logo_geo
თენგიზ გაჩეჩილაძე: აუქშიეთ!.. შეტევა სპორტსმენებზე და ქართულ სპორტზე...
- +

23 სექტემბერი. 2020. 17:08

 

 

 

აუქშიეთ!..

 

შეტევა სპორტსმენებზე და ქართულ სპორტზე...

 

არასოდეს გამჩენია სურვილი პოლიტიკასთან ახლოს გაკარებისაც კი. მთელი ცხოვრება, სიყვარულით ვემსახურე საქმეს, რომელიც ყმაწვილობიდან ავიმგზავრე, ორიენტირიდან კი არასოდეს გადამიხვევია. დამგზავრებულ თანამოაზრეებთან ერთად, ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის პერიოდში იყო დამოუკიდებელი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნება, ფეხბურთის ფედერაციის საკავშიროდან გამოყოფასა და დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებაში თანადგომა, ეროვნული ნაკრები გუნდებით თუ სპორტსმენებით საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებლად პირველ გასვლების ორგანიზებაში მხარდაჭერა-ხელშეწყობა და ა.შ. ჩვენი პოლიტიკა ასეთი საქმეები იყო მხოლოდ...

 

პოლიტიკაზე საჯაროდაც არასდროს გავხმაურებულვარ. პარლამენტში კენჭისყრაზეც უარი ვთქვი თავის დროზე. საკუთარი ხელით გავანადგურე სააგიტაციო პლაკატები - ერთადერთი ეგზემპლარი შემოვინახე ფაქტად მხოლოდ. 1992 წელს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიაში წამყვან სპეციალისტად მიწვევაზე კი დავთანხმდი მის თავმჯდომარეს, ცხონებულ ბეჟან ხურციძეს. მაშინაც, სპორტსმენები, როგორც ყოველთვის, იყვნენ პარლამენტში და უწინარესად მუშაობა დავიწყეთ სპორტის კანონზე. მე მომენდო სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება და კოორდინაცია. როგორ დამავიწყდება, რა მონდომებით ამოგვიდგა მხარში იურიდიული და სხვა კომისიებიც.

 

სწორედ მაშინ, პარლამენტარ ჟიული შარტავას თხოვნით დავუჭირეთ მხარი ჯუმბერ ლეჟავას ველოსიპედით მსოფლიო მოგზაურობის წამოწყებას. ჩვენ ხელში გაიარა დამოუკიდებელი ეროვნული სპორტული ფედერაციების დაფუძნების მთელმა პროცესმა, თავისუფალი ქართული სპორტის პირველი ბიუჯეტის ფორმირებამ და ა. შ. მოგვიანებით, ვიყავი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი - ბავშვთა სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.

 

„ლელოს“ პარალელურად საპარლამენტო კომისიაში თუ კომიტეტში დიდხანს მუშაობამ დამარწმუნა, რომ სპორტი ის ერთადერთი სფერო იყო, რომელის მიმართ ინტერესს ერთნაირად იჩენდნენ დეპუტატები, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, სპეციალობა-პროფესიისა თუ ასაკისა.

 

ვერ ვიტყვი, რომ პარლამენტში ეს დამოკიდებულება გაუცხოვდა. ამას მოწმობს კომისია-კომიტეტის მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული უამრავი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელთა მიღებით საოცრად მომძლავრდა ქართული სპორტი. ქვეყნის მსხვილ ცენტრებში, რეგიონებშიც და, რაც მთავარია, სოფლადაც აღმაფრთოვანებლად გაუმჯობესდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ბოლო წლებში, მარტო ფონდ „ქართუს“ მადლიანი ქველმოქმედებით, ნახეთ, რამდენი მილიონია დახარჯული. რამდენი პროექტი განხორციელდა, როგორი მხარდაჭერა აქვთ სპორტულ ფედერაციებს და კლუბებს, სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის განხილვა-მოსმენები დამკვიდრდა პრაქტიკაში და ა.შ. კონსოლიდაცია კი არასდროს ყოფილა ისეთი ერთსულოვანი და ორიენტირებული ურთიერთგაძლიერებით წინსვლაზე, როგორც ბოლო წლებში, რაც სპორტის სახელმწიფო ორგანოსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მუშაობის სტილად იქცა. ვიცი და ვამბობ ხმამაღლა, ყველაფერი სათავეს იღებს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოდან, რომლის იმპულსის მიმცემი და შემოქმედი არის სპორტის საპარლამენტო კომიტეტი, მასში გაერთიანებული ქართული სპორტის ეროვნული და სოციალური მნიშვნელობის დამფასებელი სპორტსმენი თუ არასპორტსმენი დეპუტატები.

 

ახლა ეს ყველაფერი იმის ხაზგასასმელად გავიხსენე, რომ სპორტის სამყაროდან ხალხის რჩეულები, ყოველთვის ღირსეულად წარმოადგენენ საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის ყველაზე წარმატებულ სფეროს. ფონი, რომელიც დღეს გასდევს ცხოვრების ყველა მიმართულებას და, ცხადია, სპორტსაც, სრულიად განსხვავებულია და სწორედ ის არის, რაც შეესატყვისება დროსა და პროგრესს. მით უფრო, გვაოცებს, რომ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებაში განსწავლულ, ინტელიგენციის საჩინო პიროვნებებად წარმოგვიდგებიან, დაიწყეს იმ ცნობილი სპორტსმენების გაქილიკება პროფესიული ნიშით, რომლებიც როგორც ახალი სახეები პოლიტიკაში, წარდგენილნი არიან პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებად. არის თუ არა ეს დისკრიმინაცია? რაო, ცნობილი სპორტსმენის ადგილი რატომ არ არის პარლამენტში, რის საფუძველზე ვუზღუდავთ ამომრჩეველს უფლებას, ხმა მისცეს, ვისაც სურს? რა უნდა გააკეთონო! ზემოთ ვთქვით, თუ რა გააკეთეს და აწი გასაკეთებელშიც ახლები სხვებზე ნაკლები ჟინით და პატრიოტული სულისკვეთებით არ იტყვიან თავის სიტყვას. მინდა ვიკითხო, რატომ არ შეიძლება, კარგი სპორტსმენი ამავდროულად იყოს კარგი იურისტი ან ეკონომისტი, მოაზროვნე, შემოქმედი? თანაც ქილიკობენ, ისინი, სამშობლოსა და ერის წინაშე, სპორტსმენებისაგან განსხვავებით, არანაირი დამსახურება რომ არ მიუძღვით. თავს კი იწონებენ პოლიტიკოსობით, ხალხზე მოჩვენებითი ზრუნვით. შეუცვლელები ჰგონიათ საკუთარი თავი და პარლამენტს, საპენსიო ასაკს გადაცილების შემდეგ ვერ ელევიან.

 

ვინც ყოფილა ადრე ან დღეს არის პარლამენტში სპორტიდან, ერთ და ორ დეპუტატზე კი არა, მთელ საპარლამენტო ფრაქციაზე და ზოგიერთ პარტიაზე მეტი საპარლამენტო ინიციატივები და აქტივობები აქვთ მითვლილი. რა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის ახლანდელ შემადგენლობას იმაზე მეტი სამსახური არ გაუწევია საკანომდებლო ორგანოში, ვიდრე არჩევნებიდან არჩევნებამდე ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს? თავად რა სარგებლობა მოაქვთ, ბოიკოტია ქვეყნის და ამომრჩევლის სამსახური? პარტიებს, რომლებიც სპორტსმენების წინ წამოწევის გამო სხვებს აკრიტიკებენ, ასეთი ცნობილი წევრები თავადაც რომ ჰყავდეთ, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, წარდგენას ვინ დაასწრებდა. ხომ იყო დრო, როცა პოლიტიკოსებს ჯინიანად სურდათ სპორტულ ფედერაციის პრეზიდენტობა. აი, მაშინ ნამდვილად ლოგიკური იქნებოდა ვინმეს ეკითხა, - „სპორტში რა ესაქმებათ, რა უნდა გააკეთონო!“.

 

ამ არგუმენტებს შედარებისთვის მოვუხმე, თორემ სხვათა განსჯა, სულაც არ არის ჩემი საქმე! უამრავი მედალი აქვთ საქართველოს სპორტსმენებს მოპოვებული ოლიმპიურ სარბიელზე. მარტო ჩემპიონთა და ქვეყნის სადიდებლად 39-ჯერ აღიმართა ჩვენი სახელმწიფო დროშა და აჟღერდა ეროვნული ჰიმნი. მსოფლიო ოლიმპიური ოჯახის წევრ 207 ქვეყანას შორის ოცდაათეულში და ზოგჯერ უფრო წინაც რომ ვართ, ამის დაუნახაობა და დაუფასებლობის მცდელობა რას უნდა ნიშნავდეს? სიამაყეზე კი შესანიშნავად მიგვანიშნა ამას წინათ „რადიო თავისუფლებამ“: „თითქოს გრძნობ, რომ სპორტსმენთან ერთად სამყარო დაიპყარი. სამყარო, რომლის ნაწილიც სამართლიანად და ისტორიულად ნამდვილად ხარ“.

 

ჩვენი ოლიმპიური წარმატებების გამდიდრება ახალი მიღწევებით, წლეულს, 24 აგვისტო-9 სექტემბრის ჩათვლით ტოკიოდან, როგორც ჟურნალისტს, ჩემთვის მე-15 ოლიმპიური თამაშებიდან სიხარულით უნდა მეუწყებინა, მაგრამ კორონამ მთელ მსოფლიოს თვალწინ ააცალა ეს უპოპულარესი სპორტული დღესასწაული.

 

დიახ, მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებით და სახელის განდიდებით, ჯერჯერობით მაინც, შეუდარებელია ქართული სპორტი, ჰოდა, რა დავაშავეთ, რას გვერჩით!

 

ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა ისიც კი იკადრა, რომ საჯაროდ ეთქვა: „შეუწყდეს საბიუჯეტო დაფინანსება სპორტულ ფედერაციებს“...

 

პოლიტიკოსებს მორიდებით მივმართავ: გაიხსენეთ „რკინის ლედის“, მარგარეტ ტეტჩერის შეგონება: „ქვეყნის ძლიერებისთვის არ არის აუცილებელი, რომ იყოს მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ქვეყნის მთავარი რესურსი ადამიანია. საჭიროა მხოლოდ ნიადაგი ადამიანის ტალანტის განვითარებისთვის“. ჰოდა, მართლაც რას გვერჩით! მოდით, იმაში გავეჯიბროთ ერთმანეთს, ვინ უფრო ძლიერია ამ ნიადაგზე - პარლამენტში და მის გარეთ!

 

მახსოვს, იმერეთში, ქორის შიშით ქათმები რომ აკრიახდებოდნენ, ბებია შვილიშვილებს ეზოში გასძახებდა, არიქა, აუქშიეთ, აუქშიეთო!..

 

ჩვენი საქმეც ასეა ახლა!..

 

თენგიზ გაჩეჩილაძე

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი და სპორტის დამსახურებული მოღვაწე,

„სპორტის რაინდი“, „ლელოს“ საპატიო რედაქტორი

22.09.2020

 

 

right_banner big_banner
არქივი