logo_geo
როდის შეიძლება სნეულებაზე ზეთის ცხების საიდუმლო შესრულდეს
- +

6 დეკემბერი. 2020. 22:01

 

საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, გვაუწყებს: "ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი".

 

ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით მადლი ენიჭება. ის განიწმინდება და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განიკურნება. თუკი ადამიანი აღსარებაში სრულად და გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად სხეულიც უზიანდება. ზოგჯერ ადამიანს ავიწყდება კიდეც მის მიერ ჩადენილი ცოდვები და ამით ცოდვის ფესვები მასში უფრო ძლიერდება. სწორედ ამის დასაძლევადაა დამკვიდრებული ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულება. მნიშვნელოვანია, რომ ადრექრისტიანულ ეკლესიაში ზეთისა და წყლის კურთხევისთვის ერთი და იგივე ლოცვები იკითხებოდა. წყალი იკურთხებოდა ისევე, როგოც ზეთი, როგორც მაკურნებელი თვისებების მქონე ნივთიერება. ზეთის კურთხევის წესში მითითებულია, რომ კურთხევის დროს ზეთს უნდა შეერიოს ღვინო ან წყალი.

 

სინას მონასტრის ტრადიციით, კანდელებში ზეთთან ერთად ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხ აიაზმასა და ღვინოსაც ასხამდნენ. კონსტანტინოპოლის ადგილობრივ ეკლესიაში ზეთის კურთხევის დროს ზეთში ღვინის ნაცვლად წყლის შერევა იყო მიღებული. რაც შეეხება სნეულებზე შვიდგზის ზეთისცხების წესის აღსრულებას, იგი პირველქრისტიანთა ტრადიციებიდან მომდინარეობს. როდესაც მღვდელი სნეულს ეწვეოდა, 7 დღე ზედიზედ ლოცვებს უკითხავდა და ზეთსაც აცხებდა. აქედან დამკვიდრდა შვიდგზის ზეთისცხების შესრულებაც.

 

სნეულებაზე ზეთისცხების საიდუმლო შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს შესრულდეს, თუკი ამას ავადმყოფის მდგომარეობა მოითხოვს.

 

ადრექრისტიანულ ტაძრებში, როგორც ამას წმინდა ეპისკოპოსი სვიმეონ თესალონიკელი ადასტურებს, ზეთისცხებას აღსარების შემდგომ აღასრულებდნენ და იგი ცოდვათა მიტევებას განასახიერებდა. წმინდა იოანე დამასკელი სასულიერო პირებს ურჩევდა, რომ შვიდგზის ზეთისცხების აღსრულების წინ ჯერ თავად ეცხოთ შვიდგზის ზეთი და მხოლოდ შემდგომ აღესრულებინათ ეს მსახურება.

 

იერუსალიმის ტიბიკონი გვამცნობს, რომ უძველესი დროიდან ზეთისცხება თანაბრად უტარდებოდათ სნეულებსაც და ჯანმრთელებსაც.

 

ძველ კურთხევანში ნათქვამია, რომ შვიდგზის ზეთისცხების საყოველთაოდ აღსრულების დღედ დიდმარხვის პერიოდი, ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათი ან დიდი შაბათი იყო დადგენილი.

 

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი