logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: სწორედ ამ დღეს, 1895 წლის 29 აპრილს, დაიბადა აკაკი ხორავა!
- +

29 აპრილი. 2020. 16:25

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

სწორედ ამ დღეს, 1895 წლის 29 აპრილს, სოფელ ოჩხომურში (ამჟამინდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) დაიბადა დიდი ქართველი მსახიობი და პედაგოგი, ქართული თეატრის ერთერთი ფუძემდებელი, სტალინის პრემიის 6-გზის, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის 5-გზის და ლენინის პრემიის 2-გზის ლაურეატი, აკაკი ხორავა... თანაც, სტალინის თითო პრემია მიიღო „გიორგი სააკაძის“ პირველი და მეორე სერიისთვის, ცალ-ცალკე... ანუ, ერთი ფილმისთვის - ორი პრემია... ნუ გაგაღიზიანებთ ეს ფაქტი... მაშინ, ხმელეთის 1/6 ნაწილზე მაინც, უფრო მაღალი ჯილდო არ არსებობდა...

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 1936 წელს, როდესაც აკაკი ხორავა საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში (ხელმძღვანელი - ლ. ბერია) ჩავიდა მოსკოვში, ის სტალინის წინ სიტყვით გამოვიდა ქართულ ენაზე და მისი სიტყვა რუსულად თარგმნეს...

 

აკაკი ხორავამ 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა კიევისა (1915-1917) და თბილისის (1919) უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტებზე...

 

პარალელურად მონაწილეობდა სცენის მოყვარულთა წარმოდგენებში, სხვადასხვა კლუბებსა და სახალხო თეატრში....

 

ხომ იცით, კაცს როდესაც უწერია, გახდეს დიდი შემოქმედი, იმას ვერაფერი გააჩერებს და ვერ აღუდგება წინ...

 

1922 წელს აკაკი ხორავა შევიდა აკაკი ფაღავას თეატრალურ სტუდიაში, ხოლო პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1923 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც შეასრულა ხეციას როლი დადიანის „გეგეჭკორში“ და სადაც ის მიიყვანა სანდრო ახმეტელმა.

 

მას შემდეგ, აკაკი ხორავას ცხოვრება ბოლომდე უკავშირდებოდა მის საყვარელ თეატრს...

 

1935 წლიდან გახდა მისი ერთერთი ხელმძღვანელი, ხოლო 1949-1955 წლებში თეატრის დირექტორი..1939-1944 წლებში კი ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტს, რომლის ერთერთი დამფუძნებელიც გახლდათ...

 

აკაკი ხორავა იყო დიდი ტრაგიკული პათოსის მსახიობი, გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით, საოცარი ხმის ტემბრით, სცენური მომხიბვლელობითა და გარდასახვის ოსტატობით...

 

მისი გიორგი სააკაძე, ალბანეთის გმირი სკანდბერგი, ივანე მრისხანე, არსენა, ოიდიპოსი, ოტელო, ტარიელ გოლუა, ანზორი, ბორის გოდუნოვი, პეპო, სირანო დე ბერჟერაკი, მეფე ლირი - ქართული და არა მხოლოდ ქართული ხელოვნების საგანძურშია შესული...

 

ერთ-ერთი ცნობილი რუსი კრიტიკოსის განცხადებით, შესანიშნავი ქართველი ტრაგიკოსი, აკაკი ხორავა გარკვეულწილად ასრულებდა სოციალურ დაკვეთას, ისევე, როგორც ბაბოჩკინი (ჩაპაევის როლში), ჩერკასოვი (ალექსანდრე ნეველისა და ივანე მრისხანეს როლებში), შჩუკინი (ლენინის როლში), გელოვანი (სტალინის როლში), მაგრამ ყველა სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, ამ სოციალურ დაკვეთას ხორავას ისეთი გულწრფელობა, ნიჭი და პირადი ხიბლი ემატებოდა, რომ ის უკვე დაკვეთა აღარ იყო, ის მითად იქცეოდა...

 

ჰყვებიან, რომ როდესაც აკაკი ხორავა ასრულებდა „ოტელოს“, მის წარმოდგენას იმდენი ხალხი ესწრებოდა, რომ ცხენოსანი მილიციის გამოძახებაც კი ხდებოდა საჭირო...

 

1954 წელს თბილისს ეწვია ინდოეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ კინოვარსკვლავები რაჯ კაპური და ნარგიზი, ისინი „ოტელოს“ სანახავად რუსთაველის თეატრში მივიდნენ, რაც აუწერელ სენსაციად იქცა. სპექტაკლს კინოფირზე იღებდნენ. რაჯ კაპური და ნარგიზი აცრემლებული ეხვეოდნენ მსახიობებს, ხორავას შავმა გრიმმა რაჯ კაპური და ნარგიზი ინდოელ მავრებს დაამსგავსა.

 

ბატონი მიხეილ თუმანიშვილი იხსენებდა, რომ თეატრის მოსკოვში გასტროლების დროს, პუშკინის ქუჩა ხალხით იყო გაჭედილი – ყველა ხორავას გამოსვლას ელოდა. თეატრის შესასვლელთან იგი ხელში აიტაცეს და სასტუმრომდე ასე ატარეს. ვიღაც ახალგაზრდები ხმამაღლა უკითხავდნენ ლექსებს, გაისმოდა შეძახილები: „ჩამოდით და გვასწავლეთ მსახიობის ხელოვნება! ბატონი მიხეილის მოგონებით - „ეს აქტიორული ხელოვნების ტრიუმფი იყო. ეს იყო სცენის ფიცარნაგზე დატრიალებული სასწაული, ჯადოქრობა დიდი გრძნეულისა, ჯადოქრობა და შამანობა. ალბათ, ასე ნუსხავდნენ მაყურებელს სალვინი, შალიაპინი, დუზე“.

 

ქალბატონი ნათელა ურუშაძე იხსენებდა, რომ ერთხელ მოსკოვში XX საუკუნის აღიარებული მსახიობი ვასილი კაჩალოვი მსახიობის სახლში საღამოს მართავდა. ხორავას და მის თანმხლებთ - გიგა ლორთქიფანიძესა და ნათელა ურუშაძეს ბილეთები არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც წავიდნენ, გზას ფეხით გაუდგნენ. თითქმის მთელი მოსკოვი იდგა გრძელ რიგში და ბილეთებს ეძებდა. უცებ გაისმა ძახილი: „Хорава! Хорава! Хорава идет!“ უზარმაზარი მასა ორად გაიპო და მას გზა დაუთმო.

 

საღამოს შემდეგ კაჩალოვმა სცენიდან თქვა: „შესვენებაზე მაუწყეს, რომ ამ საღამოს ესწრება გენიალური მსახიობი აკაკი ხორავა… ჩემს ხელოვნებას ვუძღვნი ყველა დროის უდიდეს მსახიობსა და შემოქმედს“.

 

1949 წელს აკაკი ხორავა მიიწვიეს ლონდონში შექსპირის ფესტივალზე, სადაც მან წაიკითხა მონოლოგი „ოტელოდან“. როდესაც დაასრულა, დარბაზში სამარისებული სიჩუმე იდგა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ხორავას მონოლოგმა მაყურებელში ემოციები არ გამოიწვია... მსახიობი დაიბნა და არ იცოდა, რა ექნა და ამ დროს, ფეხზე ადგა კომისიის თავმჯდომარე, დიდი ჩარლი ჩაპლინი, აიღო ხელში ასანთი, გაჰკრა და აანთო... მას მიჰბაძეს კომისიის სხვა წევრებმა და მთელმა დარბაზმა... თურმე, ეს ჟესტი იყო - მათი შეფასების უმაღლესი გამოხატულება“...

 

აკაკი ხორავამ რუსთაველის თეატრში 68 როლი ითამაშა, კინოში – 16, თეატრალურ ინსტიტუტში 16 სპექტაკლი დადგა. ის იყო კანის მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი.

 

აკაკი ხორავას მრავალი მეგობარი ჰყავდა: საფრანგეთში - პიკასო (შესანიშნავი ფოტოა აკაკი ხორავა და პიკასო ერთად - ძალიან გთხოვთ, ცალკე გახსენით და ნახეთ!)) და ლუი არაგონი, ჟერარ ფილიპი, ივ მონტანი და სიმონა სინიორე, გერმანიაში — ვალტერ შმიდტი და ელფრიდე ფლორინი. უამრავი მეგობარი ალბანეთში და რუსეთში. აკაკი ხორავას ოჯახურ გარემოში ნახავდით პიკასოსა და ფერნან ლეჟეს ნამუშევრებს, რომლებიც თავად ავტორებმა აჩუქეს.

 

აკაკი ხორავა იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატი, საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან სოლიდარობის კომიტეტის წევრი, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე და ა.შ. 1936 წელს მან თავად სტანისლავსკისთან, ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან, კაჩალოვთან და კიდევ ცხრა შემოქმედთან ერთად პირველმა მიიღო სსრკ სახალხო არტისტის წოდება.

 

ერთხელ აკაკი ხორავა საფრანგეთში იმყოფებოდა და ფრანგული თეატრისა და კინოს ვარსკვლავმა ჟერარ ფილიპმა ჰკითხა, „ბატონო ხორავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხართ, რა არის საჭირო, რომ თქვენ ქვეყანაში დეპუტატი გახდე?“ ხორავამ გაიღიმა და უპასუხა: „აი, მაგალითად, ისეთი მსახიობი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს დეპუტატი“.

 

მეორე დღეს პარიზის გაზეთებში მთელ გვერდზე დიაგონალით, ტექსტის ზევით დიდი ასოებით იყო დაბეჭდილი: „აკაკი ხორავამ ჟერარ ფილიპს სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა შესთავაზა!“

 

ბატონი აკაკის თანამედროვეები იხსენებდნენ, რომ ის იყო საოცრად თბილი, გულუხვი და ხელგაშლილი ადამიანი...

 

ის ზრუნავდა და ფინანსურად ეხმარებოდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახებს, მეგობრებს, ხელმოკლე სტუდენტებს. ზოგს პალტო უყიდა, ზოგს ფული აჩუქა... ბატონი რეზო ჩხეიზე იხსენებდა, რომ რესტორანში, სუფრასთან, სადაც ხორავა იჯდა, გამორიცხული ფული სხვას გადაეხადა. არავის მისცემდა ამის ნებას.

 

გიული ჭოხონელიძე თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტები სწავლის ქირას იხდიდნენ. ერთხელ სტუდენტი აკაკი ხორავას კაბინეტში შეიყვანეს ფულის გადაუხდელობის გამო. როცა დიდმა მსახიობმა გაიგო, რომ გიულის მამა გადასახლებული იყო, მან ჯიბიდან 240 მანეთი ამოიღო და გაუწოდა — „ახლავე შეიტანეო!“. ამ ამბის შემდეგ, როცა სწავლის ფულის გადახდის დრო დგებოდა და აკაკი ხორავას სიას წარუდგენდნენ, გიული ჭოხონელიძის გვარის ამოკითხვისას ამბობდა — „გადახდილია!“

 

ერთხელ გიული ჭოხონელიძემ ფული ძლივს შეაგროვა და ვალის გადახდა სცადა. აკაკი ხორავამ უარით გამოისტუმრა: „წადი, შვილო, აი, კარგი მსახიობი რომ გამოხვალ, ეს იქნება ვალის გადახდაო“.

 

როცა ელენე საყვარელიძემ აკაკი ხორავას აუხსნა, თუ რატომ არ ჰყავდა 37 წლიდან მოყოლებული მშობლები, დეკანმა უთხრა — „სწავლის ქირას აღარ გადაიხდი“. მხოლოდ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიგო ელენე საყვარელიძემ, რომ აკაკი ხორავა თავისი ჯიბიდან უხდიდა სწავლის საფასურს.

 

აკაკი ხორავას ჰყავდა შესანიშნავი მეუღლე, ასევე მსახიობი ნინო ალექსი-მესხიშვილი... დიდი არტისტი ამბობდა: „თუ რამ კარგი მაქვს, თუ რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, ნინოს უნდა ვუმადლოდეო“.

 

1972 წლის 18 ივნისს, ლოგინს მიჯაჭვული აკაკი ხორავა სიკვდილს ებრძოდა... ის 8 წელი იყო დაავადებული მძიმე სენით, მაგრამ წამლებს არ იღებდა... ავადმყოფის ოთახიდან გამოვიდა ოჯახის ახლობელი და აღელვებით იკითხა: „იცით, ახლა რა თქვა აკაკიმ? საშა, საშა, ხუთი დღეს შემდეგ შევხვდებითო…“ თეატრმცოდნე ეთერ გუგუშვილი მიხვდა, რომ აკაკი სავარაუდოდ, გულისხმობდა სანდრო ახმეტელს, რომელსაც საშას ეძახდა და რომელიც მის ცხოვრებაში მოუშუშებელ და განუკურნებად იარად დარჩა...

 

ზუსტად 5 დღეში აკაკი ხორავა გარდაიცვალა...

 

როცა აკაკი ხორავას ცხედარი რუსთაველის თეატრიდან მთაწმინდაზე უნდა გადაესვენებინათ, ეროსი მანჯგალაძის გამოსათხოვარი სიტყვა ასე დასრულდა: „მშვიდობით, ანზორ, მშვიდობით, ოძელაშვილო, მშვიდობით, კარლ მოორ, მშვიდობით, დიდო ხელმწიფევ, მშვიდობით, ოიდიპოს, მშვიდობით, გმირო ოტელო, მშვიდობით, პირველო არტისტო!“

 

და ბოლოს მინდა დავასრულო ერთი ლამაზი ეპიზოდით...

 

1965 წელს მთელი საქართველო ზეიმობდა აკაკი ხორავას 70 წლისთავის იუბილეს. ერთ-ერთი დიდი ღონისძიება ტარდებოდა ფოთში, რომელშიც მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობები. ისინი თვითმფრინავით უნდა ჩასულიყვნენ ქუთაისამდე და შემდეგ კი მანქანით ფოთამდე... აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავში იყო დარჩენილი 3 ადგილი, მსახიობი კი იყო 4. მფრინავმა, ეკიპაჟის და მგზავრების თხოვნაზე, ერთი კაცით ზედმეტი აეყვანა ბორტზე, კატეგორიული უარი განაცხადა. იმის გაგებაც შეიძლება - ის პასუხისმგებელი იყო მგზავრების სიცოცხლეზე...

 

მაშინ საქმეში ჩაერია თბილისის აეროპორტის დირექტორის მოადგილე, რომელიც ავიდა თვითმფრინავში და სთხოვა მგზავრებს - საგანგებო მდგომარეობის გამო, ვინმეს დაეთმო ადგილი და შემდეგი რეისით მას აუცილებლად გადააფრენდნენ ქუთაისში... მგზავრებში ჩოჩქოლი ატყდა...

 

ამ დროს ფეხზე წამოდგა ლამაზი და ახოვანი ვაჟკაცი და დაიძახა - „ბატონი აკაკი ხორავას გულისთვის, სკამს კი არა, სულს დავთმობო“, მოჰკიდა ხელი ჩანთას და დატოვა თვითმფრინავი...

 

როდესაც მსახიობებს ჩაუარა გვერდით, მადლობაც არ ათქმევინა, ხელი აუწია და შესძახა - „დღეგრძელობა აკაკი ხორავას!“

 

რა ცუდია, რომ ვერ გავარკვიე ამ კარგი კაცის ვინაობა...

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და კარგი ადამიანებით გარშემორტყმულ დღეს!

 

 

 

big_banner
არქივი