logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: მადლობა ნიუ-იორკელ მოუსვენარ ფანტაზიორსა და გამომგონებელ გეილ ბორდენს, რომელმაც გვაჩუქა ასეთი გემრიელი გამოგონება...
- +

19 აგვისტო. 2020. 14:14

 

 

 

ძალიან დილა მშვიდობის!

ჩემს ჯემალიკო-მამიკოს ჰქონდა „შინაგანი“ საათი...

 როცა არ უნდა გეკითხა, ზამთარი იყო თუ ზაფხული,

 დილა თუ ღამე,

შუაძილშიც რომ გაგეღვიძებინა,

მთვრალი, ფხიზელი...

საათს ამბობდა მაქსიმუმ 5-10 წუთის ცდომილებით...

გარდა ამისა, ეტყობა, ძალიან უყვარდა გალიჩკა და სულ წინასწარ აფრთხილებდა, რაც არ უნდა გაეკეთებინა...

 

მაგალითად, მაღალ შკაფზე არ დაეწყო ცარიელი ბოთლები (2 დღეში თავში დაეცა გალიჩკას კი არა, ჯემალს),

 

არ დაეკიდა წიგნის ჩეხური თარო ჯემალის საწოლის თავზე...

ბუნებრივია, ისევ ჯემალის დაეცა, მაგრამ წინასწარ ბალიში მეორე მხარეს გადაიტანა...

ერთხელაც, გალიჩკა, კვირა იყო და ნამცხვარ „იდეალს“ აკეთებდა...

მისთვის კი საჭირო იყო ყავისფერი „სგუშჩონკა“...

ანუ, უნდა აგედუღებინა ქვაბიან წყალში და მერე გაგეხსნა...

ჯემალიკო შევიდა სამზარეულოში,

დაინახა, ქვაბში რომ დუღდა „სგუშჩონკა“, ბრაზიანად  და გალიჩკას უთხრა - „რაღაცა ცუდად დუღს, არ მომწონსო“...

გალიჩკამ ყურადღება არ მიაქცია და 5 წუთში აფეთქების ხმა გაისმა...

„სგუშჩონკა“ აფეთქდა და ისე დასვარა ყველაფერი სამზარეულოში, რომ რემონტი გაგვიხდა გასაკეთებელი...

ადრე დავწერე სახუმარო ლექსი ჩემს ახალგაზრდობაზე...

 

საბჭოთა „შპროტები“...

მკაცრები...„სტროგები“... და

ყველგან „სგუშჩონკა“

სქელი...

მე კომკავშირული მაცვია

შორტები და

ნათელ მომავალს

ველი...

 

მერე კი გავიგე, რომ „სგუშჩონკას“ საერთოდ არაფერი არ ჰქონია საერთო საბჭოთა კავშირთან...

 

ზუსტად ამ დღეს, 1856 წლის 19 აგვისტოს კი,  ამერიკელ გამომგონებელსა და მეწარმეს გეილ ბორდენს გადასცეს შედედებული რძის გამოგონების დამადასტურებელი პატენტი.

 

თავად ბორდენი - საოცარი კაცი გახლდათ...

რომ შეხედოთ, საშინლად „სერიოზნია“, მაგრამ...

ერთადერთი, რისიც ამ ცხოვრებაში მშურს - ადამიანი რომ მთელი ცხოვრება იმას აკეთებს, რაც უნდა და არავისი აზრი არ აინტერესებს...

თავისი გზით მიდის... სადაც უნდა, იქ უხვევს, საკუთარ ჩიხსაც თავად არჩევს...

 

მაგალითად გეილ ბორდენი,  სანამ შედედებული რძის რეცეპტს გამოიგონებდა,   მათემატიკას ასწავლიდა მისისიპის სკოლაში, შემდეგ დამოუკიდებლად შეისწავლა ტოპოგრაფია და დაინიშნა ტეხასის შტატის დამაარსებლის სტივენ ფულერე ოსტინის ოფიციალურ ტოპოგრაფად.

 

ცოტა ხანში მას ეს პროფესიაც მობეზრდა და დააარსა ტეხასური ყოველდღიური გაზეთი „Telegraph and Texas Redister“, რომლისთვისაც, სხვათა შორის, თავად წერდა პუბლიკაციებს.

მალე ჟურნალისტიკასაც დაანება თავი და გადასახლდა კუნძულ გალვესტონზე, სადაც დაიწყო მიწის ნაკვეთების გაყიდვა.

 

პარალელურად ბორდენი სულ რაღაცას იგონებდა. შექმნა „მოძრავი საცურაო პავილიონი“ - გადასატანი კაბინა, რომლის საშუალებითაც მანდილოსნებს შეეძლოთ საცურაო  კოსტუმის პირდაპირ პლაჟზე გამოცვლა;

 

გამოიგონა მაგიდა მბრუნავი ცენტრით, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ სუფრის ნებისმიერ ადგილზე მჯდომ ადამიანს ყველა კერძის გასინჯვა შეეძლო. როგორც ჩანს, ბორდენს თავიდანვე აინტერესებდა „გასტრონომიული“ თემა.

 

ცხოვრების შემდგომი რამდენიმე წელი ბორდენმა დაუთმო საკვების და, კერძოდ, ხორცის ხანგრძლივი შენახვის პრობლემას და სპეციალურად მოგზაურებისთვის შექმნა ე.წ. „ხორცის ორცხობილა“, რისთვისაც ჯილდოც მიიღო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე.

 

თუმცა, თვითმხილველები და თვითგამსინჯველები  ირწმუნებოდნენ, რომ მისი „ხორცი“, მაღალკალორიულობისა და პრაქტიკულობის მიუხედავად, ისეთი უგემური იყო, რომ ჯერ კიდევ საკითხავი იყო, რას არჩევდა მოგზაური - მის გასინჯვას თუ შიმშილით სიკვდილს…

 

როდესაც დაჯილდოებული და კმაყოფილი ბორდენი ლონდონიდან ამერიკაში გემით ბრუნდებოდა, მასთან ერთად მოგზაურ ძროხებს რაღაც ავადმყოფობა შეეყარათ და წველაც შეწყვიტეს.   ამის შედეგად რძის პროდუქტების გარეშე დარჩნენ გემზე მყოფი ბავშვები, რამაც სერიოზული სირთულეები გამოიწვია. და, აი, აქ ბორდენი დაფიქრდა იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, შეექმნა რძის ხანგრძლივად შენახვის მექანიზმი.

 

მან გადაწყვიტა რძის შედედება.

 

არ დაიჯერებთ და ბორდენი ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ ხარშავდა რძეს სხვადასხვა ფორმის და შემადგენლობის ჭურჭელში.

 

გაფლანგა მთელი თავისი ქონება და ასე მოკვდებოდა სიღარიბეში, ერთხელაც ყურადღება რომ არ მიექცია იმისთვის, რომ სამზარეულოში მოფუსფუსე ერთ-ერთმა ქალმა ქვაბს, საკვები რომ არ მიმწვარიყო, ქონი ამოუსვა… 

 

ერთ წელიწადში გეილ ბორდენმა დააპატენტა „შედედებული რძის მომზადების“ უმარტივესი, მაგრამ პირადად მისი მეთოდი, კომერციული ნიჭიც გამოიყენა და სულ ცოტა ხანში ისე გამდიდრდა, რომ რამდენიმე მომავალი თაობის ღირსეული ცხოვრება უზრუნველყო.

 

ალბათ ყველას გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც თბილისში ჯერ კიდევ ასე უხვად არ იყო გახსნილი კოოპერატივები და საცხობები, კვირაში ერთხელ კი თითქმის ყველა ოჯახში ცხვებოდა ტკბილეული.

 

მაშინ, როგორც წესი, გავრბოდით ლურჯ ქაღალდში გახვეული, 55-კაპიკიანი „სგუშჩონკის“ საყიდლად და, როცა გამოვიყენებდით ცომსა თუ კრემში, აუცილებლად ამოვუსვამდით შიგნით კოვზს ან თითს (თითით უფრო გემრიელი იყო).

 

ერთხელ დედამ მამიკოს დაურეკა სამსახურში და სთხოვა, „სგუშჩონკა“ მომიტანეო და მამამაც საღამოს მოუტანა, მაგრამ დედამ ის ქილა რომ დაინახა, სიცილით მოკვდა, რადგან ჩვეულებრივი კი არ იყო…

 

არა, ეტიკეტი ზუსტად ისეთივე ჰქონდა, მაგრამ 3-ლიტრიანი ქილაში იყო ჩასხმული. თურმე, მამას ვიღაცამ აჩუქა. მაშინ გავიგეთ პირველად, რომ ციმბირში და იმ ადგილებში, სადაც ციხეები და კოლონიები იყო განთავსებული, დიდი „სგუშჩონკები“ იყიდებოდა.

 

ასე სულ ცოტა ხნით დაგაბრუნეთ ბავშვობასა და ახალგაზრდობაში. ამისთვის მადლობა ნიუ-იორკელ მოუსვენარ ფანტაზიორსა და გამომგონებელ გეილ ბორდენს, რომელმაც გვაჩუქა ასეთი გემრიელი გამოგონება...

 

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ  და დიდ „სგუშჩონკიან“ ტკბილ დღეს!

 

big_banner
არქივი