logo_geo
თეა ფირცხალავა: დაათვალიერეთ გერშვინის არაჩვეულებრივი გამოფენა და კიდევ ერთხელ დარწმუნდით სიბრძნეში
- +

26 სექტემბერი. 2020. 17:44

 

 

„მიეცით ნიჭსა გზა ფართო,

 

 თაყვანისცემა ღირსებას…

 

ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს

 

და არა გვარიშვილობას...“

 

გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო...“-ს არაფერი აქვს საერთო ჩვენი იუბილარის „დღეგრძელობასთან“, მაგრამ იმიტომაა ბრძნული ნათქვამი, რომ იგი ყველა დროისა და ეპოქის გენიალურ ადამიანს მიესადაგება.

 

1898 წლის 26 სექტემბერს ოდესელი ებრაელი ემიგრანტების მოიშე გერშოვიცის და როზა ბრუსკინას ოჯახში დაიბადა პატარა იაშა, მომავალში უდიდესი ამერიკელი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი ჯორჯ გერშვინი.

 

ის, რომ გერშვინი მე–20 საუკუნის უდიდესი კომპოზიტორი იყო, ყველამ იცის, მაგრამ ბევრს როდი სმენია, რომ იგი სხვა, არანაკლებ საინტერესო ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული და არაჩვეულებრივად ხატავდა. ამასთან, მას ჰქონდა კიდევ ერთი, ნებისმიერ სიტუაციაში ადამინის „გადამრჩენი“ ნიჭი -  კვიმატი ენა და უზადო იუმორი, რომელიც თვით "წუნია" და იუმორის დიდოსტატ ქართველებსაც კი მოეწონებოდათ. გერშვინი მართლაც ძალზე ნიჭიერი მხატვარი იყო და ამის დასტურად დღეს მის "არაჩვეულებრივ გამოფენაზე" მიგიყვანთ და საოცარ ნამუშევრებს დაგათვალიერებინებთ.

 

ჯორჯ გერშვინის, როგორც ნიჭიერი მხატვრის, პირველი სერიოზული „ნიშნები“ 1927 წელს გამჟღავნდა, როდესაც ის და მისი ძმა აირა დასასვენებლად წავიდნენ და თან წაიღეს მოლბერტი, სახატავი ფურცლები, ტილოგადაჭიმული ფიცრის ჩარჩოები და სხვა საჭირო „ატრიუტები“. აირა თავადაც კარგად ხატავდა და თავდაპირველად ილუსტრატორობასაც აპირებდა. ჯორჯის პირველი ხატვის მასწვლებელი იყო მისი ბიძაშვილი და მეგობარი, ცნობილი მოდერნისტი მხატვარი ჰენრი ბოტკინი.

 

ჯორჯის პირველი ნამუშევარი იყო აკვარელის პეიზაჟი. თანდათანობით იგი ზეთის საღებავებზე გადაერთო და მალე სახელიც გაითქვა, როგორც ნიჭიერმა და თვითნასწავლმა მხატვარმა. იგი ხატავდა საოცარ ავტოპორტრეტებს, რომელთაგან ერთ-ერთი დღეს კონგრესის ბიბლიოთეკას ამშვენებს. ერთგან მისი ბიოგრაფი იმასაც კი წერს,  რომ მშობლებს ჯორჯისთვის მოლბერტი და საღებავები რომ შეეძინათ, იგი პროფესიონალი მხატვარი გამოვიდოდაო.

 

ჯორჯ გერშვინმა შექმნა უამრავი ფერწერული ტილო, გრაფიკული, მელნით და კალმით და აკვარელით შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის უამრავი პეიზაჟი და ნატურმორტი, მაგრამ ხელოვნებათმცოდნეები ერთხმად აღიარებენ, რომ იგი საუკეთესო პორტრეტისტი იყო. გერშვინის სახლში დღესაც კიდია უამრავი ნახატი, ბევრი კედლებზე და სკამებზეა აყუდებული, ხოლო მოლბერტზე დაუსრულებელი პორტრეტი დევს. ყველას, ვინც მის სახლს სტუმრობს, ჰგონია, რომ იგი პროფესიონალი მხატვრის სალონს ათვალიერებს და არა იმ კაცის საცხოვრებელს, რომელსაც „პარადი“ მიყავდა XX საუკუნის ჯაზის სამყაროში.

 

ჯორჯ გერშვინი კოლექციონერიც იყო და უზარმაზარ ინვესტიციებს დებდა ხელოვნების ნიმუშების შეძენაში. მის სახლში დაცულია 140 შედევრი, მათ შორის ზეთით შესრულებული ფერწერული ტილოები, გრაფიკა, აკვარელი, ლიტოგრაფიები, სკულპტურები, მათ შორის უდიდესი იაპონელ-ამერიკელი ხელოვანის ისამო ნოგუჩის შექმნილი გერშვინის ბრინჯაოს ბიუსტი. ახლა კი, დაათვალიერეთ გერშვინის არაჩვეულებრივი გამოფენა და კიდევ ერთხელ დარწმუნდით სიბრძნეში, რითიც ეს სტატუსი დავიწყე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი