logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: სოფიკოს რომ ამბობენ, ერთადერთი სოფიკო წარმოგვიდგება თვალწინ - სოფიკო ჭიაურელი...
- +

21 მაისი. 2020. 15:11

 

 

სწორედ ამ დღეს, 1937 წლის 21 მაისს დაიბადა ულამაზესი, უნიჭიერესი, ყველასგან განსხვავებული და ყველაფრით შესანიშნავი სოფიკო ჭიაურელი...

 

ამ წუთში დავაკვირდი, გვარი საერთოდ შემეძლო არც მეხსენებინა... საქართველოში (და, მე მგონი, ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად დამახასიათებელი ფენომენია), ზოგიერთ სახელს უგვაროდაც რომ ვიძახით, კონკრეტული ადამიანები წარმოგვიდგებიან თვალწინ… მაგალითად - ილია… ვაჟა… ნატა… ვერიკო… ასეთი სულ რამდენიმე ადამიანია…. ჰოდა, სოფიკოს რომ ამბობენ - ერთადერთი სოფიკო წარმოგვიდგება თვალწინ, ყოველთვის, ნებისმიერ ასაკში მომხიბვლელი, მომღიმარე და ეშხიანი… სოფიკო ჭიაურელი…

 

რაღა თქმა უნდა, ასეთი დედ-მამის შვილი განსაკუთრებული რომ იქნებოდა, სავარაუდოდ, თავიდანვე არავის ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ… ეს მისია, ერთი მხრივ, ძალიან საპატიოა და მეორე მხრივ, საშინლად საპასუხისმგებლო… ხშირად, ორი დიდი ხელოვანის შვილები ცოტა ინერციით, ცოტაც პროტექციით, აგრძელებენ თავისი სახელგანთქმული მშობლების საქმეს…

სოფიკო ჭიაურელის ერთადერთი პროტექცია იყო - ლეგენდარული და დიდი დედ-მამის - ვერიკო ანჯაფარიძის და მიხეილ ჭიაურელის შესანიშნავი გენები…

 

სოფიკო იხსენებდა - „სულ ვცდილობდი, ვერიკოს არ დავმსგავსებოდი. არ ეთქვათ: აი, დედას ჰბაძავსო. სულ მინდოდა, სხვანაირი, დედასგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან. ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან. „ურიელ აკოსტაშიც" ვცდილობდი, გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე. დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია“.

 

თურმე, მამას ძალიან მოწონდა მისი შესრულებული ყველა როლი, ხშირად ცრემლიც კი წამოსვლია, ხოლო ქალბატონი ვერიკო, მისი, როგორც მსახიობის მიმართ, ძალიან მომთხოვნი იყო და კრიტიკული...

 

მხოლოდ ერთხელ, ბევრი წლის შემდეგ, როდესაც ფიქრის გორაზე საოცარ სახლში შეიკრიბნენ არკადი რაიკინი, მაია პლისეცკაია და მთელი მოსკოვური ბომონდი, ქალბატონმა ვერიკომ სოფიკოს სადღეგრძელოს დროს წარმოთქვა -

 

„მე ამაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ არ შემიძლია, ახლა არ ვთქვა: ჩემი ქალიშვილი გაცილებით უკეთესი მსახიობია, ვიდრე - მე!“

 

ალბათ, რამხელა პატივია და ბედნიერება, როდესაც სხვა უამრავ მაღალ ჯილდოებთან ერთად (მათ შორის, შოთა რუსთაველის პრემია, კოტე მარჯანიშვილის პრემია, „ეკრანის დედოფლობის“ ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია), საკუთარი დედის, დიდი ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი რომ გახდები... … მისი სახელობის ქუჩაზე რომ ცხოვრობ, მისი სახელობის თეატრს რომ დააარსებ... ეს არის, ალბათ, „იმ ტაძრამდე“ მიმავალი გზა…

 

სოფიკო ჭიაურელმა 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში კი - რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ.

 

მისი სცენაზე პირველი ნათლობა კი მოხდა თელავში, როდესაც ის იყო 8 წლის... გადიოდა სპექტაკლი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და პატარა სოფიკო კულისებიდან შეჰყურებდა სცენას...

უცებ ვიღაცის უხილავმა ძალამ ხელში აიტაცა და თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, რომ სცენაზე აღმოჩნდა. „იცეკვე, გენაცვალე“, - ჩაესმა მამაკაცის ხმა. მოიხედა და დაინახა გიორგი შავგულიძე.

 

ასე რომ, სწორედ ბატონმა გიორგიმ პირველად დაადგმევინა ფეხი ქართული თეატრის სცენაზე...

 

სოფიკოს მიერ შესრულებული როლების დიაპაზონი უზარმაზრია - ჟანა დ’არკი, ჯულიეტა, ანტიგონე, ჰერმია, ივდითი, ანაისი, დარეჯანი, ხატია, ანა კარენინა, გრასიელა, საოცარი სარე, რომლის შემდეგ, ყველა თბილისელი მეეზოვე კიდევ უფრო შეგვიყვარდა...

 

სარეს ცეკვა ხომ საერთოდ უნიკალურია... მაგრამ

უნიკალურზე უნიკალურია სოფიკოს „კინტოური“...

 

თავად ქალბატონმა ნინო რამიშვილმა, რომლისთვისაც პროფესიონალურ საკითხებში ქათინაურები სრულიად მიუღებელი იყო, ბრძანა - „როცა სოფიკოს კინტოურს ვუყურებ, თითქოს პირველად ვხედავ ამ ცეკვას. ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნებას ვიღებ! ვერავინ ცეკვავს ასე, ასეთი საოცარი პლასტიკით, საოცარი შინაგანი განცდით!“...

 

სოფიკო ჭიაურელმა თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი შეასრულა... სერგეი ფარაჯანოვი, რომელიც მას თავის მუზად თვლიდა, ამბობდა - „სოფიკოსთან ერთად ფილმში შემოდის უზარმაზარი სილამაზე“...

 

ის პირველად ეკრანზე გამოჩნდა 1957 წელს, ციცინოს როლში, რეჟისორ რეზო ჩხეიძის საოცრად თბილ ფილმში „ჩვენი ეზო“… ამდენი წელი გავიდა და დარწმუნებული ვარ, ის, 20 წლის სოფიკო ყველას გახსოვთ…

 

მერე იმდენი როლი ითამაშა, რომ მათი ჩამოთვლა შეუძლებელია, ყველა გვახსოვს და ყველა გვიყვარს… მაგრამ, მისმა ფუფალამ თენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“ სულ სხვა სოფიკო დამანახა… არ მეგონა, რომ მას ჩემი გაკვირვება კიდევ რაღაცით შეეძლო… თურმე, შეძლო და მერეც არაერთხელ შეძლო…

 

განსაკუთრებით მიყვარს სოფიკოს დედოფალი ანა საიათნოვა, სერგო ფარაჯანოვის „ბროწეულის ფერში“...

მე მგონი, იმის მერე ბროწეულებს სხვანაირად აღვიქვამ... თითქოს რაღაცა ზეციური სიბრძნე დააქვთ...

 

დიდი ბედნიერება მხვდა წილად - ქალბატონ სოფიკოს პირადად ვიცნობდი… დღემდე მახსოვს, რომ ყოველ მის დანახვაზე, ისეთი სითბო მეღვრებოდა გულში… საოცარი გაღიმება იცოდა შორიდან… თუ ახლოს გავბედავდი ხოლმე მისვლას, ჩამეხუტებოდა… აუცილებლად რაღაცა კომპლიმენტს მეტყოდა და ბოლოში დაამატებდა - „ნამდვილი ანჯაფარიძე ხარო“… თან ჩუმად მეუბნებოდა ... ეტყობა, ჭიაურელებს რომ არ ეეჭვიანათ...

 

ერთხელ, მოსკოვში როცა ვმუშაობდი საელჩოში, ბატონი ზურაბ აბაშიძის ელჩობის პერიოდში - ჩვენთან ბატონი კოტე მახარაძის წიგნის პრეზენტაცია ჩატარდა… მთელი მოსკოვის ინტელიგენცია ესწრებოდა… საელჩოში ტევა არ იყო… ქალბატონი სოფიკო და ბატონი კოტე დანიშნულზე ცოტა გვიან მობრძანდნენ, თანაც დაგვიანებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ… ბატონ კოტეს უნდა მოესწრო წიგნზე ავტოგრაფების დატოვება და ხალხი კი უკვე საელჩოს დერეფნებში დადიოდა, ამიტომაც შევთავაზე, ქვევით, პატარა და მყუდრო კაფეში ჩასვლა…

 

შევედით… ბატონი კოტე მიუჯდა მაგიდას და დაიწყო წიგნების ხელმოწერა… უნდა გამოგიტყდეთ და იმ დღეს რაღაცა სერიოზული პირადი პრობლემები გამიჩნდა და ქალბატონმა სოფიკომ შეამჩნია… გვერდზე გამიყვანა… არაფერი არ უკითხავს, მაგრამ ისეთი თვალები ქონდა და ისე შემომხედა, რომ ყველაფერი მოვუყევი… ასე მეგონა, გვერდში უახლოესი ადამიანი მედგა…

 

ქალბატონმა სოფიკომ კი, მომიყვა პატარა და შესანიშნავი ისტორია იმაზე, ბატონი კოტე მისი გულისთვის თოვლიან ხევში რომ გადაეშვა და ისიც რომ გაჰყვა… ბოლოში კი ერთი შესანიშნავი რჩევა მომცა — „თუ გიყვარს, აპატიეო… თუ ვერ აპატიებ, ესე იგი, არ გყვარებიაო“… მერე ადგა და ბატონი კოტეს მაგიდასთან მივიდა და ჩაეხუტა…

 

ვითომ არაფერი… სულ რაღაცა უბრალო ფრაზა… სამწუხაროდ, მას მერე ქალბატონი სოფიკო აღარ მინახავს და ვერ ვუთხარი, რომ მისმა იმ დღეს ნათქვამმა სიტყვებმა ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამე შეცვალა… რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ…

 

ყველამ იცის ქალბატონი სოფიკოს და ბატონი კოტეს სიყვარულის ამბავი, რომელიც 30 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მჯერა, რომ დღესაც გრძელდება, ოღონდ სხვა განზომილებაში… ეს ის უბედნიერესი შემთხვევაა, როდესაც ორი ადამიანი უერთმანეთოდ ვერ არსებობდა, ვერ ქმნიდა, ვერ სუნთქავდა… თბილისში თავის დროზე განთქმული „დონ-ჟუანი“ სოფიკოს ისეთი შეყვარებული თვალებით უყურებდა, რომ შენც რაღაცა ძალა გეძლეოდა… სიყვარულზე დიდი ძალა კი არ არსებობს…

 

როდესაც ბატონ კოტეს საქართველოს გარედან მიჰყავდა სპორტული რეპორტაჟები, ქალბატონი სოფიკო მთელი გულისყურით უსმენდა... ალბათ, ბევრს სპორტის დიდი მოყვარული ეგონა... სინამდვილეში კი, ბატონი კოტე ამ რეპორტაჟებში გადასცემდა ინფორმაციას, რომლის გაშიფვრაც შეეძლო მხოლოდ სოფიკოს... ინფორმაცია შეეხებოდა მისი დაბრუნების შემდეგ მათი პაემანის ადგილსა და დროს...

 

საოცარი კი ის არის, რომ ეს გრძნობა ვერ გაახუნა ვერავითარმა წლებმა...

 

როდესაც ბატონი კოტე უკვე ვერ გრძნობდა თავს კარგად, ისინი ისვენებდნენ ქობულეთში... და სოფიკო, მის გასახალისებლად და სავარაუდოდ, მისთვის მთელი დაგროვილი გრძნობის გამოსახატავად, აფრინდა ცაში პარაშუტით...

 

არ გავამხელდი მის ასაკს, თავად რომ არ გაესვა ხაზი - 65 წლის იყო...

მთელი პლაჟი ტაშს უკრავდა...

 

მეც ტაშს ვუკრავ და მუხლს ვიდრეკ ამ დიდი ქალბატონის და მისი სიყვარულის ნიჭის წინაშე...

 

მშვენივრად მესმის, რომ წუთისოფელს თავისი კანონები აქვს და მათი შეცვლა ადამიანებს, სამწუხაროდ, არ ძალუძთ… მაგრამ ასეთ დიდ და მართლა გამორჩეულ ადამიანებზე რომ ვწერ, რომლებმაც თავისი წასვლით გული მხოლოდ კი არ გვატკინეს… დაგვიცარიელეს…

 

მგონია ხოლმე, იქნებ შეიძლებოდა მათთვის რაღაცა გამონაკლისი რომ ყოფილიყო… არწასვლა თუ არა, იქნებ, დაბრუნება მაინც შეეძლოთ… როდისმე… მერე… ჩვენი შემდგომი თაობების გასახარებლად…

 

რეჟისორმა ვსევოლოდ შილოვსკიმ სოფიკო ცისარტყელას შეადარა...

საოცარი შედარებაა...

 

სოფიკო მართლა იყო სხვანაირად მრავალფეროვანი, მხიარული და მზიანი...

ყველაფერს ალამაზებდა ირგვლივ...

და დღეს ისე გვაკლია ყველას ეს გალამაზება...

 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და გულში ცისარტყელიან დღეს!

 

 

 

big_banner
არქივი