logo_geo
334 დაღუპული, მათგან 186 ბავშვი – ბესლანის შავი სექტემბერი
- +

8 სექტემბერი. 2020. 22:00

 

 

16 წლის წინ, 2004 წლის პირველ სექტემბერს ბესლანში ტერორისტთა ჯგუფმა № 1 სკოლა აიღო.

 

ტრადიციულ ცოდნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე თავი 895-მა მოსწავლემ, 59 პედაგოგმა და უცნობი რაოდენობის მშობელმა მოიყარა. ღონისძიება, დილის 10 საათიდან, სიცხიანი ამინდის გამო, დილის 9 საათზე გადაიტანეს. ადგილზე ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი აღმოჩნდა, ვინაიდან რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და მშობლებმა ბავშვები თან წაიყვანეს.

 

შეიარაღებული ძალოვანები სკოლასთან „გაზ-66“-ით და „ვაზ-2107“-ით მივიდნენ“. ტერორისტებმა სკოლის შენობაში ძალით 1100-ზე მეტი ადამიანი: ბავშვები, მშობლები და სკოლის პერსონალი შეიყვანეს. შექმნილ ვითარებაში რამდენიმე ათეულმა უფროსკლასელელმა გაქცევა მოახერხა.

 

მძევალთა უმრავლესობა სპორტდარბაზში მოათავსეს, ხოლო დანარჩენები სატრენაჟორო დარბაზში, სასადილოსა და საშხაპეებში. გაზ-66-დან ტერორისტებმა იარაღი და ასაფეთქებლები გადმოზიდეს. ისინი კარგად იყვნენ შეიარაღებულები: კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით, ყუმბარმტყორცნებითა და ტყვიამფრქვევებით. სპორტდარბაზთან მისასვლელი გზა და თავად სპორტდარბაზიც დანაღმული იყო.

 

„თუკი რომელიმე ჩვენგანს მოკლავენ, დავხვრეტთ 50 ადამიანს, თუკი რომელიმე ჩვენგანს დაჭრიან – მოვკლავთ 20 ადამიანს, თუკი ჩვენგან 5 ადამიანს მოკლავენ, ჩვენ ყველაფერს ავაფეეთქებთ, თუკი გამორთავენ შუქს და კავშირს, დავხვრეტთ 10 ადამიანს.“ – თავიდანვე განაცხადეს ტერორისტებმა 11:35 საათზე ერთ-ერთ მძევლისთვის გამოტანილ წერილში. ამავდროულად, მათ მოლაპარაკებებისთვის მოითხოვეს ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ძასოხოვი, ინგუშეთის პრეზიდენტი და ბავშვთა ექიმი ლეონიდ როშოალი.

 

19:00 საათზე ტერორისტები მობულური ტელეფონით გამოვიდნენ კავშირზე. მათ უარი თქვეს მძევლებისთვის საკვებისა და წყლის გადაცემაზე, იმ არგუმენტით, რომ მათში შესაძლოა ფსიქოტროპული ნივთიერებები ყოფილიყო მოთავსებული.

 

დილით ადრე, 2 სექტემბრეს მათ უარი განაცხადეს ბავშვების უფროსებზე გადაცვლაზეც.

 

16:00-ისთვის სკოლაში ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი, რუსლან აუშევი შევიდა. მოლაპარაკება საკვების გადაცემის თაობაზე იფუჭი აღმოჩნდა, მაგრამ მან 24 ქალის გამოყვანა შეძლო, ჩვილებთან ერთად.

 

ამ დროს სიცხემ და სასმელი წყლის არქონამ ბავშვები მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა: ბევრს გული მისდიოდა. ტყვეები იძულებულები იყვნენ, მათ მიერ მასწავლებლებისთვის მოტანილი ყვავილების ფოთლები ეჭამათ და საკუთარი შარდი დაელიათ, ვინაიდან ტერორისტებმა წყალი გადაკეტეს.

 

3 სექტემბერს, 13:04-ზე სპორტდარბაზში, მიყოლებით, ორი აფეთქება მოხდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მძევლებმა ფანჯრებიდან გადმოხტომა დაიწყეს, ტერორისტებმა მათ ცეცხლი გაუხსნენს და 29 ადამიანი მოკლეს.

 

პირველი აფეთქებებიდან 5 წუთის შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

 

13:31-ზე ტერორისტებმა ადრე დამონტაჟებული ასაფეთქებლების აფეთქება დაიწყეს სპორტდარბაზში და ქაოსურად ესროდნენ მძევლებს.

 

13:50-ზე რუსი სპეცრაზმელები სკოლის შენობაში შევიდნენ. სპეცრაზმელთა მეორე ნაწილი საცხოვრებელ რაიონში შეფარებულ ტერორისტებს ებრძოდა. სახლი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ტანკებით დაბომბეს.

 

დაახლოებით, 14:08-ზე მთელი სკოლა, დანაღმული სპორტდარბაზის გარდა, სპეცრაზმის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. დაჭრილებისა და დაღუპულების გამოყვანა დაიწყეს. სასწრაფო დახმარების მანქანები და საკაცეები არ ჰყოფნიდათ. დასახმარებლად ადგილობრივი მოსახლეობა მიდიოდა.

 

15:50-ზე სპეცრაზმი სკოლის სპორტდარბაზში შეიჭრა და მისი განაღმვა დაიწყო. ოპერაციას 3 სექტემბრის საღამოსთვის უკვე დასრულებული იყო.

 

ტერაქტის შედეგად ბესლანში 334 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან უმრავლესობა ტყვეები იყვნენ, მათდ შორის, 186 ბავშვი 1-დან 17 წლამდე. 4 სექტემბერის დილისთვის ბესლანის საავადმყოფოში 700-მდე დაჭრილი შეიყვანეს, მათი დიდი ნაწილიც ბავშვები აღმოჩნდნენ.

 

ტერორისტული აქტის ორგანიზების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე შამილ ბასაევმა აიღო. სხვადასხვა ინფორმაციით, 32 ტერორისტიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი – ნურფაშა კულაევი დარჩა, რომელიც სამუდამო სასჯელს იხდის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი