logo_geo
ფსიქოპატი მკვლელის, მარსელ პეტიოს, იმავე „ექიმი სატანის” საიდუმლო ცხოვრება
- +

17 ნოემბერი. 2020. 14:35

 

 

თანამედროვე მედიცინას, მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, ყოველთვის არ შეუძლია ამოიცნოს ადამიანში საზოგადოებისთვის საშიში ფსიქოპატი. ზუსტად ამიტომ, ასეთი ადამიანები გარშემო წლების მანძილზე სიკვდილს თესავდნენ. მე-20 საუკუნის შუა წლებში ვითარება გაცილებით დამძიმდა და მანიაკს, რომლის ადგილიც ციხის ტიპის ფსიქიატრიულ პალატაში იყო, შესაძლოა, მერის ადგილი დაეკავებინა ან თავი მედიცინის დოქტორად გამოეცხადებინა. მარსელ პეტიოს ანუ „ექიმი სატანის“, როგორც მას უწოდებდნენ, საზარელი ისტორია სამაგალითოა და კარგად აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად შეიძლება შეტოპოს ფსიქიკურად დაავადებულმა ადამიანმა, თუკი მას თავის დროზე არ შეაჩერებენ.

 

მარსელ პეტიო დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ოსერიში 1897 წლის 17 იანვარს. მისი უფროსი ძმა მოგვიანებით იხსენებდა, რომ როგორც კი მარსელი „ჭკუაში ჩავარდა“, გასაგები გახდა, რომ მას აშკარა პრობლემები ჰქონდა. პეტიოს ოჯახი შეძლებული იყო, მაგრამ ბიჭუნას ქურდობა და ქუჩაში წანწალი იზიდავდა. გარდა ამისა, მას სიბრაზის შეტევები ჰქონდა, რომლის დროსაც უმართავი ხდებოდა და ყველაფერს ისროდა, რაც ხელში მოჰყვებოდა.

 

თავიდან მარსელის ასეთ ქცევებს მის ასაკს აბრალებდნენ, მაგრამ 11 წლის ასაკში მან დანა მოუქნია თანაკლასელს, რომელიც კინაღამ დაჭრა. ამ შემთხვევის მერე „ცელქი ბიჭი“ პირველად აჩვენეს ფსიქიატრს, მაგრამ ექიმმა ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოუჩინა და საერთო დანიშნულების დამამშვიდებლების გამოწერით შემოიფარგლა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ პეტიო კვლავ არაადეკვატურად მოიქცა და ამჯერად გაცილებით საფრთხის შემცველად. მან მამის რევოლვერი მოიპარა და პირდაპირ სკოლის შენობაში თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. მას კვლავ გაუმართლა – არავინ დაშავებულა. ამ შემთხვევის შემდეგ მარსელი პრესტიჟული სკოლიდან გამოაგდეს და მშობლებმა ის ჩვეულებრივ სკოლაში მიიყვანეს. 16 წლის ასაკში მარსელ პეტიოს უკვე 6 სკოლა ჰქონდა შეცვლილი და მას ქალაქის მიღმაც, როგორც შეშლილ სადისტს, ისე იცნობდნენ. ის სცემდა მეზობლებსა და ოჯახის წევრებს, ქუჩაში თავს ესხმოდა ბავშვებს, მოხუცებსა და უსახლკაროებს, ხოცავდა კატებსა და ძაღლებს. ერთხელ მარსელს ფული დასჭირდა და ეკლესიის შესაწირი ყუთი გატეხა.

 

პატარა ქალაქისთვის, სადაც მორწმუნე კათოლიკეები ცხოვრობდნენ, ეს მეტისმეტი იყო. პეტიოს ციხე ემუქრებოდა ქურდობისთვის, მაგრამ სასამართლოს დაწყებამდე გადაწყვიტეს ფსიქიატრიულად შეემოწმებინათ. შემოწმებამ მარსელი სასამართლოს გადაარჩინა, ვინაიდან მას ფსიქიკური დარღვევების დიდი „თაიგული“ აღმოაჩნდა, რომელთა შორის მთვარეულობა, შეუკავებლობა, ეპილეფსია და სიბრაზის შეტევები იყო. ექიმმა მარსელს „ფსიქოპატიის“ დიაგნოზი დაუსვა და ფსიქიატრიულ კლინიკაში სამკურნალოდ გაგზავნა. მაგრამ, მალევე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ყველას მიავიწყდა ახალგაზრდა ფსიქოპატი. ის მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, როდესაც ფრონტზე წასვლის დრო მოვიდა. ასე აღმოჩნდა მარსელ პეტიო 1916 წლის იანვარში, ფსიქიატრიულის მაგივრად, მოქმედ არმიაში. იმავე წელს დანაყოფი, სადაც მარსელი იბრძოდა, თავდასხმის ქვეშ მოჰყვა: ჯერ დაბომბეს და შემდეგ მომწამლავი აირი გაუშვეს. მებრძოლებიდან ცოტა ვინმე თუ გადარჩა და მათ შორის ჩვენი მარსელიც იყო.

 

 

 

სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილმა პეტიომ, როგორც კი გამოფხიზლდა, საკუთარი ოინები მოაწყო. პირველ რიგში, მან 10 საბანი მოიპარა და საგულდაგულოდ დამალა, რათა შემდეგ გაეყიდა. მისი დანაშაული მალევე ამოიცნეს და როდესაც სანიტრებმა ნაქურდალს მიაგნეს, მარსელი მათ თავს დაესხა. ამ საქციელის გამო, ახალგაზრდა ფრონტზე აღარ გაუშვეს და ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მას ორი წლის მანძილზე მკურნალობდნენ, მაგრამ 1918 წელს საფრანგეთის არმიას ფრონტზე საქმეები ცუდად წაუვიდა, ამიტომ ბრძოლაში მარსელიც კი საჭირო გახდა. პეტიო ფსიქიატრიული საღამურიდან სამხედრო სამოსში გამოაწყეს. მას იმდენად მობეზრებული ჰქონდა ომი, ტყვიები და ობიანი ფაფა, რომ როგორც კი იარაღი დააჭერინეს, საკუთარ ფეხს ისროლა. იმ დროს ასეთი საქციელი სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ ჩვენ გმირს ამჯერადაც გაუმართლა და ყველას უეცრად გაახსენდა, რომ მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და პეტიო კვლავ კლინიკაში მოათავსეს.

 

საავადმყოფოდან მარსელი ომის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე გამოვიდა და მას მაშინვე თხრილებში უკრეს თავი. როცა ომიც დასრულდა, პეტიო სახლში გააგზავნეს. საავადმყოფოებში ყოფნის დიდხნიანმა გამოცდილებამ მას გენიალური იდეა მიაწოდა – გამხდარიყო ექიმი. დღეს მისნაირი პაციენტი ექიმი ვერ გახდება, მაგრამ საუკუნის წინ ეს შესაძლებელი იყო. როგორც ვეტერანს, მას უფასო სწავლება ეკუთვნოდა და მარსელმა საკუთარი შანსი არ გაუშვა - გაიარა რვათვიანი კურსები და 1921 წელს ექიმის დიპლომი აიღო. მისმა ახლობლებმა ჩათვალეს, რომ პეტიო გამოსწორდა, მაგრამ მან საკუთარი დიპლომის გამოყენება მორფით ვაჭრობის მიზნით დაიწყო.

 

შესაძლოა ზუსტად მაშინ ჩაიდინა მარსელმა პირველი მკვლელობა – მისი მეგობარი ლუიზა დელავო უკვალოდ გაქრა და როდესაც ექიმს მის გაუჩინარებაზე ეკითხებოდნენ, ის ყოველთვის სხვადასხვანაირად ჰყვებოდა მეგობრის სადღაცა გამგზავრების ისტორიას. 1926 წელს მარსელი ჯორჯიტა ლაბლეზე დაქორწინდა. უფრო საოცრება კი ის იყო, რომ იგი ქალაქ ვილნევ-სურ-იონის მერად აირჩიეს. ცხადია, ახალ პოსტზე მარსელი ქრთამს იღებდა და არა მხოლოდ ფულს, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნივთებსაც იპარავდა. 1931 წელს მარსელი იონას რაიონის საკრებულოში დასაქმდა, სადაც იმავეს კეთება გააგრძელა.

 

საექიმო პრაქტიკაში პეტიომ ერთხელ ნარკოზის რაოდენობაც გადააჭარბა და პაციენტი მოკლა. გვამი გარდაცვლილის დედას სახლში მიუტანა და დაარწმუნა, რომ პაციენტს ეძინა და მალე გაიღვიძებდა. მოხუცი ვერ მიხვდა, რომ მისი შვილი მკვდარი იყო, თუმცა „ექიმმა“, ყოველი შემთხვევისთვის, სასიკვდილო ინიექცია მასაც გაუკეთა. მოგვიანებით, პარიზში, ნაცისტების მოსვლის შემდეგ, მარსელი სამ კრიმინალს შეუერთდა – რაულ ფურიეს, ედმონდ პინტარსა და რენე-გუსტავ ნეზონდოს.

 

მათ ნაცისტებისგან გაქცეული ებრაელების საზღვარზე გაყვანის ბიზნესი წამოიწყეს. სამეულს უნდა მოეძებნა პეტიოსთვის კლიენტები, ხოლო ექიმს უნდა მოეფიქრებინა, როგორ გაეგზავნა ისინი აშშ-ში. პეტიომ სახელად „ექიმი ეჟენი“ დაირქვა. ის 1000 ფრანკს უხდიდა თავის დამხმარეებს თითო კლიენტისთვის, თავად კი, ებრაელებისგან 25 ათასს იღებდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავინ არავის არსად გზავნიდა. ყველა მათგანი „ექიმი ეჟენის“ სახლში შედიოდა და იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოდიოდა. სამი წლის განმავლობაში, მარსელი 26 ებრაელს გაუსწორდა. ყველა მათგანი პეტიოსთან ჩემოდნებით მიდიოდა, ის კი, სასიკვდილო აცრას უკეთებდა.

 

ამ უბედური ადამიანების ნაწილი მისი სახლის სარდაფში განისვენებდა, რამდენიმე ადამიანი პეტიომ ქალაქის მიღმა დაკრძალა, ზოგი კი, სენაში გადააგდო. ერთხელაც „სიკვდილის საწარმო” „წყობიდან გამოვიდა“ და ექიმით, რომელთანაც მდიდარი ებრაელები მიდიოდნენ, გესტაპო დაინტერესდა. როდესაც ნაცისტებმა „ექიმი ეჟენის“ დანაშაულის შესახებ შეიტყვეს, მათ მეტყველების უნარი დაკარგეს – მათთვისაც კი ექიმის ქმედება ყველანაირი სიბოროტის მიღმა იდგა. პეტიოს და მის დამხმარეებს დიდხანს აწამებდნენ, ვინაიდან ისინი ბოროტ ძალებთან ეგონათ დაკავშირებული, მაგრამ დამნაშავეების მიმართ ინტერესი მალევე დაკარგეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ოთხივე ნაცემი, მაგრამ ცოცხალი გამოუშვეს და სახლში გაგზავნეს. ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომი იყო გაჩაღებული და ნაცისტები გასაქცევად ემზადებოდნენ. გამომძიებელმა, რობერტ იოდკუმმა, რომელმაც პეტიო და მისი თანამზრახველები დაიჭირა, გადაწყვიტა შესაბამისი დოკუმენტაცია გაენადგურებინა, მაგრამ გარკვეული ნაწილი მაინც დარჩა მის კაბინეტში.

 

 

 

1944 წელს საფრანგეთი სრულიად განთავისუფლდა ოკუპანტებისგან, ხოლო გენერალი შარლ დე გოლი მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე გახდა. პარიზელები გახარებული იყვნენ, მაგრამ არა ყველა. მას შემდეგ, რაც გესტაპოს წარმომადგენლებმა პეტიოს სცემეს, ექიმმა საბოლოდ დაკარგა კავშირი რეალობასთან. მოღუშული პეტიო მთელი დღეების განმავლობაში პარიზის ქუჩებში დაძრწოდა და მოქალაქეებს ის ეცოდებოდათ. მოგვიანებით ვიღაცამ მისი სახლის უკანა ეზოში შეიხედა და მოფანტული ადამიანის ძვლები ნახა. მიუხედავად საკუთარი მდგომარეობისა, პეტიომ მიმალვა მაინც სცადა, მაგრამ ის ქალაქის გასასვლელში დააკავეს სამი ყალბი პასპორტით, რომელთაგან ერთ-ერთი ქალის სახელზე იყო.

 

მალევე გამოჩნდა გამომძიებელ იოდკუმის მიერ შენახული დოკუმენტები. მარსელ პეტიოს სასამართლო ძალიან ხმაურიანი იყო – ჟურნალისტები დღედაღამ დარაჯობდნენ სასამართლოს, სადაც პროცესი მიმდინარეობდა. მკვლელ ექიმს „ექიმი სატანა“ შეარქვეს და ასობით მკვლელობა მიაწერეს, მთელი საფრანგეთის მასშტაბით. ორი წლის მანძილზე გამოძიებამ მხოლოდ 26 მკვლელობის დადასტურება შეძლო, მაგრამ თავად პეტიომ მხოლოდ 18 აღიარა. ის ყველანაირად ცდილობდა, თავი აერიდებინა სასჯელისთვის. თავს სრულიად შეურაცხადად აჩვენებდა, ამტკიცებდა, რომ მოკლულები ნაცისტების აგენტები იყვნენ ან უბრალოდ მოსმენის ჩაშლას ცდილობდა არაადეკვატური საქციელით.

 

მან სასამართლოს გადარწმუნება ვერ შეძლო და მარსელ პეტიოს გილიოტინაზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 1946 წლის 25 მაისს „ექიმ სატანას“ თავი მოკვეთეს. მოგვიანებით, სიკვდილით დასაჯეს მისი თანამზრახველებიც, რომლებმაც ვერ დაამტკიცეს, რომ არ იცოდნენ, თუ რას საქმიანობდა პეტიო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი