logo_geo
„ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე - გმირი თუ პროვოკატორი?“
- +

1 მარტი. 2017. 21:03


 

გასული საუკუნის 30-იანი წლების „იდეინი" კომკავშირლების და პიონერების შემდეგ ასეთი თავგანწირვა, ასეთი თავდადება რომელიმე მოქალაქის მხრიდან, როგორიც ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ გამოიჩინა, დიდი ხანია, არ ახსოვს საქართველოს.


ირაკლი მამალაძე ჭეშმარიტი პატრიოტი და გმირია, რომელიც ფხიზლად დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე - ვიღაც-ვიღაცები ძალიან ცდილობენ, ასეთი იმიჯი შეუქმნან მამალაძეს.


ირაკლი მამალაძე „გმირი" კი არის, მაგრამ ამასთანავე, თავმდაბალია, რომელიც თავის დიდ დამსახურებას ქვეყნის წინაშე მაინცდამაინც დიდ ამბად არ მიიჩნევს: „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მე ჩემი მოვალეობა შევასრულე. ალტერნატივის წინაშე ვიდექი - ან უნდა გავმხდარიყავი დანაშაულის თანამონაწილე, ან დანაშაული უნდა აღმეკვეთა. ქვეყანას თავი დავანებოთ, ბოლოსდაბოლოს, საკუთარი თავი დავიცავიო", - განაცხადა გმირმა ჟურნალისტმა.


სულ ახლახან გაირკვა, რომ სანამ გმირობას გადაწყვეტდა, ირაკლი მამალაძეს კონსულტაციისთვის ადვოკარტ ირმა ჭკადუასთვის მიუმართავს: ჩემი მოგვარე და ნათესავი დეკანოზი გიორგი მამალაძე ამის და ამის გაკეთებას აპირებს და რას მირჩევ, როგორ მოვიქცეო?

ქ-ნ ირმას არ დაუჯერებია ირაკლის მონაყოლი და  „წადი, ბიჭო, აქედან, რა სისულელეებს ლაპარაკობო", - უთქვამს. ირაკლი კი წასულა, მაგრამ მეორე დღეს ისევ მობრუნებულა და ამჯერად ისეთი ჩანაწერები უჩვენებია ქ-ნი ირმასთვის, რომ ადვოკატს საჭიროდ ჩაუთვლია, დაბნეული ირაკლისთვის ის დაწესებულება მიესწავლებინა, სადაც მომავალი გმირი ამ ჩანაწერებით უნდა მისულიყო.


ასე რომ, ქ-ნ ირმას ლომის წილი უდევს ირაკლის გმირად ქცევაში - ის რომ არა, გულუბრყვილო და მიამიტი ირაკლი მამალაძე შეიძლება არც მისულიყო იქ, სადაც ჯერ არს და, ვაი, მაშინ რაც ამ უბედურ ქვეყანას ელოდა.


მთელს ამ ისტორიაში, რომელიც ქ-ნი ირმას მონათხრობს ეყრდნობა, ყველზე გასაკვირი ის არის, რომ საკმაოდ გამოცდილმა ჟურნალისტმა თურმე არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, როცა ის ისეთ გამაოგნებელ ამბავს იგებს. როგორიცაა პატრიარქის ან მისი გარემოცვიდან ვინმეს ლიკვიდაციის ამბავი და რჩევა-დარიგებისთვის ადვოკატს მიმართავს.


კიდევ უფრო გასაკვირი ამბები ამის შემდეგ იწყება.


ჟურნალისტი მამალაძე აცხადებს: დეკანოზმა მამალაძემ განსაკუთრებული დაჟინებით ციანიდის შოვნა მას შემდეგ მოითხოვა, როცა პატრიარქი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც თვითონაც აპირებდა წასვლასო.


გასაოცარია, რატომ მიმართა დეკანოზმა გიორგიმ ასეთი რთული თხოვნით მაინცდამაინც თავის მოგვარეს - რომელი ფარმაკოლოგი ან სხვადასხვა შხამიანი თუ ბაქტეროლოგიური იარაღის გადამზიდავი ჟურნალისტი მამალაძე იყო, რომ ციანიდი ასე უცებ ეშოვნა? ჯერჯერობით უცნობია, „ყოვლიშემძლე" მამალაძემ დავალება ეშმაკის გზაზე შემდგარ დეკანოზს ციანიდი მიუტანა, თუ დეკანოზმა სხვისგან იშოვა ეს „საწამლავი", რომელიც მის ბარგში არმოაჩინეს.

 

მოდით, აქ ცოტა ამოვისუნთქოთ და დავფიქრდეთ: რაზეა, საერთოდ, საუბარი და რა ხდება?

 

ციანიდი უძლიერესი შხამია, რომელთანაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. რა გარანტია ჰქონდათ ან მამალაძეს, ან იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს შხამი მამალაძეს მისცეს, რომ დეკანოზი მამალაძე სრულად დაიცავდა უსაფრთხოების ზომებს და გერმანიაში ჩასვლამდე ან საკუთარ თავს ან სხვებს, თუნდაც გაუფრთხილებლობით, საბედისწერო ზიანს არ მიაყენებდა?  ციანიდს რომ გადასცემდნენ დეკანოზს, რა გარანტია ჰქონდათ, რომ დეკანოზი არ იტყუებოდა და გერმანიაში კი არა, საქართველოში აპირებდა ვიღაცის ლიკვიდაციას? ესეც არ იყოს, თუ დეკანოზ მამალაძეს პატრიარქის ან მისი გარემოცვიდან ვიღაცის მოწამვლა სერიოზულად ჰქონდა განზრახული, რატომ მაინცდამაინც გერმანიში უნდა განეხორციელებინა ეს ავი განზრახვა, ამის გაკეთება თბილისში განა უფრო ადვილი და მოსახერხებელი არ იყო? უამრავი ასეთი კითხვა წამოიჭრება, როცა ამ ე. წ. ციანიდის საქმეზე ფიქრობ და ამ კითხვების უმრავლესობაზე ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს. ჯერჯერობით ისიც არ ვიცით დანამდვილებით, რატომ მივიდა დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტ ირაკლი მამალაძესთან? იქნებ არა ციანიდის საყიდლად და ვიღაცების ლიკვიდაციის გეგმის გასაცნობად, არამედ მივიდა როგორც ჟურნალისტთან, რომ საპატრიარქოში არსებული კორუფციის ამსახველი მასალები გაეცნო მისთვის, როგორც ახლობელი ადამიანისთვის, რომელსაც ენდობოდა და ამით თავი დაეზღვია მის მიერ კორუფციაში დადანაშაულებული პირების მოსალოდნელი შურისძიებისგან, ირაკლი მამალაძემ კი, ეს მასალები სწორედ იმ პირებს გააცნო, რომლებსაც დეკანოზი გიორგი თანხების გაფლანგვაში, ეკლესიის კუთვნილი ქონების მიტაცებაში და სხვა მძიმე დანაშაულებში სდებდა ბრალს.


ამ ვიზიტის შემდეგ ხომ არ დაგეგმეს იმ პირებმა და ირაკლი მამალაძემ „სპეცოპერაცია" ამბოხებული დეკანოზის დისკრედიტაციის მიზნით და ციანიდის საქმე ხომ არ „გაუჩალიჩეს"?


რაც შეეხება მთავარი მოწმის მიერ პროკურატურაში მიტანილ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერებს, ჯერჯერობით არავის დაუდგენია ავთენტურია ეს ჩანაწერები თუ ჩვეულებრივი სიყალბეა, რომლის გაკეთებაც თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ადვილზე ადვილი საქმეა. ასე რომ, ძალიან ნუ ვიჩქარებთ ირაკლი მამალაძისთვის სახელმწიფო ინტერესებისთვის თავდადებული რაინდის და გმირის წოდების მინიჭებას.


ირაკლი მამალაძე გმირი მაშინ იქნებოდა, თუ ჩუმად და უხმაუროდ ყველაფერს მოიმოქმედებდა იმისთვის, რომ თავის სისხლსა და ხორცს, თავის ნათესავს, რომელიც რაღაც მიზეზებით გონიერების ზღვარს გადასცდა და განსჯის უნარი დაკარგა (თუ ასეთი რამ მართლაც ხდებოდა) გამოაფხიზლებდა და განზრახვაზე ხელს ააღებინებდა. მას ადვილად შეეძლო ამის გაკეთება - დეკანოზის ახლობლებთან, მის მშობლებთან, მის სანათესაო წრესთან მივიდოდა, ყველას გვერდით ამოიყენებდა დ ყველანი ერთად ადვილად მოახერხებდნენ, დეკანოზი რეალობისთვის დაებრუნებინათ. აი, ეს რომ გაეკეთებინა, მაშინ იქნებოდა ის გმირი...


მართალია, მის გმირობას ვერავინ გაიგებდა, მაგრამ განა ეს არის მთავარი?


იმის ნაცვლად, რომ შეეჩერებინა, ჟურნალისტი, როგორც ჩანს, აქეზებდა დეკანოზს, პირდებოდა დახმარებას დანაშაულის სისრულეში მოყვანაში. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ჟურნალისტი მამალაძე ჯერჯერობით დაუდგენელ პირებთან ერთად, მათი შეკვეთით, ალბათ, სერიოზული ჰონორარის ფასად, დეკანოზ გიორგი მამალაძეს წინასწარ მოფიქრებული სქემით და ტაქტიკით, ნელ-ნელა იტყუებდა მახეში.


თუ ეს ვერსია მართალია, მაშინ ირაკლი მამალაძე გმირი კი არა, ჩვეულებრივი გარეწარია, რომელმაც არჩადენილი დანაშაულის გამო მისი ახლობელი და მეგობარი მორალურად და სულიერად გაანადგურა, მოკლა.

თუ ვინმეს სურს, ეს საქმე მართლაც ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიოს და საზოგადოებას სიმართლე ამცნოს, მაშინ ეს გამოძიება სწორედ რომ `მთავარი მოწმიდან~, ირაკლი მამალაძიდან უნდა დაიწყოს. როგორც ამბობენ, მამალაძე თავის დროზე აქტიურად თანამშრომლობდა „ნაცმოძრაობასთან" და მისი ფავორიტი ჟურნალისტი ბრძანდებოდა. არ არის გამორიცხული, ეს მეგობრობა დღემდე გრძელდებოდეს და ციანიდის საქმის ახლართულ-ჩახლართული გორგალის წვერი სწორედ „ნაცმოძრაობის" რომელიღაც შტოს ეჭიროს ხელში.

განა საეჭვო არ არის, რომ „რუსთავი 2", „ნაცმოძრაობის" რუპორი, ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა პროკურატურას ციანიდის საქმესთან დაკავშირებული პროცესების გაშუქებისას და ისეთ მასალებს აწვდიდა საზოგადოებას, რომლებიც კიდევ უფრო ძაბავდა ისედაც დაძაბულ სიტუაციას.


ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს „რუსთავი 2"-მა წინა დღეს იცოდა ის, რაც მეორე დღეს საჯაროდ უნდა თქმულიყო. ისიც არ უნდა იყოს უმნიშვნელო დეტალი, რომ სწორედ „რუსთავი 2"-მა „გახეთქა" ინფორმაცია, რომელიც, წესით და რიგით, უკიდურესად კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო და მთავარი მოწმის ვინაობა საჯაროდ დაასახელა.


ჩიტმა მოუტანა ამბავი „რუსთავი 2"-ს?

 

კი, მაგრამ, რატომ დაფრინავენ ეს ჩიტუნიები ასე თავისუფლად გარე-გარე და ხან ერთ საინფორმაციო საშუალებას, ხან მეორეს, ხან მესამეს რატომ ჩაუჭყლოპინებენ ხოლმე ზესაიდუმლო ამბებს? არ შეიძლება ეს მაინც იკითხოს ვინმემ და ამა თუ იმ სტრუქტურების „გალიის" კარები საიმედოდ მიკეტოს?

ჟურნალისტი ირაკლიც იმ „ბაღიდან" ხომ არ არის, საიდანაც ჩამწერებით შეიარაღებული სხვა ჩიტუნიები გამოფრთხიალდებიან ხოლმე და, უკაცრავად გამოთქმაზე, ქართველ ხალხს და საქართველოს მათ მიერვე შეთითხნილი „ზესკანდალური" და „ზესენსაციური" ინფორმაციებით თავზე ასკინტლავენ, აგერ უკვე მერამდენე წელია. კარგად დავფიქრდეთ და კარგად გავაანალიზოთ სიტუაცია, რომელშიც ვცხოვრობთ - „ციანიდი   საქმეც" განა ზუსტად არ ჯდება იმ ზოგად სურათში, რასაც ყოველდღე ვუყურებთ და რომელიც ასე გვზარავს და გვზაფრავს თავისი სიბილწით, ამორალურობით, უტიფრობით და ცინიზმით?


განა „შეთქმულებების" და „დივერსიების" მუდმივ რეჟიმში არ ვცხოვრობთ, რომელსაც ხან ერთი „გმირი" აღკვეთავს, ხან მეორე და ქვეყანას დაღუპვისგან „იხსნის" ხოლმე...

 

სხვებს რომ თავი დავანებით, თვით ბიძინა ივანიშვილი ორჯერ თუ სამჯერ „იხსნეს" მამალაძისნაირმა „გმირებმა" „დივერსიულ-ტერორისტული" აქტებისგან და ბატონ ბიძინას დიდხანს, დიდხანს აყვედრიდნენ - სიკვდილს გადაგარჩინეთ, თქვენ კი სათანადოდ არ დაგვიფასეთ ამაგიო.


ალბათ, ისიც გახსოვთ, ერთი გაზეთი ორი თვის განმავლობაში როგორ არისხებდა განგაშის ზარებს და როგორ მოუწოდებდა ბიძინა ივანიშვილს - თქვენი ბიზნესცენტრი სოლოლაკში დასაშვებზე ათჯერ უფრო მერი რადიაქტიული გამოსხივების ველზე დგას. სასწრაფოდ დაცალეთ შენობა, თორემ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო.


ამ ავანტურისტული ჩანაფიქრის ავტორებს, როგორც ჩანს, შემდეგი მიზანი ჰქონდათ: თუ ივანიშვილი გაბრიყვდებოდა და შენობას მიატოვებდა, მერე უნდა გენახათ თქვენ იქ რადიაქტიული ან სხვა ნივთიერებების ჩასაწყობება. ეს და მსგავსი სხვა შემთხვევები, არავის გამოუძიებია, არავის დაუდგენია, რა ძალები იდგნენ ამ ერთმანეთის მსგავსი სცენარებისა და სიუჟეტების უკან.


ახლა მაინც თუ არ იქნება გამოძიებული „ციანიდის საქმის" მთავარი შემოქმედების საქმეები, ხვალ და ზეგ კვლავ გამოჩნდებიან ახალი მამალაძეები, რომლებიც შეეცდებიან, ქვეყანაში არასოდეს დაისადგუროს სიმშვიდემ და სტაბილურობამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი