logo_geo
მერაბ ბერძენიშვილი: ნიურნბერგის პროცესზე კოჰაბიტაციაზე არ ყოფილა საუბარი, იქ დამნაშავეებს სჯიდნენ!..
- +

13 მარტი. 2017. 16:46



„კოჰაბიტაცია" - ამ სიტყვის თქმა მარტივად, ენის გაუტეხავადაც შეიძლება, ის „თანაცხოვრებას", „თანამშრომლობას" ნიშნავს. რატომღაც არ მახსოვს, სიტყვა „კოჰაბიტაცია" ვინმეს წამოსცდენოდეს წინა ხელისუფლების დროს, როცა დღევანდელი ხელისუფალნი ოპოზიციაში იყვნენ. სურვილი, რომელსაც ჩვენი დასავლელი მეგობრები იჩენენ და, დემოკრატიის სახელით, „კოჰაბიტაციას" გვირჩევენ, რბილად რომ ვთქვა, ღიმილის მომგვრელია. ეს მაშინ არის შესაძლებელი, როცა შენს მოწინააღმდეგეს სხვა მოსაზრება, პოზიცია აქვს, მაგრამ სამშობლოს გულწრფელი სიყვარული სხვაზე არანაკლებად გააჩნია. დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას ეს გრძნობა არ აქვს, იგი ვერაგი მტერია თავისი ხალხისა. ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები წლების მანძილზე ანადგურებდნენ ქართულ ღირსებას და ახლაც ისე იქცევიან, რომ თავი კვლავ ხელისუფლებაში ჰგონიათ - თავხედურად „გვასწავლიან" ქვეყნის განვითარების გზებს.


ადამიანები, რომლებმაც დაანგრიეს ქვეყანა, წლების მანძილზე ტანჯეს საკუთარი ხალხი, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწები გაყიდეს, დღესაც იცავენ ამ დანაშაულს. განა შეიძლება ასეთ ადამიანებთან „კოჰაბიტაცია"? ჩვენს დასავლელ მეგობრებს უნდა გავახსენო ნიურნბერგის პროცესი. იქ კოჰაბიტაციაზე არ ყოფილა საუბარი, იქ დამნაშავეებს სჯიდნენ.


ჩვენს არჩეულ უმრავლესობას, დეპუტატებს, გახსოვდეთ, რომ წლების მანძილზე გატანჯული ხალხი თქვენგან უშეცდომოდ მოქმედებას ითხოვს!


პრესაში გამოქვეყნებული წერილებითუ ტელევიზიის ეკრანიდან ანალიტიკური საუბრები ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე, მის მომავალზე, უყურადღებოდ არ უნდა რჩებოდეს. ნუ გავიმეორებთ იმას, რაც იყო (წერე და იკითხე. SIC!). მეცნიერთა, მწერალთა, ექსპერტთა, პარტიების ლიდერთა, თუ ჟურნალისტთა საუბრებში გამოცდილება და ინტუიცია ხშირ შემთხვევაში წინ უსწრებს მოვლენებს. ამიტომაა საინტერესო იგი. მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების" თავის დროზე გაუცნობიერებამ მწარე შედეგი გამოიღო. ჭაბუა ამირეჯიბის შეგონება: „ფრთხილად, ქართველებო, ჩვენ ობოლი ერი ვართ", გაფრთხილებაა და ყურად საღებია!


„მონას ბატონის გამოცვლა თავისუფლება ეგონაო". ეს გამოთქმა წინა ხელისუფლებამ განამტკიცა. დაივიწყა ილიას მარადიული სიტყვები „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო", და რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნოდეს, დეპუტატთა უმრავლესობის სიამტკბილობით არსებობა, ანუ კოჰაბიტაცია უმცირესობასთან, ამ იდეისათვის არაფრის მომტანია, პირიქით, ამ პროცესს ხელს შეუშლის. თუმცა უმცირესობაში არიან ჭეშმარიტი პატრიოტი მამულიშვილები, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ ცდებიან. დღევანდელი უმცირესობა ხომ ის უხეში ძალაა, რომელიც ცოტა ხნის წინათ ადამიანის ღისებას თელავდა და ანადგურებდა. ხომ დარწმუნდით თქვენც და საზოგადოებაც, რომ ძალიან ბევრი დრო გაცდა იმისათვის, რათა შეგვეცნო და დაგვენახა, რომ ამ ძალასთან კოჰაბიტაცია უდიდესი შეცდომაა. თქვენ კი წინ ვეებერთელა საქმე გაქვთ გასაკეთებელი და საფიქრალი. ძალიან გაგვიგრძელდა ერთმანეთის მსგავსი დღეები, რაც საზოგადოებაში შეშფოთებას იწვევს. საერთოდ დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით მწვავედ ისაუბრა „ობიექტივის" ტელეეკრანიდან ბატონმა ბონდო მძინარაშვილმა, რაც საზოგადოების წიაღში დანახული განცდა იყო. ვფიქრობ, პარლამენტს ეს საუბარი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, იგი საზოგადოების ხმაა და აღშფოთების პირველი ნიშანია!


მიკვირს, დელეგაციაში, რომელიც პრეზიდენტს ახლდა სტრასბურგში, როგორ არ აღმოჩნდა ერთი მაინც ისეთი ადამიანი, რომელიც წამოდგებოდა, საზოგადოებას ბოდიშს მოუხდიდა და ხმამაღლა განაცხადებდა: „ძნელია, უსმინო საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს, როგორ ცრუობს მსოფლიოსა და აქ მსხდომი საზოგადოების წინაშე" და ამის შემდეგ დატოვებდა დარბაზს. ახლა იტყვიან, ეს დიპლომატიური ეთიკის დარღვევა იქნებოდა და ასე შემდეგ. მოსკოვში როცა ცხრა აპრილის საქმე განიხილებოდა და როცა ქართველი ერი შეურაცხყო საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურორმა, ჩვენი დელეგაცია ადგა და დატოვა დარბაზი (ეს გადაიცემოდა ტელევიზიით და მთელმა მსოფლიომ ნახა). მოგეხსენებათ, მაშინ ბატონ ედუარდ შევარდნაძეს ძალიან სერიოზული თანამდებობა ეკავა, იგი იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ როცა მის ერს ურცხვად შეურაცხყოფდნენ, მან დატოვა დარბაზი, მას არ უფიქრია დიპლომატთა ეთიკაზე და არც მკაცრი საბჭოთა კანონის დარღვევაზე.


თქვენ დალოცვილებო, უმრავლესობავ, როცა ქვეყნის გადამრჩენ ადამიანს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვიღაც უცხოელი ლობისტი აკრიტიკებს და შეურაცხყოფს, რატომ არ გასცემთ საკადრის პასუხს ისე, რომ ხმა ჩააგდებინოთ. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ჩვენს საქმიანობაში ჩარევის უფლება არავის აქვს. არც „ნაცმოძრაობას" აქვს მორალური უფლება, ითხოვდეს ამა თუ იმ მინისტრის კვალიფიკაციის დოკუმენტებს, თანაც თავიანთ მიერ გავერანებულ კონსტიტუციას იშველიებენ. გაახსენეთ მათ თავიანთ უწიგნურ მინისტრთა გვარები და ამით დაამთავრეთ მათთან პოლემიკა. თქვენი უმრავლესობით მოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე ზარზეიმი იყო. ამ ზეიმმა და არჩევნებში სამარცხვინოდ წაგებამ „ნაცმოძრაობის" დეპუტატები აიძულა, გარინდული და გასუსული ყოფილიყვნენ. მაგრამ როცა პარლამენტის დარბაზში გაისმა ხმა - „კოლეგებო", იმ წუთშივე დაიწყეს შეტევა. მათ ვერ იგრძნეს, რომ ქვეყანაში დიდი ცვლილებები მოხდა, რომ სხვა დრო დადგა, რომ ასპარეზზე სხვა პოლიტიკური ძალა გამოჩნდა (თუმცა, შეიძლება, არ სურდათ, დაენახათ!),ყველაფერი იქნებოდა კარგად, სიახლის დემონსტრირება უფრო მკაფიოდ გამოხატული რომ ყოფილიყო. ტელევიზიის მუშაობის სტრატეგიაც კი უნდა შეცვლილიყო, სახობრივადაც განსხვავებული. საუბედუროდ, იგი იმავე გზით აგრძელებს საქმიანობას.


მე კი მეგონა, რახან იმ ავადსახსენებელ პარლამენტის შენობაში შეხვედით, რომელიც გამარჯვების მემორიალის, გმირთა სიმბოლური სავანის ნანგრევებზეა აშენებული, თანაც ამ უგუნურებას პატარა ბავშვი და მისი დედა შეეწირა, მცირე მასშტაბის მემორიალს ან ნიშანსვეტს მაინც დადგამდით. მაშინ ურცხვი, აგრესიული ოპოზიციონერები გუგულებივით იქნებოდნენ ჩამომსხდარნი ქანდარაზე. ვაგლახ, რომ ეს ასე არ მოხდა. როცა სახელმწიფო პოლიტიკურ ტრანსფორმაციას განიცდის, სიახლეებს ამკვიდრებს, გასაგებია, ამას დრო სჭირდება. ყველაფრის უეცრად შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ პირველ რიგში საზოგადოებას უნდა ეგრძნო სამართლიანობის დროული აღდგენა, რასაც კატეგორიულად ითხოვს. ხალხი ითხოვს არჩენების წინ მიცემული დაპირების შესრულებას, ამიტომ ხართ თქვენ რჩეული ხალხისა, ამიტომ გამოგიცხადეს ნდობა. თქვენი კომენტარები და მწვავე პასუხები უმცირესობისადმი დროს გართმევთ, როცა არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ მთელ მსოფლიოს გამოუცხადოს, ჩვენს მონაპოვარ დემოკრატიას გვინგრევენ და გვიშველეთო. შესაძლოა, უფრო მეტიც იკადრონ, ჩვენი ფანტაზია რომ ვერ გასწვდება. განა ის, რასაც უცხოელნი გვთავაზობენ, რომ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადება გააკეთონ საგარეო პოლიტიკის შესახებ, არ გვახსენებს ოპოზიციის მოთხოვნას, კონსტიტუციაში აღნიშნულიყო, რომ საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლებოდა? ბევრი რამაა გასაკეთებელი და დასაფიქრებელი, საზოგადოება ძალზედ დამუხტულია და მშფოთვარე, ამიტომ, სასურველია, პარლამენტის თავმჯდომარის საჯაროდ ტელევიზიით გამოსვლა დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაამშვიდოს, აუხსნას ჭირთამთმენ ქართველ ხალხს, რომ ყველა დაპირება შესრულდება, ხოლო სამართლიანობა კი მყისიერად აღდგება. ეს არც მოწოდებაა და არც ვინმესთვის ჭკუის დარიგება, ეს ჩემი გულწრფელი ხედვაა დღევანდელი ვითარებისა.


P.S. რამდენიმე სიტყვით უნდა მივმართო პარლამენტს, იქნებ ვინმემ გაიხსენოს სიტყვები - ლიტერატურა და ხელოვნება, რომელნიც წლების მანძილზე ერთხელაც არ თქმულა. სამარცხვინოა, საქართველოში გაზეთი „ლიტერატურული საქართველო" აღარ იბეჭდებოდეს და დიდგორის მემორიალთან მისასვლელი გზა არ იყოს!



მერაბ ბერძენიშვილი

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"

2013 წლის 12 მარტი.



 

big_banner
არქივი