logo_geo
გიგი უგულავას კვალი „ცენტრ პოინტის“ გაკოტრების თაღლითურ საქმეში
- +

1 აპრილი. 2017. 17:20



„ცენტრ პოინტის" დამფუძნებლების, ვახტანგ და მაია რჩეულიშვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ვახტანგ რჩეულიშვილი ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო მას შემდეგ, რაც მეუღლის ამბავი შეიტყო, მაია რჩეულიშილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა. ამ ფონზე, გაურკვეველია სამართალდამცავების პოზიცია, რომლებიც ეკონომიკურ დანაშაულში მხილებულ ასაკოვან ქალბატონს კვლავ პატიმრობაში ტოვებენ და საპროცესო გარიგებაზეც კატეგორიულ უარს აცხადებენ. არავინ და უპირველეს ყოვლისა, თავად რჩეულიშვილები არ უარყოფენ, რომ კომპანიაში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, თუმცა ისინი პასუხისმგებლობას არ გაქცევიან. სინამდვილეში, „ცენტრ პოინტის" კრიზისი იმ მაქინაციური სქემის შედეგია, რომლის სათავეში „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები იდგნენ. 2013 წლიდან მოყოლებული, როდესაც პროკურატურამ სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლების წინააღმდეგ პირველი საქმე აღძრა, „ვერსიაში" არაერთი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ვახტანგ და მაია რჩეულიშვილები დაუფარავად ამხელდნენ იმ პირებს, რომელთა გამოც „ცენტრ პოინტი" გაკოტრების პირას მივიდა, მათ შორის კი ერთ-ერთი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაა.


მოვლენების ქრონოლოგიას „ვერსიაში" გამოქვეყნებული სტატიებისა და ინტერვიუების მიხედვით მივყვეთ. ყველაფერი 2013 წლიდან დაიწყო, როცა მაია რჩეულიშვილმა სამშენებლო კომპანია „დექსუსის" წინააღმდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა. „დექსუსი" სწორედ ის კომპანიაა, რომელიც „ცენტრ პოინტის" მენეჯმენტში თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას მითითებით შევიდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.


მოკლედ, 2013 წლის აპრილში, მაია რჩეულიშვილმა „ვერსიასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ თბილისის მერის გიგი უგულავას, იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანიების - „ცენტრ პოინტისა" და „ოლიმპიური ვარსკვლავის" რეაბილიტაციაზე  „დექსუსს" უნდა ეზრუნა. თუმცა, რეაბილიტაციის ნაცვლად, ისედაც პრობლემურ კმპანიაში გაცილებით მეტი პრობლემა დაგროვდა.


იმავე პერიოდიში, „ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ რჩეულიშვილმა  „ვერსიასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისის მერის გიგი უგულავასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გადაწყვეტილებით, რაც ზურაბ ადეიშვილთან იყო შეთანხმებული, „ცენტრ პოინტის" რეაბილიტაცია „დექსუსს" დაევალა. პრობლემა კი იმის გამო შეიქმნა, რომ რეაბილიტაციის ნაცვლად, „დექსუსის" პირობებში, „ცენტრ-პოინტმა" 30 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა. რჩეულიშვილების პათოსი სრულად გაიზიარა „ოლიმპიური ვარსკვლავის" წარმომადგენელმა ლელა რაზიკაშვილმა და 2013 წლის აპრილში, „დექსუსი" ოფიციალურად მანაც ამხილა.


სამშენებლო ბაზარზე პრობლემა იმიტომ შეიქმნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები აიძულა, დევნილებისთვის კომპაქტური დასახლებები საკუთარი სახსრებით აეშენებინა. „ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელი მაღალჩინოსნები სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს დაპირდნენ, რომ მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს „მარშალის ფონდიდან" აუნაზღაურებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. სახელმწიფომ „მარშალის ფონდიდან" აგვისტოს ომის შემდეგ დაფინანსება კი მიიღო, მაგრამ ხელისუფლებამ სამშენებლო კომპანიები „გადააგდო".


აგვისტოს ომის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რომელმაც დომინოს პრინციპით, ჯერ საბანკო სექტორი, შემდეგ უკვე სამშენებლო კომპანიებიც მოიცვა. ეს პროცესი საქართველოზე აისახა - აგვისტოს ომის შემდეგ, სამშენებლო კომპანიებში გაყიდვები ისედაც შემცირდა, ამას ისიც დაემატა, რომ კომპანიებს იძულების წესით გააღებინეს არამიზნობრივი ხარჯები, როდესაც დევნილების კომპაქტური ჩასახლებები დააფინანსებინეს. სამშენებლო ბაზარზე კრიზისის შექმნის გამო, კომპანიების „გადარჩენის გეგმა" შემუშავდა, რაც სინამდვილეში ნიშნავდა, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ სამშენებლო კომპანიებში „ნაცმოძრაობამ" საკუთარი „დესანტი" გადაისროლა.


გეგმამ არ გაამართლა, სამშენებლო კომპანიების რეაბილიტატორები, შეჩერებული მშენებლობების დასასრულებლად, დაზარალებული მოსახლეობისგან დამატებით თანხას ითხოვდნენ.


ხშირ შემთხვევაში მოთხოვნილი თანხა იმდენად არაადეკვატური იყო, რომ მენაშენეებში უკმაყოფილებამ იმატა და საპროტესტო აქციებმა ახალი ძალით იფეთქა. ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე საკუთარი კორპუსის მშენებლობის დასრულებას ელოდა, სულაც არ აინტერესებდა, ვინ დააზარალა, მაგრამ ფაქტია, ეს ერთი კონკრეტული ჩინოვნიკის ან თუნდაც ერთი სამშენებლო კომპანიის ბრალი არ ყოფილა, ეს წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაული იყო.


„ვერსიაში" იმასაც ვწერდით, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას, უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ასევე კახა ბენდუქიძეს და „ნაცმოძრაობის" სხვა მაღალჩინოსნებსაც სამშენებლო ბიზნესში ინტერესები ჰქონდათ. ხშირ შემთხვევაში, ეს ინტერესები იკვეთებოდა და ინტერესთა კონფლიქტიც იქმნებოდა, რასაც ნაციონალებისთვის მიუღებელი ბიზნესმენების დაჭერა, დაპატიმრება და მათი წილების გადაფორმება ახლდა.



უგულავას კვალი „ცენტრ პოინტის" გაკოტრებაში


2013 წლის ივლისში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის - მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კირვალიშვილს და „დექსუსის" 33%-იანი წილის მფლობელ ივანე ცაგურიას, თაღლითობისა და სხვისი ქონების მითვისების მუხლით, ბრალი წაუყენა. მაია რჩეულიშვილი ეჭვობდა და ამას „ვერსიასთან" ინტერვიუშიც არ მალავდა, რომ დაზარალებული მენაშენეების ეს აქციები სწორედ თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მიერ იყო დაფინანსებული და ეს ყველაფერი კომპანიის, უფრო კი რჩეულიშვილების დისკრიმინაციას ისახავდა მიზნად!

 

 

პროკურატურამ „ცენტრ პოინტის", „დექსუსისა" და მასთან დაკავშირებული კომპანია „ალიანს კაპიტალის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დააყადაღა. „ვერსიასთან" ინტერვიუში, მაია რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯი წლების განმავლობაში, კომპანიის წინააღმდეგ მიმართული მიტინგების ლოგიკური დასასრული იყო:

 

„როცა ამდენი ადამიანი და მათ შორის, „დექსუსის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩვენ თაღლითები ვართ, პროკურორს რა უფლება აქვს, ასეთ ზომას არ მიმართოს? ფაქტი სახეზეა, ორი ძალიან მძიმე რამ მოხდა, ჩემმა დებიტიორებმა  არ შემოიტანეს 40 000 000 აშშ დოლარი და ამიტომ არ აუშენდათ სახლი. როდესაც „დექსუსს" გადავეცით ქონება, მისი ღირებულება 94  215 000 აშშ დოლარი იყო. აქედან 28 000 000 აშშ დოლარი დებიტორული, 50 000 000 აშშ დოლარი მარაგებისა და 16 386 000 აშშ დოლარი თავისუფალი მიწის აქტივების დავალიანება გახლდათ. „დექსუსმა" უჩვეულო ხერხს მიმართა, ქონება იჩუქა, მაგრამ ჩათვალა. რომ ეს ქონება მისი აქტივია, ხოლო დავალიანება ჩვენი. ადამიანებს, რომლებიც „დექსუსს" დახმარებისთვის მიმართავდნენ, კომპანიის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილს მიაკითხეთო. ხალხის უკმაყოფილება აგორდა და ეგზალტირებულმა ადამიანებმა, რომლებსაც ფული უკვე გადახდილი ჰქონდათ, გადაწყვიტეს, უკანასკნელი ზომისთვის მიემართათ - პროკურატურაში განცხადებები შეიტანეს. დაახლოებით, 400-მდე განცხადება დაგროვდა და შეუძლებელი იყო, პროკურატურას გამოძიება არ დაეწყო".


„ვერსიას" კითხვაზე, ვინ აიძულა „ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები, „დექსუსთან" ხელშეკრულება გაეფორმებინათ, მაია რჩეულიშვილმა გვიპასუხა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნებმა:


„მაგალითად, „დექსუსმა" 11 000 000 ლარი გამოიტანა „თბილისის განვითარების ფონდიდან" , თელავის „ინტურისტი" კი 1 ლარად გაყიდა. არ შეიძლება მყიდველი კეთილსინდისიერი იყოს, რომელიც  12 000 კვ. მეტრის ფართობის თელავის „ინტურისტს" 1ლარად იყიდის! გამყიდველი - „თბილისის განვითარების ფონდი" და მისი ხელმძღვანელი საბანაძე ხომ საშინელია, მაგრამ „დექსუსის" ირაკლი კილაურიძეც არანაკლებ დამნაშავეა. საბანაძე და კილაურიძე გარიგდნენ და ქონება 1 ლარად გაყიდეს. შესაძლოა, ამ საბუთების ფაბრიკაციაც გააკეთეს. იცით, როგორ აფორმებდნენ ხელშეკრულებებს? ნოტარიუსთან მიდიოდნენ და შიდა ხელშეკრულებებს დებდნენ, ფულის ტრანზაქცია კი საერთოდ არ ჩანდა. ამის დიდოსტატები იყვნენ, მაგრამ გავოგნდი, როცა შევიტყვე, რომ ბათუმში 7 500 000 ლარის ვალიც მქონია.  10 ივლისს დასრულდა სასამართლო პროცესი და ვალი გაბათილდა. „თბილისის განვითარების ფონდიც" მიხვდა, რა აქვს გაკეთებული, ამიტომ ეს ვალი თვითონვე გააბათილა. არც ერთ კონკურსში არ გამიმარჯვია და „თბილისის განვითარების ფონდმა" 11 000 000 ლარი როგორ მაჩუქა? თუ 11 000 000 ლარი მაჩუქეს, მაშინ სამუშაოები დასრულებული რატომ არ არის? როგორ შეიძლება, ფონდიდან მიღებული 11 000 000 ლარიდან, 5 000 000 ლარი იმავე დღეს გადაურიცხო მერიას, დარჩენილი 6 000 000 კარიდან კი  4 000 000 ლარი ხელფასად დაირიგო?!"

 

2013 წლის ივლისის მდგომარეობით, თბილისის მერიის მაღალჩინოსნები უკვე დაპატიმრებულები იყვნენ, რომლებმაც „თბილისის განვითარების ფონდის" თანხები გაფლანგეს. „ვერსიის" კითხვაზე, „ცენტრ-პოინტის" სკანდალი ამ თემის გაგრძელება ხომ არ იყო, რათა გამოძება თბილისის მერიაზე, გიგი უგულავაზე გასულიყო ანუ კომპანიას უგულავა ხომ არ ებრძოდა, მაია რჩეულიშვილმა გვიპასუხა:


„ბევრ რამეზე მაქვს ეჭვი, მაგრამ ალბათ, უფრო შურდათ ჩემი, რადგან ცარიელი ხელებით ვაშენებდი. ჩანს, ფიქრობდნენ, თავად უკეთ ააშენებდნენ. დადასტურებით არაფრის თქმა  შემიძლია. მხოლოდ ციფრებზე ვსაუბრობ და იმ ფაქტებზე, რაც ზუსტად ვიცი. „ნინოშვილის ბაზარი" კონკურსში მოვიგეთ, მაგრამ ვიღაცამ პრეზიდენტის განკარგულება დამალა. როგორ შეიძლება, პრეზიდენტის განკარგულება დამალო და საკრებულოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდო? საბოლოოდ, ეს ყველაფერი ერთი სათავისკენ მიდის... თბილისში, აღმაშენებლის პროსპექტის წარმატებული პროექტი გამოდგა. ჩანს, მადა გაეხსნა და საერთოდ დეველოპმენტი მოუნდა! ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან იგი თბილისის მერია. არავითარი მტკიცებულება არ გამაჩნია, მხოლოდ ის ვიცი, რომ სააკაძის ქუჩის კორპუსი დამინგრიეს, თელავის „ინტურისტი" გაყიდეს, ფოთის პროექტი გადამიგდეს, ლაგოდეხის პროექტი დამიკარგეს. ისიც ზუსტად ვიცი, რომ თუ სახელმწიფოს ჩინოვნიკები არ ჩაერეოდნენ, დაზარალებული მენაშენეები ძვირადღირებულ პლაკატებსა და კარვებს ვერ შეიძენდნენ.

 

სულ მინდოდა ამ კითხვის დასმა - ვინ აფინანსებდა ჩემს დაზარალებულებს, რადგან არ არსებობს, მათ უკან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არ იდგეს.  ჩემს მენაშენეებს ძვირადღირებული პლაკატებისა და კარვების თანხა არ აქვთ!"

 

2014 წელს,  „ვერსიასთან" ინტერვიუში, ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში, ყველაზე მეტად „ცენტრ პოინტი" დაზარალდა, რომელმაც დაახლოებით, 100 მილიონი ლარი დაკარგა. მისი თქმით, პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება არ შეცვლილიყო, რჩეულიშვილები „ცენტრ პოინტს" ვერ დაიბრუნებდნენ. ვახტანგ რჩეულიშვილმა „ვერსიას" პირდაპირ განუცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა თავდაცვის ექს-მინისტრის დაჯგუფებამ ჩაიგდო ხელში და დღემდე უცნობია, სად გაიტანეს ეს ფული". „ვერსიას" კითხვაზე, ექს-მინისტრში დავით კეზერაშვილს გულისხმობდა თუ არა, ვახტანგ რჩეულიშვილმა გვიპასუხა:


„დავით კეზერაშვილსაც და გიგი უგულავასაც, რომლებიც ფინანსურად დღესაც კი მართავენ ქართული ეკონომიკის დიდ ნაწილს! საიდან უნდა ამოვიღო 100 მილიონი ლარი, რომელიც უგულავას მერობის დროს, „დექსუსის" პირობებში დავკარგეთ? „დექსუსისგან" ამ თანხას ვერ ამოვიღებ, რადგან 1 500 000 ლარის კაპიტალი აქვს, დანარჩენი საიდან უნდა მოვიტანო? მართალია, „დექსუსს" უშუალოდ უგულავა მართავდა, მაგრამ ინსტიტუციონალურად, ამაში თბილისის მერია უნდა დავადანაშაულოთ და არა პერსონალურად უგულავა. სად ვდიო უგულავას ქონებას ან ვინ დაითვლის? გიგი უგულავა რომც დაიჭირონ, 100 მილიონ ლარს როგორ დავიბრუნებ?

 

2015 წელს, „ვერსიასთან" ინტერვიუში, მაია რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ „ცენტრ პოინტის" კრიზისის მიუხედავად, თბილისის ექს-მერს შეცდომები უკვე აპატია. 2015 წელს, გიგი უგულავა უკვე დაპატიმრებული იყო, შესაბამისად, მაია რჩეულიშვილს ინტერვიუში მასზე ძვირი არ უთქვამს. 2016 წლის სექტემბერში ვახტანგ რჩეულიშვილმა „ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა:


„სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, როდესაც თბილისის მერიას „ცენტრ პოინტის" რეაბილიტაცია ევალებოდა, მერიამ კომპანიაში „დექსუსი" გამოგვიგზავნა. იმ თანხით, რაც „ცენტრ პოინტს" ეკუთვნოდა, წინა ხელისუფლებამ საარჩევნო ღონისძიებები დააფინანსა. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი კომპანიის აქტივების გასხვისება პარტიული მიზნებისთვის. როგორ მოქმედებდა თბილისის მერია ჩვენს წინააღმდეგ, ძიებას არ აინტერესებს, რადგან უგულავა ისედაც დაჭერილი ჰყავთ. რეალურად, კომუნისტური მენტალიტეტი ყველა ხელისუფლების სენი აღმოჩნდა, ეს არის „მოკალი მდიდარი". ასეთი იყო სააკაშვილის ხელისუფლება და ასეთები არიან ესენიც".

 

2013-2016 წლებში, მაია და ვახტანგ რჩეულიშვილებმა „ვერსიასთან" ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნეს, რომ „ცენტრ პოინტი" თბილისის ექს-მერის, გიგი უგულავას გადაწყვეტილებით, კომპანიის მენეჯმენტში „დექსუსის" შესვლის გამო გაკოტრდა. „ვერსია" დაინტერესდა, დაჰკითხა თუ არა პროკურატურამ თბილისის ექს-მერი ამ საქმესთან დაკავშირებით , ან მოწმის სახით სასამართლოზე ჩვენება ხომ არ მიუცია? „ვერსიას" მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე ესაუბრა:


„გიგი უგულავა ამ საქმეზე მოწმის სტატუსით, არასოდეს დაკითხულა! უკავშირდება თუ არა „ცენტრ პოინტის"  გაკოტრება უგულავას, ამას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ „დექსუსის" შემოსვლა კომპანიის მენეჯმენტში, მაია და ვახტანგ რჩეულიშვილების ინტერესი არ ყოფილა! „დექსუსის" წინააღმდეგ, დაახლოებით, ათამდე საჩივარი მაინც გვაქვს შეტანილი პროკურატურაში, ვწერდით, რომ „დექსუსმა" ვალდებულებები არ შეასრულა, პირიქით, ქონება გაფლანგა და „ცენტრ პოინტი" უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. პროკურატურას ვთხოვდით, „დექსუსის" წინააღმდეგ საქმე აღეძრა, მაგრამ როგორც ხედავთ, საბრალდებო სკამზე მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კირვალიშვილის გარდა, სხვა არავინ ზის".

 

„ვერსია" კომენტარისთვის „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს , გიგი უგულავასაც დაუკავშირდა, თუმცა მან არც ჩვენს ზარებს უპასუხა და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. არადა, გვსურდა, მისი პოზიციაც დაგვეფიქსირებინა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც საკმაოდ მძიმეა და რომლებსაც ვახტანგ და მაია რჩეულიშვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო ამძიმებს.




 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი