logo_geo
18 ნოემბერი ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა
- +

18 ნოემბერი. 2020. 19:12

 

18 ნოემბერი ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბის დაბადების დღეა.

 

„დათა თუთაშხიას“ ავტორს მურმან ლებანიძემ ლექსი უძღვნა:

 

ჭაბუა ამირეჯიბს

 

რომანზეც დამთენებია,

ფანჯრებში რიბირაბაო:

რა ზვრები, რა მტევნებია,

ამირეჯიბო ჭაბუა!

ლენცოფა აგიცელია

მორჩი კეთილი გიცვნია,

რა წიგნი დაგიწერია.

რა სიკვდილები გიგრძვნია!

გამხმარო, გაძვალებულო,

მეკობრევ, ბერად შემდგარო,

სიცოცხლეგამწარებულო.

სიკვდილისაგან ვერმკვდარო!

თეთრ ცხენზე ამხედრებულო

მწუხარე სახის რაინდო,

სოფლისგან გამეტებულო,

შენთან ბევრი მაქვს საერთო.

მიყვარხარ – ცერად გავლილი,

მიყვარხარ – ვეფხვად მხტომარე,

მიყვარხარ – ეხლა დაღლილი,

სენაკში – სანთლით მჯდომარე!

ლენცოფა აგიცელია,

მორჩი,კეთილი გიცვნია,

რა წიგნი დაგიწერია,

რა სიკვდილები გიგრძნია!

ბრძოლები განგიჭვრეტია,

ბრძენის, ასკეტის ღირსებით,

ცხოვრება დაგვიჩხვრეტია,

კითხვა-ძახილის ნიშნებით!

სიცოცხლის საზღვრად გდებულო

სიკვდილით ბევრჯერ შემკრთალო,

სიკვდილად გამზადებულო,

ვერა და ვერა, ვერ მკვდარო!

წიგნს სისხლით ნაწერს ვკითხულობ

(მეც სისხლის ნთხევით ვმღეროდი!)

შენთან ერთობით ვდიდგულობ, –

„ვამაყობ საქართველოთი“!

 

დაიბადა 1921 წლის 18 ნოემბერს თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამი კურსი.

 

1944-1959წწ. პოლიტპატიმარი: პატიმრობის 16 წლის მანძილზე იყო ტყის მჭრელი; ჩრდილოეთ ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1945-1947);

 

1947-1950წწ. ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი;

 

გათავისუფლების შემდეგ – საქართველო- აშშ ერთობლივი საწარმოს „ამსაქფილმის“ დამაარსებელი და დირექტორი, ალმანახ „კინოს“ დამაარსებელი და დირექტორი, საქართველოს სახკინოს სარეკლამო-საინფორმაციო ბიუროს დამაარსებელი და დირექტორი (1969-1972);

 

1972-1976წწ. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეორე გაერთიანების დირექტორი; 1983-1989წწ. კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი; ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია „ივერიას“ და გაზეთ „ახალი ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე (1999).

 

გამოაქვეყნა რომანები: „დათა თუთაშხია“, „გორა მბორგალი“, „გიორგი ბრწყინვალე“. ასევე – მრავალი პუბლიცისტური სტატია, მოთხრობების სამი კრებული, საბავშვო იგავ-არაკების კრებული…

 

მინიჭებული აქვს სახალხო მწერლის წოდება. დაჯილდოებულია უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. თავისი ნაწარმოებები დაბეჭდა მსოფლიოს ხალხთა ოცდაათ ენაზე.

 

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა.

 

2009 წელს ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა”.

 

იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. წმინდა გიორგის ორდენის კავალერი.

 

ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა 2013 წლის 12 დეკემბერს. დაკრძალულია მტაწმინდის პანთეონში.

 

 

right_banner big_banner
არქივი