logo_geo
31 იანვარს სერგეი ტრეტიაკოვი დაიბადა
- +

31 იანვარი. 2019. 12:27

 

 

 

1834 წლის 31 იანვარს დაიბადა უდიდესი რუსი მეწარმე, მეცენატი და კოლექციონერი სერგეი ტრეტიაკოვი, რომელიც უფროს ძმასთან – პაველ ტრეტიაკოვთან – ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოლექციის მქონე „ტრეტიაკოვის გალერეის“ დამფუძნებელი გახლდათ.

 

ამბობენ, რომ სერგეი ძმაზე უფრო გავლენიანი იყო და აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ–საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი ქალაქ მოსკოვის თავი გახდა და იმ პერიოდში დიდძალი შემოწირულობები შეაგროვა და გაიღო რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილე ჯარისკაცებისთვის. ამასთან, იგი დაჟინებით მოითხოვდა განათლების ხარჯების გაზრდას, რაც ნებისმიერი სახელმწიფოს ძლიერების ამოსავალია.

 

ტრეტიაკოვის გალერეაში დაცული შედევრების სანახავად სრულიად მსოფლიოს მილიონობით დამთვალიერებელი ჩადის მოსკოვში. გალერეის შექმნა ძმებმა ერთად დაიწყეს და 25 წლის განმავლობაში უზარმაზარ კოლექციას მოუყარეს თავი. პაველ ტრეტიაკოვი ძირითადად რუსი მხატვრების ტილოებს იძენდა, ხოლო სერგეი ევროპელი მხატვრებით იყო გატაცებული. ძმების კოლექციაში იყო რეპინის, პეროვის, სეროვის, რერიხის, სავრასოვის, რუსსოს, კორროს, ბრეტონის, დელაკრუას, ჟერიკოს და სხვათა შედევრები. 1856 წელს სერგეის უფროსმა ძმამ პაველ ტრეტიაკოვმა დააფუძნა გალერეა, რომელსაც 1867 წლიდან ეწოდა მოსკოვის სამხატვრო გალერეა, ხოლო 1892 წელს, სერგეის მოულოდნელი გარდაცვალების შემდგომ, ტრეტიაკოვების უნიკალური კოლექცია პაველმა კუთვნილებაში გადასცა ქალაქ მოსკოვს. იმავე წელს ქალაქის დუმამ დაადგინა, რომ მიეღოთ ძმები ტრეტიაკოვების საჩუქარი, რისთვისაც პაველს მადლობა გადაუხადეს. მაშინ მუზეუმს ეწოდა „ძმები ტრეტიაკოვების საქალაქო გალერეა“, დღეს კი ამ მას „ტრეტიაკოვების სახელმწიფო გალერეა“ ჰქვია.

 

სერგეი ტრეტიაკოვი გარდაიცვალა 1892 წელს, სანკტ–პეტერბურგში. იგი მოსკოვში გადაასვენეს და დანილოვის მონასტრის ნეკროპოლში დაკრძალეს. დღეს კი ძმები გვერდიგვერდ განისვენებენ ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

 

აქვე გეტყვით, რომ სერგეის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში პაველმა სთხოვა რეპინს, რომ ძმის პორტრეტი მისი ფოტოს მიხედვით დაეხატა. რეპინმა სერგეის პორტრეტი 1895 წელს შექმნა.

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი