logo_geo
შალვა წერეთელი – საბჭოთა მაღალჩინოსანი, რომელმაც ივან ორელსკი ჩაქუჩით მოკლა, მისი ცოლი კი გაგუდა
- +

7 ოქტომბერი. 2020. 00:32

 

 

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათ წარსულსა და მომავალსაც გადაავლებთ თვალს. ერთ-ერთი ასეთი საბჭოთა მაღალჩინოსანი შალვა წერეთელია – კაცი, რომელმაც არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

 

1953 წლის აგვისტოში ლავრენტი ბერიამ დაკითხვაზე განაცხადა: „წერეთელი მოაზრებული მყავდა, როგორც სპეციალური ჯგუფის წევრი, რომელსაც სუდოპლატოვი ჩაუდგებოდა სათავეში, რათა განეხორციელებინათ სპეციალური დავალებები, ანუ ცემა და იმ ხალხის ფარული გატაცება და დამუშავება, ვისზეც ეჭვს მივიტანდით. მაგალითად, ვაპირებდით, გაგვენადგურებინა ლიტვინოვი (საბჭოთა დიპლომატი), კაპიცა (ფიზიკოსი). დაგეგმილი იყო რეჟისორ კაპლერის ძლიერ ცემა… ამ ჯგუფში მე მოვიაზრებდი განსაკუთრებით სანდო პირებს.“

 

შალვა წერეთელი დაიბადა საჩხერეში. მამა, სოფლის მასწავლებელი, გარდაიცვალა 1896 წელს და იგი გაიზარდა მამინაცვლის ოჯახში. არსებობს ცნობები, რომ 40 წლამდე შალვა წერეთელმა წერა-კითხვა არ იცოდა.

 

1914 წელს ირიცხებოდა ორენბურგის 105-ე ბატალიონში რიგითად. 1914-1915 წლებში იყო მირგოროდის ფეხოსანთა რაზმის უმცროსი ოფიცერი და იბრძოდა ავსტრიის ფრონტზე. 1915 წელსვე იმყოფებოდა სამხედრო ტყვეობაში ავსტრიისა და გერმანიის ტერიტორიაზე.

 

1920 წელს ქუთაისის ციხეში ყოფნისას გაიცნო ლავრენტი ბერია. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მუშაობდა საქართველოს განსაკუთრებული კომიტეტში (ЧК). 1932-1938 წლებში იყო საქართველოს სსრ მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს უფროსი. 1937-1938 წლებში იყო შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის,  „ტროიკის“ წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტალინურ რეპრესიებში.

 

1938 წელს გადაიყვანეს მოსკოვში, თუმცა, მალევე დააბრუნეს და 1939 წელს გახდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების მეთაური. 1941 წლის 15 ივლისიდან – საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, 1946 წლიდან – საქართველოს სსრ უშიშროების მინისტრის მოადგილე, ამავდროულად ასრულებდა სასაზღვრო სამხედრო ძალების მეთაურის მოვალეობებსაც.

 

1939 წელს შალვა წერეთელი იყო ერთ-ერთი გახმაურებული საქმის – ჩინეთში სსრკ პოლიტიკური წარმომადგენლის, ივან ბოვკუნ-ლუგანეცისა (ორელსკი) და მისი ცოლის მკვლელობის მთავარი შემსრულებელი. ბოვკუნ-ლუგანეცი შემჩნეული იყო აგენტურულ საქმიანობაში, იგი გამოიწვიეს ჩინეთიდან მოსკოვში და დააკავეს. საჭირო ჩვენებების მიღების შემდეგ, დაცული მატარებლით წაიყვანეს წყალტუბოსკენ НКВД-ს თანამშრომლებმა: წერეთელმა, ვლოდზიმირსკიმ და მირონოვმა. გზაში ქმარი შალვა წერეთელმა ჩაქუჩით მოკლა, ხოლო ცოლი – გაგუდა. წყალტუბოსთან საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კომისრის, ავქსენტი რაფავას უშუალო მონაწილეობით, მოაწყეს ავტოავარიის ინსცენირება, რა დროსაც მანქანაში ჩასვეს უკვე მოკლული ლუგანეცი, მისი მეუღლე და მძღოლი (მძღოლის წინასწარ მკვლელობის დეტალები უცნობია). ბოვკუნ-ლუგანეცი და მისი მეუღლე 1939 წლის 15 ივლისს ვერის სასაფლაოზე სახელმწიფო პატივით დაკრძალეს.

 

1953 წელს, ბერიას დაკავებისა და სიკვდილით დასჯის შემდეგ, პენსიაზე მყოფი შალვა წერეთელი ასევე დააკავეს და 1955 წელს დახვრიტეს.

 

შალვა წერეთელს ჰყავდა ერთადერთი ვაჟიშვილი, რომელიც შუახნის ასაკში ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი