logo_geo
რაულ ჩილაჩავას შვიდწიგნეული „ბედის ფორმულა“ - მარტოობის შვიდი წელიწადი
- +

4 ოქტომბერი. 2020. 01:36

 

 

 

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 1 ოქტომბერი, 2020.

დიდი მადლობა რედაქციას და ბატონ გურამ გოგიაშვილს

ასე წერენ ეპიტაფიებს და ასე წარმოთქვამენ ლოცვებს...

რაულ ჩილაჩავას „ბედის ფორმულის“ გამო

 

 

თბილისური გამომცემლობა „კალმოსანი“ უჩვეულო საჩუქარს სთავაზობს  ქართული პოეზიის მოყვარულთ. ესაა ცნობილი ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის რაულ ჩილაჩავას შვიდწიგნეული „ბედის ფორმულა“, თითქმის 1200-გვერდიანი ფოლიანტი, რომელსაც თანამედროვე ქართულ პოეზიაში მოცულობით და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, მგონი, ანალოგი არ მოეპოვება. სხვათაშორის, არა მარტო ამ მაჩვენებლებით. კრებულში თავმოყრილი ტექსტები, ასევე აშკარად მოწმობენ ავტორის განსაკუთრებულ შრომისმოყვარეობაზე, მის შემოქმედებით პოტენციალსა და მხატვრულ სრულყოფილებაზეც. რაულ ჩილაჩავა ჩვენი გაზეთის აქტიური ავტორია და სარეცენზიო კრებულში შესული არაერთი ლექსი პირველად სწორედ ჩვენ გამოვაქვეყნეთ. ამიტომაც განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მათი ხილვა ერთ დიდ ტომში, რომელიც, როგორც თავად ავტორი გვიხსნის, დაწერილია (თუ დაზუსტებით ვიტყვით - პირდაპირ კომპიუტერზეა აწყობილი) ბოლო შვიდი წლის მანძილზე. ესაა მართლაც პოლიფონიური კრებული, სადაც შეხვდებით ჩვენს პოეზიაში არსებული თითქმის ყველა სალექსო ფორმით შექმნილ ნაწარმოებს, რომლებსაც გამოარჩევთ შესრულების განსაცვიფრებლად მაღალი ტექნიკა, შინაგანი ლირიზმი, განცდათა იშვიათი სიღრმე, ნოვატორული ტროპების სიუხვე და მრავალფეროვნება. კრებული გვაოცებს ჟანრული დიაპაზონითაც: აქ ფართოფორმატიან ცალკე ციკლებადაა განთავსებული ელეგიები, სონეტები, რობაიები, დისტიხები, მონოსტიხები, მინიმები, ნიშნიანიძე იტყოდა, მეტაფორებითა და რთული ომონიმური რითმებით, რომელთაგან ბევრი საავტოროა და საერთოდ პირველად გვხვდება. წიგნს გამოარჩევს ირონიულ-პაროდიული ნაკადიც, სადაც ლაკონურად ჩამოქნილი აფორისტული სტრიქონების მთელი კალეიდოსკოპია.

 

 

 

ამ უზარმაზარ, მრავალპლანიან, ტექსტებითა და ქვეტექსტებით დახუნძლული პოეტური პანოზე თავად ავტორი გვიყვება შესავალ წერილში „მარტოობის შვიდი წელიწადი ანუ ჩემი კომპ-ლექსები“. მიუხედავად იმისა, რომ სათაურში გაბრიელ მარკესის საქვეყნოდ ცნობილი რომანის ექო მოისმის, მისი შინაარსი სრულიად ორიგინალურია და ღიად გვახედებს ავტორის ბიოგრაფიაში, გვიჩვენებს და გვიხსნის როგორ იქმნებოდა ეს, როგორც უკვე შევნიშნეთ, არა მარტო მოცულობით, არამედ მხატვრული ღირსებებითაც გამორჩეული წიგნი. სანამ შესაბამის ციტატას მოვიხმობდე, მკითხველს შევახსენებ, რომ რაულ ჩილაჩავა იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში და სწორედ იქიდან დაბრუნების შემდეგ ანუ სრული შემოქმედებითი თავისუფლებისა და ამავე დროს ადამიანური მარტოობის პირობებშია შექმნილი შვიდწიგნეული „ბედის ფორმულა“.

 

 

 

რაულ ჩილაჩავა წერს: „2010 წელს სახელმწიფო სამსახური დავტოვე და ეს უკანასკნელი შვიდი წელიწადი (2010-2017 წლები. ავტ. შენიშვნა) შინ ჩაკეტილმა თითქმის ანაქორეტის ცხოვრებით ვიცხოვრე. მინდოდა თავი დამეღწია ამაოების ბაზრისთვის, სადაც გამყიდველიცა და მყიდველიც, გონიერიცა და უგუნურიც, დიდიცა და პატარაც ცდილობს ერთმანეთისთვის თვალებშ ნაცრის შეყრას, შავის თეთრად გასაღებას, თავის ყოვლისმცოდნედ და გენიოსად წარმოჩენას... ვწერდი ყველაფერზე, რაც მაღელვებდა, მაფორიაქებდა, სუნთქვას მიკრავდა... მე თავი არ ამირიდებია, არც ერთი თემისთვის, არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, რომლებიც ყურადღების ღირსად მეჩვენა... მიუხედავად კარჩაკეტილობისა, ცხოვრება მაინც გრძელდებოდა და მე უწინდებურად, ხან ირონიული ვიყავი, ხან მკაცრი, ხან სერიოზული, ხანაც სულგრძელი და მიმტევებელი. ვინც ჩემს ადრინდელ ლექსებს გასცნობია, შეამჩნევდა, რომ მე კონვენციური ლექსის ერთგული მიმდევარი ვარ, თუმცა კალამი ყველა ფორმაში მიცდია და არ ვწუნობ, არც ვერლიბრს, არც თეთრ ლექსს, თუ ლექსად გარდათქმულ პროზას. მთავარია, მათში ფეთქავდეს პოეზია და კრთოდეს მხატვრულ სახეთა ნათელი. ამ შვიდ კრებულში მაქსიმალურად არეკლილია ჩემი მარტოობის შვიდი წელიწადი თავისი სიხარულითა და ნაღველით, შვებითა და ტკივილით, სასოებითა და უსასოობით“.

 

 

 

ჩვენი გაზეთის ფორმატი და სპეციფიკა არ იძლევა საშუალებას დაწვრილებით გავაანალიზოთ რაულ ჩილაჩავას „ბედის ფორმულა“, მაგრამ უპრიანია ითქვას, რომ ეს არის წიგნი-მრავალთავი, წიგნი-ორკესტრი, წიგნი-სიმფონია, რომელშიც ხაზგასმული პოეტური ოსტატობითა და შთაგონებითაა აღბეჭდილი დიდი ადამიანური ვნებები, ემოციები, ფიქრები. ესაა ხანგრძლივად საკითხავი პოეტური საგა, რომელშიც მთელი სისავსით გამოვლინდა რაულ ჩილაჩავას, როგორც თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის უდავო შინაგანი პოტენციალი და საშური ნიჭიერება. რაულ ჩილაჩავას პოეტური აზრი უნდა უნდა ვეძებოთ სწორედ ნიჭის ძალაში, კონტექსტის სიღრმესა და პიროვნების თავისებურებაში. ამ ტრიუმვირატის წყალობით პოეტს ყოველდღიურობა არაიშვიათად აჰყავს სიმბოლოს დონემდე. იგი მოწმეა საკუთარი დროისა და მასში მიმდინარე მოვლენებისა, რომელთა აღბეჭდვასაც იგი უქვემდებარებს ყველა ჟანრს, ლიტერატურულ ხერხს, ლექსის შესაძლებლობებს, რის შედეგადაც ფანტაზია უტოლდება რეალობას, ცვლის მას და იქცევა ახალ რეალობად. რაულ ჩილაჩავას ლექსის მომხიბვლელობა ფორმისა და შინაარსის თავისთავადობა ვლინდება ცხოვრებასთან უწყვეტი სულიერი კონტაქტებით, ლირიზმის, ფილოსოფიისა და პუბლიცისტიკის ოსტატური შერწყმით. პოეტს გააჩნია ენისა და მხატვრული ფორმის დახვეწილი გრძნობა, რომლის წყალობითაც მის ლექსებში ყოველთვის ვამჩნევთ აზრსა და სახეს შორის, სიტყვებში შეფარულ მუსიკასა და ამ სიტყვების მნიშვნელობათა შორის უდავო ურთიერთკავშირს.

 

 

 

ავტორი თითქმის შეუმჩნევლად უხამებს ერთმანეთს ზოგადქართულსა და ზოგადსაკაცობრიოს, პირადულსა და საზოგადოს. იგი არც საკუთარ პატრიოტიზმს, არც საკუთარ ნოსტალგიასა და მამულის მონატრებას გვახვევს თავს. ეს და სხვა მრავალი მოტივიც სტრიქონებს შორის იკითხება, რომელთა შემჩნევაც გამოცდილ თვალს არ გაუჭირდება.

 

 

 

ბედი, სულიერი ბიოგრაფია - რაულ ჩილაჩავას პოეზიის ძირითადი მოტივებია. ჩვენ აქ გვხვდება ფილოსოფიური განსჯა ყოფისა და მსოფლიო გარდაქმნების მარადიულ საკითხებზე, კოსმიზმსა და მიწიერებაზე, ერთგულებასა და სიყვარულზე, ეჭვსა და რწმენაზე. ეს წიგნი დემონსტრაციაა პიროვნების სულიერი სიმაღლისა, მისი ისტორიული ხსოვნისა.

 

 

 

„ლექსი იყო და დარჩა ჩემთვის თვითგამოხატვის უმთავრეს საშუალებად, სამყაროსთან დამაკავშირებელ სანდო და უღალატო ტერმინალად, რომელშიც სულის უინტიმურესი ფლუიდები გაედინება“, - წერს პოეტი შესავალში და მკითხველი თვითონაც დარწმუნდება, რომ ეს ასეა.

 

 

 

ცნობილია, რომ რაულ ჩილაჩავა ნახევარ საუკუნეზე მეტია კიევში ცხოვრობს და მისი ყველა წიგნი იქაა დაწერილი. მიუხედავად ამისა მთელი მისი შემოქმედება გამსჭვალულია ქართული თემატიკით, სატკივარითა და სიხარულით. ფიზიკურ სიშორეს ოდნავი დაღიც ვერ დაუმჩნევია პოეტის ეროვნულ ცნობიერებაზე, მისი ქართულიც ბარაქიანია და თავანკარა.

 

 

 

გამორჩეული პროფესიონალიზმი, ორიგინალურ სახეთა სიუხვე, არჩეული თემებისა და მხატვრული პრობლემებისადმი კონცეპტუალური მიდგომა რაულ ჩილაჩავას პოეტურ სამყაროს აქცევს რეალური სამყაროს ერთგვარ მოდელად, თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად.

 

 

 

 

რაულ ჩილაჩავას „ბედის ფორმულა“ ჩვენ გვაგრძნობინებს მნემოზინას მახვილ და გამჭოლ მზერას, ქარონის დაუნდობელ ისართა უწყვეტ სრბოლას და ეროსის ვნებათა დაუოკებელ სიბობოქრეს. მასში ფეთქავს მძლავრი შემოქმედებითი ენერგია ხელოვანისა, რომლის გულზეც, ჰაინეს გამოთქმას თუ მოვიშველიებთ, სამყაროს ბზარი გადის.

 

 

 

ზემოთ „წიგნი-ორკესტრი“, „წიგნი-სიმფონია“ ვახსენე, მაგრამ ახლა რატომღაც მეცოტავა და მინდა დავამატო: „ბედის ფორმულა“ არის წიგნი-აღსარება, წიგნი-ლოცვა. მეტსაც ვიტყვი: წიგნი შელოცვა. როცა რამე გტკივა ან გაწუხებს, გადაშალე იგი და დაეწაფე მის სტრიქონებს, რომელთა კეთილი აურაც აუცილებლად გადმოგედება, მალამოდ მოგეცხება, იარას დაგიამებს.

 

 

 

დღევანდელ ქართველ პოეტთაგან თუ რომელიმეს ბედზე შეიძლება საუბარი, ერთი მათგანი რაულ ჩილაჩავაცაა, რასაც განსახილველი ტომის სახელწოდებით თავად ავტორმა გაუსვა ხაზი. მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე საუბრისას შეუძლებელია უკრაინული კონტექსტისთვის გვერდით ავლა, რადგან სწორედ იქ, ბებერი დნიპრო-სლავუტიჩის სანაპიროზე, ჭაღარა კიევის დალოცვილ მიწაზე შედგა და ჩამოყალიბდა რაულ ჩილაჩავა - აწ უკვე 120-ზე მეტი საკუთარი და ნათარგმნი წიგნის ავტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის (უცხოელი!) წევრი, ლატვიის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. აი, რას ამბობენ ჩვენს ცნობილ თანამემამულეზე გამოჩენილი უკრაინელი ლიტერატორები.

 

 

 

დმიტრო პავლიჩკო, პოეტი, უკრაინის გმირი, ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი:

 

 

“რაულ ჩილაჩავა ეკუთვნის იშვიათ ტალანტთა რიცხვს. ეროვნებით და აღზრდით ქართველმა უკრაინაში უმაღლესის დამთავრების შემდეგ სრულყოფილად შეითვისა არა მარტო უკრაინული ენა, არამედ უკრაინული კულტურის მრავალფეროვანი ისტორიაც. იგი იქცა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ყველაზე გათვითცნობიერებულ სპეციალისტად. სპეტაკი და მოკრძალებული, გამრჯე და ქართულ-უკრაინულ საგანძურთა გასამდიდრებლად ნიადაგ თავგადადებული რაულ ჩილაჩავა იმსახურებს უმაღლეს შექებას”.

 

 

ვასილ ოსადჩი, პოეტი:

 

 

“რაულ ჩილაჩავას წიგნი – ესაა თავისი ქვეყნის პატრიოტის სიტყვა, ისტორიული სიმართლე უძევს საფუძვლად ბევრ მის ნაწარმოებს. ფიქრები და განცდები მუშაობენ “დაძაბულ რეჟიმში”, რჩება მხოლოდ უმთავრესი.… ასე აუჩქარებლად წერენ ეპიტაფიებს, ასე წარმოთქვამენ ლოცვებს. აზრთა სიმკაცრე და გრძნობათა სისპეტაკე თავად ღაღადებენ საკუთარ თავზე. ასეთი ლექსები შეიძლება დაბეჭდოთ პირდაპირ ქრესტომათიულ სახელმძღვანელოებში, თუმცა ეს ვარამს მაინც ვერ შეგვიმსუბუქებს. ერთა ტრაგედიებს განმეორება სჩვევიათ. გამჭოლი, თვალისმომჭრელი შავ-თეთრი ფერითაა აღნიშული რაულ ჩილაჩავას ბევრი ნაწარმოები. საკუთარ ვარამზე გადამრავლებული საქართველოს ვარამი შობს იმის შეგრძნებას თუ რა განსაცვიფრებელი ღირსების გრძნობით მიაქვს ადამიანს ჯვარი საკუთარი ბედისა...”

 

 

სვეტლანა იოვენკო, პოეტი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი:

 

 

 

“ჩვენს წინაშეა ჭეშმარიტად შემოქმედებითი ანგარიში კაცი-ორკესტრისა, იშვიათი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის მწერლისა, რომელსაც კიევის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, სულ ბოლო დრომდე კი სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი ვიქტორ კოპტილოვი უწოდებს ოსტატს, “ჩვენთან რომ აღორძინების ხანიდან მოვიდა.” და ჩვენ უნდა დავეთანხმოთ და შევიგნოთ, რომ ასეთი შექება რაულ ჩილაჩავამ დაიმსახურა სამართლიანად, ღირსეულად, საკუთარი გარჯის წყალობით… ათეული წლების მანძილზე იგი საზოგადოებრივ ქართა მიმართულების მიუხედავად კაცურად, ნიჭიერად და თავგამოდებით აკეთებდა საკუთარ საქმეს. სიტყვის ხელოვნებისადმი ამ ალალი მსახურების შედეგი ჩვენს თვალწინაა... რაულ ჩილაჩავას უკრაინული ლექსები, თარგმანები და სამეცნიერო ნაშრომები უკრაინის ოქროს განძია, როგორც თვითონ იგი. ბრალია თუ ვინმესთვის ეს სიახლეა და არა დამტკიცებული ჭეშმარიტება.”

 

 

 

არანაკლებ ემოციურად და საინტერესოდ დაახასიათეს რაულ ჩილაჩავა ქართველმა კოლეგებმაც, როცა მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი „ბიობიბლიოგრაფიისა“ და „ბედის ფორმულის“ წარდგინება შედგა  ხალხით სავსე  საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში.

 

 

 

გიორგი კეკელიძე: „ჩვენ გამოვეცით ბიბლიოგრაფია ადამიანისა, რომელიც გადაჭარბების გარეშე არის თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსი და მისი ნაშრომები, ბუნებრივია, გახლავთ ძალიან ფართო არა მარტო მოცულობით, არამედ პირველ რიგში ლიტერატურული ხარისხის თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობენ ადამიანი-ხიდები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ამაგრებენ. ბატონი რაული ხიდია სამ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინასა და ლატვიას შორის, და მისი მრავალმხრივი შემოქმედება, მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა ადასტურებს, რომ ის არის შესანიშნავი პოეტი, ფანტასტიკური მთარგმნელი და ასევე არანაკლები დიპლომატი“.

 

 

 

ლევან ბრეგაძე: „სკოლა ახლად დამთავრებული რაული უკვე იყო ჩამოყალიბებული ოსტატი ლექსისა, დღეს კი იგი დიდოსტატია. მასთან მეგობრობა, ვისაც ლექსი, პოეზია გვიყვარდა, გვეამაყებოდა იმთავითვე და ძალიან გული დაგვწყდა ბევრს, როცა მშობლიური საქართველო დატოვა და კიევს მიაშურა. მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვიფიქრებდით, როგორი ნაყოფიერი აღმოჩნდებოდა ეს მისი „გადასახლება“. რაულ ჩილაჩავა გახლავთ არაჩვეულებრივი ოსტატი ქართული ლექსისა და ეს ოსტატობა ეფუძნება მშობლიური ენის საოცარ ფლობას. წარმოუდგენელი ვირტუოზი გახლავთ რაულ ჩილაჩავა ქართული სიტყვისა და მინდა ვურჩიო ყველა ახალგაზრდა პოეტს, გაიაროს ეს სკოლა, რაულ ჩილაჩავას შემოქმედების გაცნობა რასაც ჰქვია. ეს იქნება დაოსტატების გზაზე უმნიშვნელოვანესი მომენტი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. რაული ისეთივე ვირტუოზია ქართული ლექსისა, ახალგაზრდების ენით რომ ვთქვა, როგორი ვირტუოზიც არის ბურთისა მესი... რაულ ჩილაჩავას შემოქმედება ის განძია, რომელმაც დღევანდელი საქართველო სწორ ლიტერატურას უნდა აზიაროს.“

 

 

 

„ნეტავ, ყველა ქვეყანაში გვყავდეს თითო ჩილაჩავა!“ - ეს სტრიქონი პაატა ნაცვლიშვილს ეკუთვნის, რომელმაც იმ წარდგინებაზე ასევე ილაპარაკა მეგობრის პოეზიასა და იმ დიდ ღვაწლზე, რომელიც მან დასდო ქართული კულტურის საზღვარგარეთ გატანას. ამ თემას შეეხნენ ასევე აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროფესორები რეზო მიშველაძე, სოსო სიგუა და სხვები. ყველას ვერ ჩამოვთვლი.

 

 

 

მე ამ წერილში უხვად მოვიხმე სხვათა აზრები რაულ ჩილაჩავასა და მის დიდებულ წიგნზე, მაგრამ არ მომიტანია არც ერთი პოეტური ციტატა იქიდან. და ეს სრულიად შეგნებულად გავაკეთე. ჯერ ერთი, ძალიან ძნელია რომელიმე მათგანის ამორჩევა, მეორეც - მინდა არჩევანი მკითხველს დავუტოვო, რომელსაც „ბედის ფორმულასთან“ გაცნობით დიდი და განუმეორებელი ესთეთიკური ტკბობა ელოდება.

 

 

 

„ადამიანი არის ის, რასაც უყურებს“, - შენიშნავდა იოსებ ბროდსკი. რაულ ჩილაჩავა უყურებს საქართველოს და „ბედის ფორმულაც“ სწორედ ამ ხილვის თავისებური ანარეკლია.

 

 

გურამ გოგიაშვილი

P.შ.

არ ვიქნები მართალი აქ თუ არ გავისხენებ ბენო თათარიშვილს (გასული საუკუნის 60-70-იანი წლების გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორის მოადგილე, უიარაღოს ძმისშვილი), რომელმაც პოეტური ნათლობა გაუწია სკოლა ახლადდამთავრებულ რაულს. იგი თავის ლექსების რვეულით მოადგა ჩვენს რედაქციას, სადაც თავისი ნათესავი ძველაბასთუმნელი ბენო თათარიშვილი ეგულებოდა. თვითონ რაულიც, სოფელ ჭითაწყარში დაბადებული, ძველ აბასთუმანში იყო გაზრდილი. მახსოვს, ამ ამბავს შეესწრო ცხონებული ხუტა ბერულავა. რაულის პოეტურმა სიტყვამ ყველა მოგვხიბლა. კარგახანს ვიკითხეთ ხმამაღლა. დაბეჭდვითაც რამდენიმე ლექსი დავბეჭდეთ. როგორც იტყვიან, სახარე ხბოს სარქეზე ეტყობა. რაულს უკვე ეტყობოდა, რომ ქართულ სიტყვას კიდევ ერთი იშვიათი დამგანძავი მოევლინა. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩვენ, რაულის პოეტური სიტყვის შემსწრეთ. ათმაგად და ასმაგად აგვიხდა მოლოდინი.

გ.გ.

 

 

 

 

big_banner
არქივი