logo_geo
თეა ფირცხალავა: დღეს სილამაზის ქალღმერთის - ნინო ჭავჭავაძის დაბადების დღეა
- +

4 ნოემბერი. 2019. 13:35

 

„ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,

ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;

შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო,

შენგან არასდროს მომესვენება.“

 

გიორგი ლეონიძის ეს ჭეშმარიტება ჩვენს დღევანდელ იუბილარზეა ამოთქმული... დააკვირდით, რა საოცარი შეფასება „მოიგონა“ დიდმა პოეტმა: „ნაზო გრიგალო“, თან იმ ქალბატონზე, რომლის ქალურ კდემამოსილებას, სილამაზეს, ერთგულებასა და თვისებებს აღტაცებაში მოჰყავდა სრულიად სამყაროს მხილველები და ქალის, როგორც ასეთის, ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსებიც კი. აღსაფრთოვანებელი კი ნამდვილად ბევრი ჰქონდა ქართულ მშვენებას, რადგან ცნობილია, რომ იგი არაჩვეულებრივად მღეროდა, ხატავდა, ქარგავდა, ცეკვავდა, ის კი არადა, საუცხოო მოჯირითეც კი იყო და მის დანახვას, თურმე, არაფერი სჯობდა...

 

აკი წერდა მიხაილ ლერმონტოვი:

 

„Она поёт — и звуки тают,

Как поцелуи на устах,

Глядит — и небеса играют

В её божественных глазах.“

 

როგორც მიხვდით, დღეს სილამაზის ქალღმერთის - ნინო ჭავჭავაძის დაბადების დღეა, რომლის „ნაზი გრიგალი“ დღესაც კი უმალ დატრიალდება ხოლმე, როგორც კი მის სახეს შეავლებ თვალს და არაა გასაკვირია, რომ ხსენებულ "გრიგალს" არაერთი ხელოვანისთვის დაეხვიოს თავბრუ. მისი მეუღლეც კი, მწერალი ალექსანდრ გრიბოედოვი, სინანულით ეუბნებოდა ახალგაზრდა მეუღლეს, მე, რომ მხატვარი ვიყო, მხოლოდ შენი ფრესკებით მოვხატავდი საქართველოს ციხე-ტაძრებსო, რაზეც ნინო მორიდებით ეუბნებოდა (თურმე), ადამიანი თავად არისო ტაძარი...

 

იწერება, რომ ნინო ჭავჭავაძით მოხიბლულ მიხაილ ბარათაევს ამოხდენია:

 

„Нина — земное совершенство,

Нина — райское блаженство.“ მანამდე კი...

 

1812 წლის 4 ნოემბერს, დიდი ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამულში, დაიბადა თავადის ასული ნინო ჭავჭავაძე. დაწყებითი განათლება გოგონამ ოჯახში მიიღო, შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგის პრასკოვია ახვერდოვას სასწავლებელში განაგრძო სწავლა და იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე, დიდი რუსი მწერალი და დიპლომატი ალექსანდრ გრიბოედოვი. 1828 წელს წყვილმა სიონის ეკლესიაში დაიწერა ჯვარი, ხოლო წვეულება ჭავჭავაძეების წინანდლის სასახლეში გაიმართა. ამბობენ, ჯვრის წერისას გრიბოედოვს საქორწინო ბეჭედი გავარდნია ხელიდან, რაც ცუდის მომასწავლებლად მიუჩნევიათ პატარძალსა და გარშემო მყოფთ. წინასწარმეტყველება მართლაც ახდა და წყვილის ბედნიერება სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა. 1829 წელს თეირანში მყოფი გრიბოედოვი უმოწყალოდ მოკლეს. ნინოს თხოვნით, მწერალი მთაწმინდაზე დაიკრძალა, საფლავის ქვაზე კი ნინომ ასეთი წარწერა ამოაკვეთინა: „... რატომ აღმოჩნდა ჩემი შენდამი სიყვარული შენზე უფრო დღეგრძელი?“

 

დაქვრივებულ ნინო ჭავჭავაძეს „თბილისის შავი ვარდი“ შეარქვეს, რადგან მას სიცოცხლის ბოლომდე არ გაუხდია შავი კაბა. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც ერთგულების სიმბოლო და დასტური იმისა, რომ უდიდესი სიყვარული არასოდეს ფერმკრთალდება.

 

და ამ სტატუსს კვლავ დიდი გოგლას სიტყვებით დავასრულებ:

 

„თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,

ახლაც მინათებს შენი მშვენება...

შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს

არ უწერია გადაშენება!“

 

P.S. დღეს შემოგთავაზებთ სხვადასხვა ეპოქის ნაცნობი თუ უცნობი მხატვრების მიერ შექმნილ ნინო ჭავჭავაძის ფერწერულ თუ გრაფიკულ პორტრეტებს და ერთ ფოტოს და მის მიხედვით გაკეთებულ გრავიურას, რომელიც 44 წლის ულამაზესი ქალბატონის გარდაცვალების წელს (1857) არის შექმნილი.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10221002767518675

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი