logo_geo
„მუშტის მოქნევაც კი დამჭირდა საიმისოდ, რომ იქ წესრიგი დამემყარებინა“ - დავით გარეჯის უხუცესი მცველის ისტორია
- +

19 ოქტომბერი. 2020. 01:53

 

 

ილო (ილუშა) ქვლივიძე 17 წლის განმავლობაში „დავითგარეჯას“ მუზეუმ-კომპლექსის დირექტორი გახლდათ.

 

 

საკმაოდ დიდია ამ ადამიანის ღვაწლი დავითგარეჯას კომპლექსის შენარჩუნებაში, თუმცა, გული სწყდება, რომ ვისთანაც უშუალო შეხება ჰქონია და იმ წლებში მისი ხელქვეითებიც კი იყვნენ, ილუშას სახელს დავითგარეჯასთან მიმართებაში არსად ახსენებენ.

 

 

მას აქვს საპატიო გარეჯელის ორდენი და მოწმობაც.

 

ლავრასთან დღესაც დგას მისი დარგული ვაზი, რომლის ნაყოფსაც მომავალი თაობები აგემოვნებენ.

 

 

 

 

ხელმოკლე ოჯახში გავიზარდე, მამაჩემი მეცხვარე იყო.

 

სამი და-ძმა ვიყავით.

 

ჩემი და, ვენერა ქვლივიძე პროფესორი გახდა, გინეკოლოგი იყო.

 

მე და თინამ უნივერსიტეტი დავამთავრეთ.

 

ღარიბი მეცხვარის შვილებმა სწავლისთვის გადავდეთ თავი და ჩვენით მივაღწიეთ ყველაფერს.

 

თუმცა, მე ასპირანტურის მესამე კურსიდან გამოვედი, რადგან მამას უნდა მივხმარებოდი, ოჯახის რჩენა რომ შეგვძლებოდა.

 

მას კოდაზე ჰყავდა ცხვარი და იქ ვიყავი მეც, თიბვაში, ცხვრის მოვლაში ვეხმარებოდი, დებს სჭირდებოდათ ჩემი ხელი.

 

 

ძალიან ახლოს ვიყავით მიხეილ ჭიაურელის ოჯახთან.

 

ვერიკო და მისი ოჯახი ხშირად გვსტუმრობდა.

 

მამიდაჩემი, ანა ქვლივიძე იყო – მსახიობი.

 

ერთ დღეს სცენიდან გადმოვარდა სპექტაკლის დროს და ფეხი მოიტეხა, რის შედეგადაც დაინვალიდდა.

 

მოგვიანებით ვერიკომ წაიყვანა თავისთან.

 

სოფიკო მამიდაჩემმა გაზარდა.

 

მამიდა რომ გარდაიცვალა, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა.

 

ხშირად გვაკითხავდნენ საგარეჯოში და ურთიერთობა ბოლომდე არ გაუწყვეტავთ.

 

 

 

 

მოგვიანებით სკოლაში ვმუშაობდი, პედაგოგად, სპორტსკოლის დირექტორიც ვიყავი.

 

 

1973 წელს მედიკო მეზვრიშვილმა დამიბარა და მითხრა – ვერც ერთმა დირექტორმა ვერ გაძლო დავითგარეჯაში და შენ უნდა წახვიდეო.

 

დავთანხმდი და წავედი.

 

ცოლ-შვილიც თან გამომყვა. გარეჯა სავსე დამხვდა ცხვრებით, საქონლითა და შინაური ფრინველით.

 

მთავარი ლავრაც და გამოქვაბულებიც სავსე იყო ცხვრისა და საქონლის ფეკალიებით.

 

აზერბაიჯანელებს ჰქონდათ იქ ფერმები.

 

 

ყველას ვუთხარი, – ასე არ გამოვა, მე აქ ძეგლის დასაცავად გამომიშვეს და უნდა დაცალოთ აქაურობა-მეთქი.

 

არ მოეწონათ ჩემი ნათქვამი და წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.

 

არ დაგიმალავთ და მუშტის მოქნევაც კი დამჭირდა საიმისოდ, რომ იქ წესრიგი დამემყარებინა.

 

 

რაც ვერ შევძელი სიტყვით, შევძელი ძალის გამოყენებითა და შიშის დათესვით.

 

იმის მერე დაცალეს იქაურობა.

 

 

 

იქ ისეთი ზამთარი იცის, ვერც კი გამოხვალ.

 

თავიდან ტრაქტორიც არ გვყავდა, რომ თოვლში გზა გამეკვალა და საგარეჯოში ჩამოვსულიყავი.

 

ასე რომ, ზამთრის პერიოდში თვეობით ვიყავი გამოკეტილი გარეჯაში და თოვლი რომ დნობას იწყებდა, მაშინ თუ ჩამოვიდოდი ოჯახში.

 

შემდეგ ტრაქტორი რომ მოგვცეს, ლამის 24 საათი ვუნდებოდი გზის გაკვალვას და სახლამდე ჩამოსვლას.

 

ჩემი სამივე შვილი იქ გაიზარდა, მუზეუმის სხვა თანამშრომლებთან ერთად ალაგებდნენ კელიებსა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას.

 

ბავშვებს შრომას პატარაობიდან ვაჩვევდი.

 

 

ერთხელ ისე მოხდა, რომ შევედი კელიაში და რას ვხედავ?

 

ისევ ცხვრებითაა სავსე იქაურობა, ცხვრებს პატრონიც თან ახლდა.

 

 სიბრაზე მომაწვა, ვერ მოვზომე, ვტაცე საკინძეში ხელი და დავეჯაჯგურე.

 

ამ ჩხუბში ცოტა მეტი მომივიდა, ხელი ვკარი და კლდეზე დაგორდა.

 

ამის გამო დიდი ამბავი ატყდა, მიჩივლეს და მილიციაში დამიბარეს.

 

 მედეა მეზვრიშვილმა მიშველა ისევ და არ დამაკავეს მაგ ამბის გამო.

 

იქვე, ახლოს იყო განლაგებული სამხედრო ნაწილი და პოლიგონი.

 

მედეა მეზვრიშვილი იბრძოდა, რომ პოლიგონი გადაეტანათ.

 

აუფეთქებელ ხელყუმბრებსაც კი ვპულობდით ხოლმე.

 

ჯარისკაცები გადმოდიოდნენ და არაყს მთხოვდნენ, ხანდახან ვუმასპინძლდებოდი ხოლმე.

 

ერთ დღეს დავინახე, რომ ტანკი მოდიოდა ჩვენკენ.

 

საკმაოდ დიდი სიჩქარით მოდიოდა და შენელებასაც არ აპირებდა.

 

ვერც კი გავიგე, რა უნდოდათ; ლავრა უნდა დაენგრიათ თუ რამე სხვა განზრახვა ჰქონდათ.

 

რომ მივხვდი, გაჩერებას არ აპირებდა, ნიჩაბს წამოვავლე ხელი და წინ გადავუდექი, – არ გაბედოთ მოახლოება-მეთქი.

 

 გაჩერდა ტანკი და აღარ გააგრძელა გზა.

 

თითოეულ ფრესკას ვუფრთხილდებოდი.

 

ექსკურსიაზე მოსულ ხალხს უკან დავყვებოდი ან ჩემს შვილებს გავაყოლებდი ხოლმე, რომ კედლები და ფრესკები არ დაეჩხაპნათ ექსკურსიაზე მოსულ ხალხს.

 

ერთხელ ამოკაწრეს სახელები, მივაგენი და პასუხიც მოვთხოვე ბარბაროსობის გამო.

 

ეკლესიაში იყო იმ 600 ბერის ძვლები, რომელიც შაჰ-აბასმა ამოხოცა.

 

 თითოეულ ნაწილს ვუფრთხილდებოდი და თავს ვევლებოდი, რომ არ გაფანტულიყო.

 

მედეა მეზვრიშვილი ჩამოდიოდა ხოლმე გარეჯობის დღესასწაულზე და სულ მაქებდა, – პატრონი გამოუჩნდა დავითგარეჯასო.

 

უამრავი სტუმარი მოდიოდა, ხშირად გვსტუმრობდა ჯუმბარ პატიაშვილი“, - იხსენებს ილუშა ქვლივიძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი