logo_geo
თეა ფირცხალავა: ვერიკო ანჯაფარიძემ არა მხოლოდ შვილმკვდარი, არამედ მთელი სამყაროს შვილცოცხალი დედებიც აატირა...
- +

25 სექტემბერი. 2019. 15:20

 

 

„როცა ხარობ და მზექალობ,

 

ეგ თვალები აცელქდება,

როგორ გშვენის…მე ყოველთვის

მაგონდება... ნუკრი შველის, შენი ფერის...“

 

უშანგი ჩხეიძემ ეს ლექსი „მის“ ივდითს და ჩვენს დღევანდელ იუბილარს მიუძღვნა, ხოლო კამელიებიანი მარგარიტათი აღფრთოვანებულმა ნემიროვიჩ-დანჩენკომ ემოცია ვერ შეიკავა და ბოლომდე „გაიხსნა“ - „...მე სულ ვხედავდი თქვენს თვალებს და ამ თვალებში თქვენს მთრთოლვარე სულს, რისი გადმოცემაც ასე იშვიათად შეუძლიათ.... თქვენ თვალებში თქვენი გული იდო... აი, ასეთ მსახიობებს, სცენაზე განცდილი როლისთვის, შეიძლება, ძეგლი დაუდა“. დაუდგეს კიდეც, მანამდე კი... ყველაფერი ასე დაიწყო:

 

1900 წლის 23 სექტემბერს ქუთაისელ თავადაზნაურთა ოჯახში დაიბადა ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი მშვენება, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, მრავალი ჯილდოსა და ორდენის მფლობელი, რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი და უბრალოდ - ქართული ლეგენდა ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც არაერთი ქალაქის თეატრალურ სცენებზე გამოდიოდა და მილიონობით მაყურებელს ატყვევებდა... მაგრამ... იყო ერთი ადგილი, მისი სულიერი სამყარო, მისი თეატრი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ მიატოვა და რომლის სახელთანაც მისი ლეგენდარული ცხოვრება და მოღვაწეობა ასოცირდება - კოტე მარჯანიშვილის თეატრი.

 

ვერიკოს მამა გახლდათ ქუთაისში კარგად ცნობილი ნოტარიუსი ივლიანე ანჯაფარიძე, რომელმაც ქალიშვილი წმ. ნინოს სასწავლებელში მიაბარა. მისი დამთავრების შემდეგ ვერიკო მოსკოვში გაემგზავრა და სერგეი აიდაროვის (ვიშნევსკის) სტუდიაში ჩააბარა, მაგრამ ოქტომბრის რევოლუციამ მოუსწრო და საქართველოში გამოეშურა, სადაც პარიზიდან ახლად დაბრუნებული გიორგი ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში ჩააბარა. სწორედ მაშინ გაიცნო ვერიკომ თავისი ორი „საბედო“, რომელთა მუზაც იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. აქედან ერთი იყო ქართველი პოეტი და ჟურნალისტი შალვა ამირეჯიბი, რომელმაც უმალ ლექსი მიუძღვნა ვერიკოს და მიუწვდომელი ქალის ყურადღებაც დაიმსახურა:

 

„თქვენ სიყვარულზე მითხარით „არა“

და მომიხურეთ გულის კარები,

მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად

მოგართვით ლურჯი მინანქარები...“

ვერიკო ადვილად ვერა, მაგრამ მაინც მიენდო სიყვარულს... თან ყურში ჩაესმოდა ხოლმე შალვას სიტყვები:

 

„…შენზე ბევრი კამათია.

კითხულობენ, შენ რა გქვიან?

შენ უჩემოდ არ დადგები

ჩემი მოლოდინი გქვიან“.

 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, 1918 წელს ვერიკო და შალვა ამირეჯიბი დაქორწინდნენ და გამიჯნურებულმა პოეტმა და უკვე ქმარმა კიდევ არაერთი სატრფიალო ლექსი მიუძღვნა ძვირფას მეუღლეს. 1925 წელს შალვა ამირეჯიბი, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იძულებული გახდა, თავი ევროპისთვის შეეფარებინა... ვერიკო საქართველოში დარჩა და... მიხეილ ჭიაურელზე დაქორწინდა... მათი სიყვარულის შედეგად დაიბადა თეატრისა და კინოს მსოფლიო დონის ვარსკვლავი სოფიკო ჭიაურელი, რომელიც მთელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მანძილზე ატყვევებდა სრულიად სამყაროს თეატრალებს, კინომოყვარულებსა და მისი შეუდარებელი ნიჭის თაყვანისმცემლებს...

 

ვერიკო ანჯაფარიძეს მარტო ლექსებით ვერავინ მოხიბლავდა... დროთა განმავლობაში, ეს ყველაფრით „განსაკუთრებული“ ქალბატონი, არაერთი ლექსის, პოემის, ფერწერული ტილოსა თუ გრაფიკული ნამუშევრის „გმირი“ გახდა, ყველას უნდოდა, რომ ვერიკოსეული „სხვანაირი“ ცხვირი და თვალის ჭრილი, მისი ნატიფი სახის მოყვანილობა და „გამაქვავებელი“ მზერა ან გამოხედვა ლექსში, ტილოზე ან ქაღალდზე დაეფიქსირებინა... რაღა შორს წავიდე, დიდი ლადო ასათიანის ლექსს შეგახსენებთ, რომელიც მარტო მსახიობი ქალის შეფასება კი არა, პოეტის წადილი და გულის ამოძახილია:

 

„...მიხარის, როცა სცენაზე გიმზერ,

ანათებ, როგორც ზღაპრული დალი

და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე,

ირხევა შენი ლამაზი ტანი“.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა როლი, რომელიც კი დიდ ვერიკო ანჯაფარიძეს ოდესმე უთამაშია, ნამდვილი შედევრია... უთამაშია?! არა... უცხოვრია, განუცდია, საკუთარ და მაყურებლის გულამდე მიუტანია და წარუშლელი კვალიც დაუტოვებია.

 

მიუხედავად ბრწყინვალედ შესრულებული ასამდე როლისა, პირადად ჩემთვის ვერიკო ანჯაფარიძე, უპირველეს ყოვლისა, მაინც ოთარაანთ ქვრივია...

 

და კვლავ ლადო ასათიანს დავესესხები, რომელმაც მისტიურად ინატრა:

„მოვმკვდარიყავ და ქართულ ლეჩაქში

მენახა შენი ქართველი დედი...

დამაბრმავებდა, ვერიკო, მაშინ

შენი მიმქრალი შარავანდედი!“

 

სამწუხაროდ, ლადო ასათიანი მართლაც ისე მოკვდა, რომ ვერც ვერიკოს შარავანდედით „დაბრმავებას“ და ვერც მისტიურად ნანატრი ოცნების ასრულებას მოესწრო... ლადომ ვერ ნახა, რა ვირტუოზულად განასახიერა ოთარაანთ ქვრივი ქართულ ლეჩაქმოხვეულმა ქართველმა „დედიმ“ - ვერიკო ანჯაფარიძემ და რა გულისგანმგმირავად დაემხო იგი დაღუპული შვილის საფლავზე, რითიც არა მხოლოდ შვილმკვდარი, არამედ მთელი სამყაროს შვილცოცხალი დედებიც აატირა... როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ვერიკოს ხმა ან მისი გაქვავებული სახე და არწივისებრი მზერა - ოღონდ უკვე ფრთაშეკვეცილი არწივისა... ეს ის სცენაა, რომელიც, ვერიკოს შემხედვარეს, პირველად გაძლევს საშუალებას და უფლებას, რომ ოთარაანთ ქვრივის „სუსტი“ მხარეც დაინახო და თანაუგრძნო... ის სახე და ხმა ხომ ჩემი სახე და ხმაა... მისი წუხილი და დარდი ხომ ჩემიცაა, მისი სიმართლე და სიმკაცრეც ხომ ჩემია, ჩემი გულის ამოძახილია... და... კვლავ ლადოს ხმა ჩამესმის:

 

„როცა გიყურებ შავ სამოსელში,

ვხედავ – ჩაუცვამს ძაძა ბუნებას.

მე ნუ მომასწროს შენზე ტირილი

და შენი სიტყვის დაძაბუნება!“

 

ასეთი წინასწარმეტყველური ლექსი იშვიათად წამიკითხავს... და ერთიც...

 

არასოდეს დამავიწყდება ჩემი ემოცია, როდესაც სულ პატარამ გულამოსკვნილმა ვიტირე საფლავზე დამხობილი გამწარებული დედის სცენის შემხედვარემ... იმ ასაკის ბავშვს, წესით, ნამდვილად არ უნდა მეტირა, მაგრამ... ეტყობა, ტანი მიგრძნობდა, რას მიმზადებდა ბედისწერა...

 

ბევრჯერ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ: ასაკს თავისი ხიბლი აქვს, ლეგენდარული ხალხი ცოცხლად გყავს ნანახი სცენაზე ან ქუჩაში, ან სულაც რაიმე ღონისძიებაზე და მოგვიანებით შენს მოგონებებს სიამაყით უზიარებ ხოლმე შვილიშვილებსა თუ მსმენელებს...

 

ვერიკო ანჯაფარიძემ 86 წელი იცოცხლა და აქედან 70 წელი თეატრსა და კინოს დაუთმო. დიდი ვერიკო გარდაიცვალა 1987 წელს, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, საყვარელი მეუღლის და უდიდესი რეჟისორის მიხეილ ჭიაურელის გვერდით.

 

1992 წელს ლონდონის „Who is Who“-მ ვერიკო ანჯაფარიძე მე-20 საუკუნის საუკეთესო მსახიობთა ათეულში შეიყვანა.

 

დღეს წარმოგიდგენთ უდიდესი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრებს, კერძოდ პეტრე ოცხელის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ვასილი შუხაევის, ირაკლი გამრეკელის, უჩა ჯაფარიძის, ქეთევან მაღალაშვილის, ირინა შტენბერგის და ვსევოლოდ პუდოვკინის მიერ შექმნილ ვერიკო ანჯაფარიძის შედევრალურ პორტრეტებს და ესკიზებს.

 

ვფიქრობ, რომ ამ არაჩვეულებრივი გამოფენის დათვალიერება სიამოვნებას მოგგვრით და ბევრ მოგონებას აღგიძრავთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი