logo_geo
1926 წლის 13 აგვისტოს ფიდელ კასტრო დაიბადა
- +

13 აგვისტო. 2019. 14:56

 

ახლა, საშუალება რომ მქონდეს, შესაბამისი განწყობის შესაქმნელად, სიამოვნებით მოვუკიდებდი მსოფლიოში ყველაზე ძვირ კუბურ სიგარა Gurkha Black Drag on-ს, რომელზეც, თურმე გიჟდება სილვესტერ სტალონე...

 

დახვეწილად გადავწევდი მარჯვენა, კუბურად გარუჯულ და „რაკუშკებ-აცმულ“ ხელს ერნესტ ჰემონგუეის ყველაზე საყვარელი კუბურ კოქტეილი „მოჰიტო“ - სკენ, ორმაგი რომისა და ლაიმის დამატებით...

 

გონებაში წავიცეკვებდი ვნებიან „სალსას“... მერე რა, მთლად პენელოპა კრუსივით მოხდენილად რომ ვერ გამომივიდოდა...

 

(სამაგიეროდ, პენელოპას საერთოდ არ ცოდნია საცივის გაკეთება) და შეგახსენებდით, რომ სწორედ ამ დღეს, 1926 წლის 13 აგვისტოს, კუბის ორიენტეს პროვინციის დაბა ბირაში დაიბადა ვინმე - ფიდელ ალეხანდრო კასტრა რუსი...

 

ის სულ არ იყო რუსი - ეს უბრალოდ, მისი დედის გვარი იყო, მაგრამ მაინც უყვარდა საბჭოთა კავშირი და ჯეროდა კომუნზმის... კომუნიზმის მეც მჯერა, მაგრამ ბალღობიდან დავეძებ და ვერ ვიპოვე.

 

მისი მამა - ანხელი ესპანელი ემიგრანტი იყო, რომელმაც შეძლო გამდიდრება და მსხვილი შაქრის პლანტაციის მფლობელი გახდა. დედა კი - ლინა ამ პლანტაციაში მზარეულის დამხმარედ მუშაობდა.

 

მან ფიდელის გარდა ანხელს კიდევ 4 შვილი გაუჩინა, რის შემდეგაც ანხელმა მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა...

 

ფიდელი სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, რადგან ბავშვობიდან ფენომენალური მეხსიერებით გამოირჩეოდა.

 

ბავშვობიდან ვერ იოკებდა რევოლუციურ და მეამბოხე სულს.

 

13 წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო მუშების ამბოხებაში, თანაც საკუთარი მამის პლანტაციაში.

 

12 წლის ასაკში ფიდელმა წერილი მისწერა აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს და ბავშვური გულუბრყვილობით სთხოვა, გამოეგზავნა მისთვის 10-დოლარიანი კუპიურა, რომელიც აქამდე ნანახი არ ჰქონდა.

 

2004 წელს ეს წერილი აღმოაჩინეს ვაშინგტონის ეროვნულ საარქივო სამმართველოში. ფიდელი იხსენებდა, თუ როგორი ამაყი იყო, როდესაც მას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საპასუხო წერილი მოუვიდა, რომელიც სკოლის საპატიო დაფაზე დაკიდეს. სამწუხაროდ, წერილში 10-დოლარიანი არ იდო…

 

1941 წელს ფიდელი მიიყვანეს პრივილიგირებულ კოლეჯ „ბეთლემში“.

 

მისი მასწავლებლები აღნიშნავდნენ მის განსაკუთრებულ მიზანსწრაფულობას. კოლეჯში სწავლის დროს ფიდელს ჯიბეში პისტოლეტი ედო და ხშირად მონაწილეობდა ქუჩურ ჩხუბებში.

 

ერთხელ ის დაენიძლავა მეგობარს, რომ ველოსიპედით მთელი სიჩქარით შეენარცხებოდა კედელს და ნიძლავი მოიგო კიდეც, თუმცა ამის შედეგად 3 თვე საავადმყოფოში „ჩეგევარობდა“.

 

1945 წელს, კოლეჯის ბრწყინვალედ დასრულების შემდეგ,

 

ფიდელმა ჩააბარა ჰავანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

 

უკვე მაშინ კითხულობდა მუსოლინის, ტროცკის, ლენინის, სტალინის, გენერალ პრიმო დე რივერუს წიგნებს…

 

კომუნისტებისადმი განსაკუთრებულ სიმპათიებს არ იჩენდა, მაგრამ ერთხელ განაცხადა: „ახლავე მზად ვარ გავხდე კომუნისტი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სტალინად გამხდიან“.

 

1950 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ფიდელ კასტრომ დაიწყო კერძო იურიდიული პრაქტიკა და ძალიან ხშირად ღარიბ კლიენტებს უფასოდ იღებდა. ის შევიდა „კუბელი ხალხის პარტიაში“ და მონაწილეობდა სხვადასხვა პოლიტიკურ აქციებში.

 

1953 წელს ფიდელმა მონაწილეობა მიიღო ავანტიურულ და წარუმატებელ თავდასხმაში კუბის იმდროინდელი ხელმძღვანელის ფულხენსიო ბატისტას ერთ-ერთ მსხვილ გარნიზონზე.

 

ის დააკავეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ საზოგადოების ზეწოლის გამო 1955 წელს ბატისტა იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა მეამბოხეები...

 

ფიდელ კასტრო სხვებთან ერთად გადაასახლეს მექსიკაში.

 

მისი მაშინდელი ბინის პატრონი მარია როდრიგესი იხსენებდა, რომ მეხიკოში ფიდელი ჩავიდა მხოლოდ ერთი, წიგნებით სავსე ჩემოდნით, მეტი არავითარი ბარგი არ ჰქონია.

 

1958 წელს კასტრო დაბრუნდა კუბაში თავის მეგობართან და თანამოაზრესთან ერნესტო ჩე გევარასთან ერთად. მათ მიერ ინიცირებულმა პარტიზანულმა მოძრაობამ თანდათან ძალა მოიკრიბა და 1959 წლის 1 იანვარს ისინი ჰავანაში შევიდნენ.

 

ბატისტა ჩამოაგდეს, ფიდელ კასტრო დაინიშნა კუბის არმიის მხედართმთავრად, ხოლო 16 თებერვალს - ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. თავიდან აშშ მხარს უჭერდა კუბის ახალ მეთაურს, მაგრამ მისი გეზი სოციალიზმისკენ სულ უფრო შესამჩნევი ხდებოდა.

 

მსხვილ მიწათმფლობელებს ჩამოართვეს მიწები, მოხდა კერძო კომპანიების ნაციონალიზაცია. ხოლო 1962 წელს, მოსკოვთან წინასწარი მოლაპარაკებების საფუძველზე, კუბაზე განთავსდა საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები.

 

1965 წელს ფიდელ კასტრომ თავი გამოაცხადა კუბის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად ანუ, კუბელ ბრეჟნევად.

 

1962 წელს შეერთებულმა შტატებმა კუბის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგო შემოიღო და მიაღწია იმას, რომ კუბა გარიცხეს ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციიდან.

 

საინტერესოა, რომ ჯონ კენედიმ ბრძანებას ემბარგოს შესახებ ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, რაც მის კაბინეტში შემოიტანეს კუბიდან ჩამოტანილი სიგარების საკმარისი მარაგი.

 

ცნობილია, რომ ფიდელ კასტროზე უამრავი (600-ზე მეტი) თავდასხმა იყო განხორციელებული...

 

ტუბერკულოზის ჩხირით დაავადებული აკვალანგების, „ამფეთქებელი ნიჟარების“, მოოქროვილი შხამიანი საწერი კალმის და თითქმის „ბირთვული ბეისბოლის ბურთების“ ჩათვლით.

 

ერთხელ ფიდელმა თქვა, თავდასხმების შედეგად გადარჩენა ოლიმპიური დისციპლინა რომ ყოფილიყო, მე მასში ნამდვილად ოქროს მედალს მივიღებდიო.

 

2006 წელს ფიდელმა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მოიხსნა უფლებამოსილება და ქვეყნის მართვის სადავეები 5 წლით უმცროს ძმას რაულ კასტროს გადასცა.

 

ის, როგორც სულით მებრძოლი ადამიანი, ბოლომდე ღირსეულად ებრძოდა ავადმყოფობას.

 

პრესამ ის ოთხჯერ გამოაცხადა გარდაცვლილად.

 

2016 წლის 13 აგვისტოს ფიდელ კასტრო დაესწრო თავის 91 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიას და სიტყვითაც გამოვიდა.

 

25 ნოემბერს, ღამით გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში 9-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

 

ფიდელ კასტრო დაკრძალეს ცნობილი კუბელი პოეტისა და რევოლუციონერის ხოსე მარტის მავზოლეუმის გვერდით, რომლის გამონათქვამი ფიდელს გულის ჯიბით დაჰქონდა. ჩაჭმუჭნულ ფურცელზე რა ეწერა?

„მსოფლიოს მთელი დიდება - სიმინდის მარცვალში ეტევა“!!!

 

ახლა კი გადავალ მთავარზე...

 

1963 წელს ფიდელ კასტრო ეწვია საქართველოს...

 

ვასილ მჟავანაძემ, ნიკიტა ხრუშჩოვი და ფიდელი ჩაიყვანა აფხაზეთში, დაბა დურიდშში...

 

იქ ძალით დაალევინეს ღვინით სავსე ყანწი, თუმცა „ვისკი“ ერჩივნა“.

 

ასევე გაასინჯეს სულგუნი, რომელიც იმდენად მოეწონა, რომ ხრუშჩოვი დაპირდა, რომ კუბაში რამდენიმე ვაგონს გაუგზავნიდა...

 

აქ ხმა ამოიღო აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანმა, ბგაჟბამ - „ამდენი სულგუნი სად გვაქვსო?“ და გადაწყდა, კუბაში სულგუნი მხოლოს ცხაკაიადან გაეგზავნათ...

 

სწორედ მაშინ გაჩნდა ფრაზა - „ვივა კუბა, ვავა ცხაკაია!“...

 

ხომ იცით, უსიყვარულოდ იშვიათად გტოვებთ...

ფიდელს უამრავი რომანი ჰქონდა...

მეუღლეები ცვლიდნენ ერთმანეთს...

ბოვშები დარბოდნენ.

 

მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ფიდელი კინაღამ გაგიჟდა, ჩვენი ულამაზესი ჟყრნალისტი და დიქტორი, ლია მიქაძე რომ დაინახა... მზად იყო ცოლად მოეყვანა და კუბაში სამოთხეს პირდებოდა...

 

უარი რომ მიიღო, შეტრიალდა და წავიდა, როგორც მხოლოდ კომანდანტეებმა იციან...

 

ვერაფერს დავამატებ...

 

ლია მიქაძე ისეთი ლამაზი იყო, რომ ფიდელს ვუგებ...

 

ლიას კი, მართალი გითხრათ და ზოგჯერ - ვერა.

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და გაბრწყინებულ დღეს!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი