logo_geo
რეზო ჩხეიძე: მერის სილამაზე ისტორიის საკუთრებად იქცა, რაც გალაკტიონმა შექმნა
- +

20 ივნისი. 2020. 19:17

 

 

 

როდესაც მერი შერვაშიძის ოჯახი რუსეთში, მეფის კარზე იმყოფებოდა, რევოლუცია მოხდა, რის შემდეგაც ემიგრაციაში პარიზში წავიდნენ. ამიტომ როცა მე და რეზო თაბუკაშვილმა ვნახეთ, ის უკვე თავშესაფარში ცხოვრობდა....

 

ამის შესახებ არ მიკითხავს, მაგრამ, ალბათ, გაუჭირდა ცხოვრება, ნათესავებიც გარდაეცვალა. თავშესაფარში მას ცალკე ოთახი ჰქონდა, მახსოვს, იქვე პირსაბანი ედგა. ის არაჩვეულებრივად კეთილშობილი და ლამაზი ქალბატონი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოც წელს იყო მიტანებული.

 

მე და რეზომ ვკითხეთ გალაკტიონის შესახებ და ლექსზე "მერი", რომელიც მას პოეტმა მიუძღვნა, რაზეც გვიპასუხა, რომ გალაკტიონს არც იცნობდა და არც მისი არსებობის შესახებ იცოდა რაიმე. გალაკტიონმა სახელი რომ გაითქვა, იგი რუსეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა და მეფის კარზე მუშაობდა, საქართველოსგან იყო მოწყვეტილი.

 

მან თქვა, რომ თუ ნამდვილად მას მიუძღვნა გალაკტიონმა ეს ლექსი, როგორც ახლა იწერება, რა თქმა უნდა, ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უარყო ეს ყოველივე.

 

რეზომ უთხრა, რომ ამბობდნენ, რუსეთის მეფე ყურადღებას გაქცევდათ, როგორც ულამაზეს ქალიშვილსო, ესეც უარყო. ასე რომ, რითიც შეეძლო მას ეამაყა და დაედასტურებინა, რომ მართლაც გაგიჟებული იყო გალაკტიონი მასზე და ნიკოლოზ მეფეც მოხიბლული გახლდათ მისით, უარყოფდა. ის ძალიან თავმდაბალი ქალბატონი იყო.

 

გალაკტიონის დღიურებში ბევრი საუბარია მის მეუღლეზე, რომელიც დააპატიმრეს, მაგრამ მერიზე არაფერი წერია. რა თქმა უნდა, ლექსი "მერი" გენიალურია, ვინ იყო ეს ქალი, არავინ იცის, ბუნებრივია, ის ულამაზესი გახლდათ. ეს ამბავი ქუთაისში ხდებოდა....ქუთაისი კი პატარა ქალაქია და გავრცელდა ხმა, რომ ლექსი მერი შერვაშიძეს ეძღვნებოდა. თავად მერი კი იმდენად პატიოსანი იყო, ამას უარყოფდა.

 

მერი მოხუცებულთა თავშესაფარში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზეს.

 

მერის სილამაზე ისტორიის საკუთრებად იქცა, რაც გალაკტიონმა შექმნა. ცნობილ რუსმა მხატვარმა საველი სორინმა (საველი აბრამოვიჩ სორინ, 1878-1953 წწ.) დახატა მერი შერვაშიძე და ეს პორტრეტი ამჟამად მონაკოს პრინცის სასახლეში ინახება, მიუხედავად იმისა, რომ მხატვარმა სურათი საქართველოს უსახსოვრა.

 

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე

 

big_banner
არქივი