეს იღლიას სამი ისარი ჰკრეს და ჯაჭვი გაუტეხეს, ძალზედ დაჰკოდეს და ისრის მსვრელნი თურქნი მეფის ყმებმან დახოცეს და მეფე დაჭრილი უჯარმას მოვიდა და მრავალს ეცადნეს და ისრის პირი ამოართვეს და მრავალი წამალი უყვეს, მაგრამ ურგები იყო წამალი და ამ დაკოდილობით მიიცვალა და ხელმწიფურის წესით მცხეთას თავის აგებულს მონასტერში საფლავს მიიღეს კარგის წესითა“.

 

ქართველ მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აქ ნახსენები თურქები უფრო ხაზარები უნდა იყვნენ, რომლებიც ხშირად გადმოდიოდნენ დარუბანდის მხრიდან სამხრეთში. ფარსადან გორგიჯანიძეს ეს ცნობა რომელიღაც სპარსულ ანალებში აქვს ამოკითხული, რაც თავისთავად საყურადღებოა.

 

სხვათა შორის, პოეტი გოგლა ლეონიძეც დაინტერესებულა ამ ამბით და უჯარმასთან ახლოს მოხუცი გლეხების ნაამბობი ჩაუწერია. ამ გლეხებს წინაპართაგან სმენოდათ, რომ ვახტანგ მეფის მკვლელი ჯავახი, ანუ ქართველი იყო, ხოლო წერილობით წყაროებში სპარსად იმიტომ იხსენიება, რომ ცეცხლთაყვანისმცემელი უნდა ყოფილიყო.

 

როგორც ჩანს, ის გარემოება, რომ მკვლელი ცეცხლთაყვანისმცემელი იყო და არა ქრისტიანი, საფუძვლად დაედო ვერსიას, რომ ვახტანგ გორგასალი სპარსელებთან ომში დაიჭრა სასიკვდილოდ.

 

გაჟღერებულა ისეთი ვერსიაც, რომ თითქოს ვახტანგი სასიკვდილოდ შეთქმულებს დაუჭრიათ. გამომდინარე იქიდან, რომ თავად  საუცხოო მეომარს ამალაც შესაფერისი ჰყავდა, მეფის მოკვლა ძნელი საქმე იყო. მაშინ ამ საქმის შესრულება იკისრა მისმა ყოფილმა მონამ  ან მონობიდან გათავისუფლებულმა ჯავახმა, ყოფილმა თუ მოქმედმა  მეაბჯრემ, სარწმუნოებით ცეცხლთაყვანისმცემელმა, რომელმაც იცოდა, რომ ვახტანგის ჯაჭვის პერანგი იღლიის ქვეშ გახსნილი იყო. განზრახვა მან სპარსელებთან თუ ხაზართა ულუსთან შეტაკებისას შეასრულა, როდესაც ვახტანგმა ხმლის დასაკრავად მკლავი მოიქნია.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, რა მოხდა სინამდვილეში, ძნელი სათქმელია, ვინაიდან მემატიანეთა ცნობებში საერთოც არის და განსხვავებულიც.

 

სანამ წერილის წერას დავასრულებ, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ მონათხრობს ნამდვილად არ აქვს მეცნიერული ნაშრომის პრეტენზია. უბრალოდ, შევეცადე, პოპულარული ენით გადმომეცა ჩემთვის ხელმისაწვდომი ფაქტები, რომლებიც, ჩემი აზრით, საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი