logo_geo
1937 – ში რეპრესირებული უნიკალური რეცეპტის ავტორის ისტორია
- +

22 სექტემბერი. 2020. 00:48

 

 

 

გამოჩენილ ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შიო ჩიტაძისა და უსტინა შჩერბანი-ჩიტაძის ვაჟი დაიბადა კიევში 1901 წლის 14 ოქტომბერს. მისი მამა მე-2 სათავადაზნაურო გიმნაზიის ინსპექტორი, 1906 წელს გიმნაზიის შენობაშივე მოკლეს, რის შემდეგაც დედამ თავი მოიკლა და ობლები – ვასილი და მისი ძმა მამიდამ აღზარდა.

 

გორის სასულიერო სკოლის დამთავრების შემდეგ 1919 წელს, ექვთიმე თაყაიშვილის რეკომენდაციით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ვასო ჩიტაძე სასწავლებლად გააგზავნა ქ. გრენობლში (საფრანგეთი). 1928 წელს დაამთავრა გრენობლის უნივერსიტეტის ელექტროქიმიური და ელექტრომეტალურგიული ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იქვე, რეიპერის მეტალურგიულ ქარხანაში. საქართველოში დაბრუნდა 1931 წელს, სწორედ იმ დროს, როცა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ასაგებად შეიქმნა „საპროექტო ბიურო“ და ქარხნის დასაპროექტებლად მოწვეული იქნა გერმანული ფირმა „სიმენს-ჰალსკე“. ზესტაფონის ქარხნის მშენებლობა დამთავრდა 1933 წელს და სამშობლოში დაბრუნებული ვასო ჩიტაძე დაინიშნა ქარხნის №1 სადნობი საამქროს უფროსად. ვასილ ჩიტაძე არის ჭიათურის მაღალხარისხოვანი მანგანუმის გამოყენებით შექმნილი ფერაშენადნობის უნიკალური რეცეპტის ავტორი, მან შესწორება შეიტანა ფირმა „სიმენსის“ მიერ დაპროექტებულ ელექტროღუმელების მუშაობაში, მოაწყო სპეციალური მაცივარი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფეროშენადნობთა მიღების ტექნოლოგია. ვასილ ჩიტაძე აღიარებულია საქართველოს თანამედროვე მეტალურგიული წარმოების ერთ ერთ ფუძემდებლად.

 

დააპატიმრეს ზესტაფონში, 1937 წლის 29 ივნისს. 1937 წლის 9 ნოემბერს შედგა შინსახკომის სამეულის სხდომა, რომელმაც განუსაზღვრა მუხლები 58-1ბ (სამშობლოს ღალატი), 58-7 (ძირგამომთხრელი საქმიანობა), 58-8 (ტერორიზმი), 58-9 (კომუნიკაციების კონტრრევოლუციური მიზნით განადგურება ან დაზიანება), 58-11 (ორგანიზებული მოქმედება ხელისუფლების დასამხობად). ბრალად დასდეს: რომ გადაბირებული იყო საფრანგეთში ქართული ნაციონალ-სოციალისტური ემიგრაციის ხელმძღვანელის სპირიდონ კედიას მიერ. სსრკ-ში შემოგზავნილი იყო დივერსიულ-ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად. გახდა კ/რ ტროცკისტული, ტერორისტულ-ჯაშუშური და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი ფეროშენადნობთა ქარხნაში, სადაც ეწეოდა დივერსიულ საქმიანობას. ინფორმირებული იყო და მიიღო დირექტივა კ/რ ორგანიზაციისგან ტერორის განხორციელების შესახებ. ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ.

 

ვასილ ჩიტაძეს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია, რაც აღასრულეს 1937 წლის 10 ნოემბერს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი