logo_geo
ქუთაისს მხოლოდ ასე უნდა უმღერო!
- +

18 მარტი. 2017. 19:49




სიმღერის ეს ვერსია ბევრ თქვენგანს მოსმენილიც არ ექნება. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა „ცისფერი ტრიოს" და სხვათა ცნობილი ქუთაისური ჰიტების გვერდით სიმღერის კონკრეტულად ამ ვერსიას თავისი ადგილი დაეკავებინა ღირსეულად.


არ ვიცოდი, თუ ეს კადრები ტელეკომპანია „რიონის" არქივმა შემოგვინახა.


მეგონა, მხოლოდ ჩემს მოგონებებში არსებობდა...


მახსოვდა და მიყვარდა ამ შესანიშნავი კომპოზიტორის, ჯანსუღ კახიძის სიყვარულით წარმოთქმულ-დამარცვლული ეს სიტყვა... თუ რეჩიტატივი.


გვიან აღმოვაჩინე, რომ ამ გენიოსმა კაცმა, ესმოდა რა ქუთაისის ფენომენი, გალაკტიონის ამ სტროფებს „წყალტუბოდან ქუთაისში" არ აკადრა მავანთა მიერ ხუმრობით მიწებებული „ინდუსტრიის მშენებელი".


სიმღერა დაიწყო სრულიად მოულოდნელად, იმავე ავტორის, გალაკტიონის, 1925 წელს დაწერილი ლექსის სტრიქონებით:

„იქით ნუში, აქეთ ნუში,

დახეთქილი ბროწეული,

ისევ ალუჩების ბუში

და ატმების ძოწეული".


და შემდეგ, პირველ სტროფს შეუხამა 20 წლის შემდეგ, 1945-ში გალაკტიონისვე დაწერილი სხვა ლექსის ოთხიოდე სტრიქონი:

„მოჰფენია ფერი ლილის

არემარეს იმ წყაროთა,

სადაც როსმე ყოველ დილის

გათენება მიხაროდა."


მითხრა, რომ ქალაქზე საუბრობდა და რომ არ ელოდები, სრულიად მოულოდნელად, დასცხო... „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო..."


ნუში, დახეთქილი ბროწეული, ალუჩების ყვავილები - გინახავთ აპრილის ქუთაისში? სილამაზის გარდა სურნელსაც უებარს რომ ასხივებენ. ქუთაისის ბროწეულებს ქუთაისელი პოეტი ზურაბ კუხიანიძეც ხომ უმღეროდა... და არ გიხარიათ აქ ყოველ დილის გათენება?


ეს არის მაღალი ხელოვნება, უკვდავი ნიჭი, მეგობრებო!


და ქუთაისს მხოლოდ ასე უნდა უმღერო!


ავტორი: მანუჩარ კაჭახიძე



     

 

 

წყარო: http://www.kutaisipost.ge/ 

 

 

 

big_banner
არქივი