logo_geo
„დიდი კომიკოსი სევდიანი თვალებით"
- +

15 ნოემბერი. 2020. 19:45

 

 

"მსახიობს ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა. მისი წუხილის მიზეზი ჯერ მეუღლის, შემდეგ კი ვაჟის ფსიქიკური ავადმყოფობა იყო. მერე ამას უფრო დიდი ტრაგედია - ქალიშვილის დაღუპვა დაემატა. ცხოვრების ბოლო წლებში მსახიობი სასმელს მიეძალა"

 

"Я тебе один умный вещь скажу, но только ты не обижайся…" - ყველასათვის­ ნაცნობ ამ ფრაზას კინოფილმ "მიმინოდან" ხშირად გაიგონებდით თბილისში, ლაღიძის წყლებში, სადაც სომეხ კომიკოს ფრუნზიკ მკრტიჩიანს უყვარდა­ სტუმრობა. როგორც ჟურნალისტი ბესიკ ფიფია წერს, მსახიობი ხშირად სტუმრობდა თბილისს და ბუბა კიკაბიძესთან ერთად მას არაერთი სახალისო ამბავი გადახდა.­ "დიდი კომიკოსი სევდიანი­ თვალებით", - ასე იხსენიებს ბუბა კიკაბიძე თავის მეგობარს და მისი თბილისური ვოიაჟიდან რამდენიმე სახალისო ისტორიას ჰყვება.

 

"ვალიკჯან, ეს რა ხალხია აქ?"

 

- 1981 წელს თბილისში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაარსების მე-60 წლისთავი აღინიშნებოდა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტი მიმდინარეობდა. კონცერტის ბოლოს სცენაზე ფრუნზიკ მკრტიჩიანი გამოჩნდა ტორტით ხელში, რომელიც მანამდე სტუმრებს ეკითხებოდა: "Вы моего друга Валико не видели, летчика?" რომ დამინახა ფრუნზიკმა, მხარზე ხელი გადამხვია და სცენარის ტექსტს გადაუხვია: "ვალიკჯან, ეს რა ხალხს მოუყრია აქ თავი, კარგი ხალხია?"

 

ვახტანგ კიკაბიძე, გიორგი დანელია და ფრუნზიკ მკრტიჩიანი

ისე გამოვიდა, რომ ეს შეკითხვა მარტო სცენაზე შეკრებილებს კი არ ეხებოდა, არამედ სამთავრობო ლოჟაში მსხდომებსაც საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან ლეონიდ ბრეჟნევსაც, რომელიც საქართველოში სპეციალურად იყო იუბილეზე ჩამოსული, საქართველოს პარტიულ ლიდერ ედუარდ შევარდნაძესაც და სხვა საბჭოთა მაღალჩინოსნებსაც. რა უნდა მექნა, ვუპასუხე, კარგი ხალხია-მეთქი. კიდევ კარგი, გაგვიტარეს.

 

საზღვარზე დაკავებული სომეხი კომიკოსი

 

- თბილისში ერთ-ერთი სტუმრობის შემდეგ, როდესაც ფრუნზიკი უკან ბრუნდებოდა, წითელ ხიდზე თბილისელ "გაიშნიკებს" გაუჩერებიათ. მსახიობი მანქანიდან გადმოსულა, უფიქრია, დამინახავენ და გამიშვებენო, მაგრამ იმათ ისეთი სახეები მიუღიათ, ვითომ ვერ იცნეს და მართვის მოწმობა მოუთხოვიათ. საბუთში რომ ჩაუხედავთ, გამოგვყევიო, უთქვამთ. ფრუნზიკიც გაჰყოლია ცოტა ანერვიულებული, "გაიშნიკებს" კი პირდაპირ ქართულ სუფრასთან მიუყვანიათ, რომელსაც გარშემო მისი მეგობარი ქართველი მსახიობები შემოსხდომოდნენ რუსთაველის თეატრიდან. მსახიობები წამომხტარან, კახური ღვინით სავსე სასმისები აუწევიათ და კარგად მოულხენიათ.

 

"სომხეთის მთავარი ცხვირი"

 

- პატარაობიდან იმაზე კი არ ვფიქრობდი, მე რატომ მქონდა დიდი ცხვირი, არამედ იმაზე, სხვებს რატომ ჰქონდათ პატარა ცხვირებიო. როცა ღმერთი ხალხს ცხვირებს ურიგებდა, თან ეკითხებოდა, რა ფორმის გინდათო? რუსმა აპრეხილი ცხვირი მოინდომა, ქართველმა კავკასიონის მსგავსი, სომეხმა ჯერ იკითხა, რა ღირსო და როცა ღმერთმა უთხრა, უფასოაო, მაშინ რაც შეიძლება დიდი ცხვირი მომეციო, უთხრა - ეს მისი ცნობილი ხუმრობა იყო.

 

სპექტაკლში "სირანო დე ბერჟერაკი"­ ფრუნზიკი მთავარ როლს ასრულებდა. სირანოს აქვს ძალიან გრძელი მონოლოგი,­ რომელშიც თავის უზარმაზარ ცხვირზე მსჯელობს, პრემიერაზე ფრუნზიკს ეს მონოლოგი ძალიან მოკლე გამოუვიდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ვკითხე, ფრუნზიკ, რატომ შეამოკლე მონოლოგი, რაც უნდა იყოს, მაინც კლასიკური ნაწარმოებია-მეთქი. ბუბაჯან, სომხებს არ უყვართ ცხვირებზე დიდხანს ლაპარაკიო, მიპასუხა.

 

P.S. ფრუნზიკ მკრტიჩიანი ვისაც ეკრანზე ერთხელ მაინც უნახავს, არასდროს დაავიწყდება, თუმცა მუდმივად მოღიმარ მსახიობს ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა. ბევრმა არ იცოდა, რა დარდი ჰქონდა. მისი წუხილის მიზეზი ჯერ მეუღლის, შემდეგ კი ვაჟის ფსიქიკური ავადმყოფობა იყო. მერე ამას უფრო დიდი ტრაგედია - ქალიშვილის დაღუპვა დაემატა. იგი ავარიას ემსხვერპლა. ცხოვრების ბოლო წლები ღრმა დეპრესიაში გაატარა და სასმელს მიეძალა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი