logo_geo
ნუგზარ წიკლაურის სიტყვა ქართულ ლიტერატურაზედ
- +

28 მარტი. 2017. 11:41



(პამფლეტი)


2011 წელი. 9 მარტი. ოთხშაბათი. „ნაციონალური მოძრაობის" V ყრილობა.


ნუგზარ წიკლაური: „უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე, ქართული, ნაციონალური ლიტერატურა ძალიან განვითარდა. მე ვუყურებ ახალაზრდა მწერლებს და ზოგადად კულტურის მუშაკებს და მიხარია, რომ ასე წავიწიეთ წინ. კულტურის განვითარებას ხელი შეუწყო მინისტრ ნიკოლოზ რურუასა და პრეზიდენტ სააკაშვილის მუხლჩაუხრელმა შრომამ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩარჩენილები არიან ჭაობში და ლიბერალიზმისა და კაცთმოყვარების ნიღაბს ამოფარებულები გონებას ურევენ ახალგაზრდებს. მათი ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება უარყოფს ჩვენი ხელისუფლების მიღწევებსა და წარმატებებს. უფრო მეტიც! მათ ავიწყდებათ, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში მტერი დგას. ვიდრე კოლაბორაციონისტ მწერლებსა და პოეტებზე გადავალ, მანამდე მინდა გავიხსენო ან ვახსენო ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად დგანან და საქართველოს მომავალს ნათელს ჰფენენ და მომავალ თაობებს დიდ პერსპექტივებს უშენებენ.


ქვეყნის ერთგული ადამიანების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ჩემი გამოსვლა არც სადღეგრძელოა, რომ ასე ვთქვა: „არ ჩამოვთვლი, ვინმე რო არ გამომრჩეს და ეწყინოს" (დარბაზი იცინის). მე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს გამოვარჩევ, რომლებიც სულ ახლახანს შემოუერთდნენ ჩვენს გზას (ნუგზარი წყალს სვამს).


თქვენ ყველა იცნობთ ისეთ შემოქმედსა და კულტურის მუშაკს, როგორიცაა კახა ცისკარიძე, იგივე კახუჩელა. წარსულში ის მტერ ასლან აბაშიძესთან ერთად მოღვაწეობდა და მისი ხუშტურების ასრულებას ახმარდა თავის ნიჭს. დღეს, ის საქართველოს და პარტიის სასიქადულო ნაწილია და მის მიერ ორგანიზებული „ივენთები" გულს უხარებს დიდსა თუ პატარას (კახა ცისკარიძე ფეხზე დგას, დარბაზში მხურვალე ტაშია).


ანდა ავიღოთ ბატონი ზაზა ბურჭულაძე, ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ეპატაჟითა და პროვოკაციებით გამოირჩეოდა. დღეს ის მეგობრობს ჩვენს სასიქადულო ბიზნესმენთან, ზარალასთან. ისინი ერთად დადიან „რედისონში" და სხვა, ნაციონალური პარტიის დამსახურებით გახსნილ, კარგ ბიზნეს „ფოინთებში", სვამენ ყავას, რომლის ექსპორტიც მკვეთრად გაიზარდა ჩვენი ეკონომიკური გეგმის ლიბერალიზაციის შედეგად და საუბრობენ ხელოვნებაზე, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მინისტრ რურუას და პრეზიდენტ სააკაშვილის შემწეობით ერთი-ორად წამოიზარდა.


აქვე არ დაგვავიწყდეს ქალბატონო ანინა ტეფნაძე, რომელმაც მიატოვა მემარცხენე სოროსის მიერ დაფინანსებული, კოლაბორაციონისტული ჟურნალი „ლიბერალი" და გადავიდა ისეთ სახელმწიფოებრვ და საღ გამოცემაში, როგორიცაა „ტაბულა" (დარბაზში ტაშია, კადრში ჩანს „ტაბულას" სრული შემადგენლობა, რამდენიმე მათგანს ცრემლიც გადმოუვარდა თვალებიდან).


ჩვენ გვერდში გვიდგანან პოეტებიც, მაგალითად ორდენი „სამკაული" და მისი შეფი დავით დეფი გოგიბედაშვილი. ის და მისი ურიცხვი არმია თაყვანისმცემლებისა მუდამდღე ფხიზლად არიან ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისათვის ბრძოლაში. თამამად შემიძლია ვუწოდო ბატონ დეფის ჩვენი ქვეყნის მეციხოვნე, რომელიც მტრის გამოჩენასთან ერთად კოშკზე კოცონს ანთებს და მთელს ქვეყანაში „ალარმს" აცხადებს.


სადაც „სამკაული" ვახსენე, იქ „ორ-კაულიც" უნდა გავიხსენო და ამით გადავიდე მოღალატე და ძალით ანარქისტ, ვითომ კონტრკულტურულ და ტრეშ ჟანრის პოეტებზე. მათ თავისი სტილისთვის კარგად შეურჩევიათ სახელი - „ტრეში", ანუ ნაგავი - მათი პოეზია მართლაც ნაგავია (დარბაზი იცინის). მეგობრებო, აქ სასაცილო არაფერია, ისინი თავის ნაგვით გონებას უბინძურებენ ახალ თაობას.


ჩვენ ვერ ავიტანთ მსგავს შემოტევებს. მე მინდა ვთხოვო ჩვენს საამაყო პოლიციასა და პროკურატურას, დროზე გამოარკვიონ ამ ადამიანების ვინაობა, რაღაც იდიოტურ ფსევდონიმებს რომ არიან ამოფარებულები და საჭირო ზომები მიიღონ. მხოლოდ მაშინ შევძლებთ სრული სვლით სვლას განვითარებისაკენ და დემოკრატიისაკენ. დიდი მადლობა, კოლეგებო, მეგობრებო, თანამებრძოლნო! (დარბაზში ქუხს ტაში).




მორტიმერ გვაზავა

პოეტური ორდენი ორ-კაული"


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი