logo_geo
ქეთევან მელიქიძე: ყაყაჩოსფერი კაბა დამიბრუნა იმ გოგოს დედამ, ჩემი ბავშვობიდან...
- +

20 ნოემბერი. 2020. 13:07

 

 

მეორე კურსზე იყო ჩემი ქალიშვილი, როცა სპეციალობის შეცვლა მოინდომა. ეს მარტივი არ იყო, თავიდან მოუწია გამოცდის ჩაბარება, თანაც თავისუფალ ადგილზე მეტოქე გამოუჩნდა. გამიჭირდა დაჯერება - ქართველი!

 

„პრეზენტაციაზე თქვა, დედაჩემი ტელეწამყვანი იყოო“,- მითხრა თამუნამ. სტუდენტის გვარი ვიკითხე და მაშინვე ჩემი საბავშვო ბაღის „გამოსაშვების“ კონცერტი გამახსენდა.ყვავილებზე უნდა გვეთქვა ლექსები, მე ყაყაჩოს როლი მერგო. „არტისტი ქეთას“ სანახავად ბაღში მთელი სანათესაო აპირებდა მოსვლას.

 

მამაჩემი „სუხიშვილებში“ ცეკვავდა და ჩემმა ულამაზესმა ნათლიამ, ლატავრა ფოჩიანმა წითელი კაბა ჩამომიტანა უცხოეთიდან. კისრისტეხით გავრბოდი ბაღისკენ, ქუსლებზე აპოჭიკებული ნათესაობა ძლივს მეწეოდა. დერეფანში ჩემი მეგობარი გოგონა დავინახე. ცხარე ცრემლით ტიროდა, ზეიმზე გამოსასვლელი კაბა უთოს დაუწვავს. დედაჩემი წამითაც არ დაფიქრებულა, კაბა სწრაფად გადამაძრო თავიდან და მტირალ ბავშვს გადააცვა. უფრო ძლიერი წყენა, ჩემს ბავშვობაში არ მახსოვს. დეიდამ თავისი ჟაკეტი ჩამაცვა და ჩემი ნათესავებიანად სახლში დავბრუნდით. მოგვიანებით მშობლები ამაოდ შეეცადნენ ჩვენს შერიგებას. მე უარზე ვიყავი.

 

დიდი დრო გავიდა და ახლა ჩვენი შვილები აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ.

 

დილით, დეკანატში მისულმა თამუნამ დამირეკა: „იმ გოგომ განაცხადი გააუქმა და ჩავირიცხე, მომილოცეო“.

 

ყაყაჩოსფერი კაბა დამიბრუნა იმ გოგოს დედამ, ჩემი ბავშვობიდან...

 

right_banner big_banner
არქივი