logo_geo
1915 წლის 3 თებერვალს ბორის პაიჭაძე დაიბადა
- +

3 თებერვალი. 2019. 12:34

 

 

ბოლო დროს საკუთარ თავს ვატყობ, რომ ძალიან გავფეხბურთდი და თვალიც მეპარება ხოლმე ანდრიას ბურთისკენ...

 

აბა, სხვა რა გზა მაქვს, როდესაც ვიგონებ ჩვენს საოცარ ფეხბურთელებს, იმდენ ლამაზ თვისებას ვპოულობ მათში, რომ მეც მინდა, ცხოვრებაში ერთი ლამაზი თერტმეტმეტრიანი შევაგდო ან გავიტანო.

 

სწორედ დღეს კი, 1915 წლის 3 თებერვალს, ჩოხატაურის სოფელ ონჭიკეთში დაიბადა „ფეხბურთის კარუზო“, როგორც მას ეძახდნენ, საქართველოში ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად აღიარებული ბორის პაიჭაძე...

 

ბორისმა ფეხბურთის თამაში დაიწყო 15 წლის ასაკში, როდესაც სწავლობდა ფოთის საზღვაო ტექნიკუმში... იმ დროს, ფოთის ნავსადგურში ჩერდებოდნენ გემები ინგლისიდან და მეზღვაურები, შესვენების დროს, თამაშობდნენ ფეხბურთს ფოთის ახალგაზრდებთან...

 

ინგლისელები მიდიოდნენ, ფოთელი ბიჭები კი ფეხბურთს მაინც თამაშობდნენ, ნაჭრებისგან შეკოწიწებული ბურთებით... ბორისიც გაიტაცა ამ ახალმა თამაშმა... კარგად გამოსდიოდა და ცოტა ხანში ფოთის გუნდის თავდამსხმელი გახდა...

 

ამ დროისთვის მან დაამთავრა ტექნიკუმი, II კლასის მექანიკოსის დიპლომით და სამსახური დაიწყო გემზე „ტენდა“, შემდეგ კი, ტანკერ „მეტალისტზე“.

 

ერთხელაც, ინგლისში მივლინების წინ, ბორისს მოუვიდა დეპეშა ფოთიდან, რომელიც იუწყებოდა, რომ მამა მძიმედ დაავადდა...

 

ბორისიც ინგლისის ნაცვლად, გაემგზავრა ფოთში და დახვდა სრულიად ჯანმრთელი მამა. აღმოჩნდა, რომ დეპეშა გაუგზავნა მისი საფეხბურთო გუნდის წევრმა, რადგანაც იგეგმებოდა ფოთის ნაკრების შეხვედრა ბათუმის ნაკრებთან და ბორისის გარეშე, მისი გუნდი ვერ მოიგებდა...

 

ფოთელებმა გაიმარჯვეს, ანგარიშით - 2:1... ორივე გოლი შეაგდო ბორის პაიჭაძემ... და მაშინ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი გამოვიდოდა...

 

დიდი ხნის განმავლობაში არავინ არ იცოდა, ვინ იყო ამ დეპეშის ავტორი. ის გამოტყდა მოგვიანებით. თურმე ეს დეპეშა ბორიასთვის მის თანაგუნდელ კაკო (კალისტრატე ) იმნაძეს გაუგზავნია...

 

სპორტში წარმატებებისთვის, ფოთის ნაკრები, ბორისის თამადობით, ჩარიცხეს ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში...

 

1935 წელს უკვე „გასტუდენტებული“ ფოთელი ფეხბურთელები ჩავიდნენ მოსკოვში და გახდნენ საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასწავლებლების საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულები. სხვათაშორის, მოუგეს იმ დროისთვის ყველაზე ძლიერ - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს. თურმე, ყოველი თამაშის დროს, მათ გასახდელში შედიოდა სერგო ორჯონიკიძე და გამარჯვების შემდეგ, ფოთელებს ველოსიპედები აჩუქა...

 

ბატონი ბორისი იხსენებდა იმდროინდელ სასაცილო ეპიზოდს... ერთხელ ფოთის გუნდს მოუხდა თურქეთის დროშის ეგიდით თამაში, თანაც უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ... თურმე, იმ დროს თურქეთის ნამდვილი ნაკრები იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში და მოლაპარაკების მიხედვით, მოსკოვის თამაშის შემდეგ, უნდა ჩასულიყო ოდესაში, მაგრამ ვერ მოასწრო. ფოთელი ფეხბურთელები კი იქვე, სევასტოპოლში იყვნენ და მათ სთხოვეს, ეთამაშათ „თურქი ფეხბურთელების“ როლი... ისინი დასთანხმდნენ, მაგრამ რას წარმოიდგენდნენ, რომ ოდესის სტადიონის ტრიბუნებზე იქნებოდნენ ფოთელი მეზღვაურები, რომლებიც მათ კარგად იცნობდნენ. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ტრიბუნებიდან გაისმა გაკვირვებული ფოთელების ხმები - „ეფრემ, ვის დაუტოვე ფოთში ცოლ-შვილი, თუ ისინიც გაათურქე“? „ლადო, ჩემი ვალი გაქვს - 20 რუბლი, ლირებში დამიბრუნებ, თუ რუბლებში?“ ოდესის გამჭრიახე მაყურებელი უცებ მიხვდა, რაში იყო საქმე... ჯერ გაბრაზდნენ, მერე სიცილი აუტყდათ და როცა „ფოთელმა თურქებმა“ წააგეს - 2:3, - აპატიეს.

 

ფეხბურთში საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატის ზღურბლზე, ბორის პაიჭაძე მიიღეს თბილისის „დინამოში“. 1936 წლიდან დაიწყო მისი ტრიუმფალური სვლა ფეხბურთის მწვანე მოედნებზე... თავისი კარიერის 15 წლის განმავლობაში, ბორის პაიჭაძემ ჩაატარა 181 თამაში, გაიტანა 105 ბურთი...

 

ის ცხოვრობდა ფეხბურთით... თანაც წყნარად და ნიჭიერად, ყოველგვარი პოზიორობის გარეშე, ასრულებდა თავის საყვარელ როლს...

 

აღსანიშნავია, რომ მის ქებაში იყვნენ არა მხოლოდ მისი მწვრთნელები და ურიცხვი თაყვანისმცემლები, არამედ მოწინააღმდეგეებიც...

 

საფეხბურთო ჟურნალისტიკის მეტრი, ლევ ფილატოვი იხსენებდა - „ ბორისს ენდობოდნენ, რადგანაც ის მართლა სანდო ოყო. ყველაფერი, რასაც ის მოედანზე აკეთებდა, იყო გააზრებული და მიზანდასახული. მისი „დრიბლინგი“ ემსახურებოდა მხოლოდ შეტევას და არა პირად სიამოვნებას და ამით ის წინ უსწრებდა თავის დროს. მის სახელთან არის დაკავშირებული ახალი ამპლუა - „მოხეტიალე ფორვარდი“; ანუ ის, ვინც თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელ მოედანზე... ბორის პაიჭაძე იყო მოხდენილი, სწრაფი და დაჯილდოებული ძლიერი და ზუსტი დარტყმით.

 

მაგრამ მთავარი იყო მისი კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება - ის არა მხოლოდ ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო - ის იყო ნამდვილი ჯენტლმენი, პატიოსანი, კორექტული, კეთილშობილი, თანაც იმდენად, რომ სირცხვილი იყო მის წინააღმდეგ გეთამაშა უხეშად ან უპატივცემულოდ... იშვიათად, მაგრამ როცა ასეთი რაღაც მაინც ხდებოდა, ბორისი არასდროს არ აძლევდა თავს უფლებას, უხეშობაზე უხეშობით ეპასუხა“.

 

სწორედ ასეთმა უხეშობამ დაასრულა ბორის პაიჭაძის საფეხბურთო კარიერა. მოწინააღმდეგემ მას მიაყენა ფეხის ტრავმა და 35 წლის ასაკში ბორისმა დატოვა დიდი ფეხბურთი...

 

მაგრამ ფეხბურთი ადამიანს არასდროს არ ტოვებს, როგორც სიყვარულის ვირუსი...

 

ბატონი ბორისი ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტკომიტეტს... შემდეგ კი თბილისის „დინამოს“ სტადიონის დირექტორი იყო, რომელსაც დღეს მისი ქანდაკება ამშვენებს და მისი სახელი...

 

სხვათაშორის, როდესაც თბილისის „დინამოს“ მწვრთნელობა შესთავაზეს, თავიდან დათანხმდა, მაგრამ ცოტა ხანში უარი განაცხადა... ასე ბრძანა - „იყო კარგი ფეხბურთელი, სულაც არ ნიშნავს, იყო კარგი მწვრთნელიო. ეს სხვადასხვა სპეციალობებიაო“...

 

აი, ასეთი ღრმა და სხვანაირად ბრძენი კაცი იყო...

თბილი, გულღია და გულწრფელი...

 

პატარა რომ ვიყავი და „ძალიან დილა მშვიდობებს“ ჯერ არ ვწერდი, ბატონი ბორისის სახელი მახსოვს მამიკოსგან და ზურიკოსგან... როდესაც თამაშის დროს რომელიმე ფეხბურთელი საეჭვოდ ხშირად ეცემოდა მოედანზე... გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და რომელიმე იტყოდა - „ეჰ, ბორია პაიჭაძე ამას ხომ არ გააკეთებდა“ და მეორეც ეთანხმებოდა...

 

ზოგჯერ მგონია, რომ დიდი ფეხბურთელი რომ გახდე, ფიზიკური მონაცემები საკმარისი არ არის მხოლოდ...

 

უნდა იყო ნამდვილი კაცი, რადგანაც ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის, ის მთელი ფილოსოფიაა და როგორ მიხარია, რომ ამ ერთ შემთხვევაში მაინც, ფრანგი ესეისტი და ფილოსოფოსი, ალბერ კამიუც მეთანხმება...

 

მან განაცხადა - „ყველაფერი, რაც შევისისხლხორცე ადამიანის მორალსა და ვალდებულებაზე, - ფეხბურთის დამსახურებაა!“

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ფეხბურთის ველივით გადაშლილ და მწვანე ცხოვრებას!

 

 

 

big_banner
არქივი