logo_geo
რატომ თქვა უარი მერაბ ჯორჯაძემ საფრანგეთში წარმატებულ სამხედრო კარიერაზე და რისთვის მიუსაჯეს მას დახვრეტა
- +

7 დეკემბერი. 2020. 19:53

 

 

მერაბ ჯორჯაძე 1899 წლის 8 ივნისს ბაქოში დაიბადა. ის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი, ნინო ჭავჭავაძისა და დავით ჯორჯაძის ვაჟიშვილია. მერაბმა ცხოვრების ძირითადი ნაწილი გადასახლებაში გაატარა, ის მთელი სიცოცხლე პარტიზანული წესით ებრძოდა ბოლშევიკებს.

 

როგორც არისტოკრატული ოჯახის შვილმა, მერაბმა განათლება თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კერძო სასწავლებელში – კეთილშობილთა გიმნაზიაში მიიღო. ეს სასწავლებელი მამამისის, დავით ჯორჯაძის შემწეობით დაარსდა. ცნობილია ისიც, რომ 1919 წელს ეს გიმნაზია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილად იქცა, რომელსაც დავით ჯორჯაძემ საკუთარი ბიბლიოთეკა გადასცა.

 

რაც შეეხება მერაბ ჯორჯაძის საქმიანობას, ის საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იატაკქვეშა ბრძოლაზე გადავიდა. მერაბი ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანულ რაზმს შეუერთდა. მისი დაპატიმრების პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ეს შემთხვევითობის წყალობით მოხდა, რის შემდეგაც, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად, თბილისს მოშორდა და ცოტა ხნით დუშეთს შეაფარა თავი. თუმცა მისი თავისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა, 1924 წელს მერაბი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ღამით ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავს დაესხა ციხეს, რომელშიც მერაბი განაჩენის აღსრულებას ელოდა და პატიმრები გაათავისუფლა. გადარჩენილებმა თავი თურქეთს შეაფარეს, საიდანაც მოგვიანებით საფრანგეთში წავიდნენ და ცხოვრება ემიგრაციაში განაგრძეს.

 

მერაბ ჯორჯაძე პროფესიით ეკონომისტი იყო და მისი ნიჭისა და განათლების შემხედვარე, წარმატებულ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მან არჩევანი სამხედრო საქმიანობის სასარგებლოდ გააკეთა. უკვე საფრანგეთში მყოფმა, პარიზის სახელგანთქმულ სენსირის სამხედრო აკადემიაში ჩააბარა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ კარიერის გაგრძელება საფრანგეთის სამხედრო ძალებში შესთავაზეს, მხოლოდ ერთი პირობით – მერაბს საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო, რაზეც უარი თქვა და უმუშევრად დარჩა. ამიტომაც, იმის მიუხედავად, რომ ბრწყინვალე სამხედრო განათლება და საჭირო გამოცდილებაც ჰქონდა, 1920-30-იანი წლების დიდი დეპრესიის დროს იძულებული გახდა თავის გადარჩენის მიზნით, ნებისმიერ სამუშაოზე დათანხმებულიყო, თუმცა, 1935 წელს მოახერხა სამხედრო საქმიანობის დაწყება. მერაბი უცხოური ლეგიონის წევრი გახდა და მაროკოში იბრძოდა. გამორჩეულმა მებრძოლმა დამსახურებებისთვის საფრანგეთისგან ჯილდოებიც მიიღო.

 

1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. ნაციონალისტებს ფრანცისკო ფრანკო ხელმძღვანელობდა, რომელიც მონარქიას უჭერდა მხარს. მისი ლოზუნგი იყო „უფალი, სამშობლო და მეფე“. ჯორჯაძე ხედავდა, რომ ფრანკო საბჭოელების მიერ შეგულიანებულ სოციალისტურ ძალებს ებრძოდა და ამიტომაც ესპანეთში გაემგზავრა ნაციონალისტების მხარეს საბრძოლველად.

 

იქიდან საფრანგეთში დაბრუნებულ ჯორჯაძეს განსხვავებული მდგომარეობა დახვდა. იმ დროს საფრანგეთს უკვე მემარცხენე სოციალისტური პარტია მართავდა. ამიტომ, როდესაც საფრანგეთის იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გაიგო, რომ მერაბი ესპანეთში სოციალისტების წინააღმდეგ იბრძოდა, ჯორჯაძის იქ დარჩენა შეუძლებელი გახდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთმა დაინდო მერაბ ჯორჯაძე და საბჭოთა კავშირში დეპორტაცია არ გაუკეთა. მას უფლება მისცეს, ლუქსემბურგში გამგზავრებულიყო, სადაც დაუკავშირდა ამ ქვეყნის პრინცს, რომელთანაც ერთად სენ-სირის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა. პრინცის დახმარებით მას მალე გაუკეთეს საჭირო დოკუმენტები, რომელთა წყალობითაც ჯორჯაძემ ბელგიის მოქალაქეობა მიიღო.

 

უკვე ბელგიაში მყოფმა მერაბ ჯორჯაძემ გაიცნო ოლგა შჩერბატოვა და მასზე დაქორწინდა. ოლგა პროფესიით ხელოვნებათმცოდნე იყო, ის რუს დიდგვაროვანთა გამოჩენილ ოჯახს წარმოადგენდა. ოლგას მამა იყო პავლე შჩერბატოვი, რომელმაც მოსკოვში ისტორიის მუზეუმი დააარსა. დედის პაპა კი იყო გენერალი ალექსანდრე ბარიატინსკი, რომელსაც შამილი დანებდა. ოლგა რუსეთიდან მაშინ წამოვიდა, როდესაც იქ ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა და საოჯახო რელიკვიების თან წაღებაც მოახერხა. მათ საოჯახო რელიკვიებში იყო ჯვარი, რომელიც ალექსანდრე ბარიატინსკიმ დედამისს აჩუქა. ძვირფასი თვლებით შემკული ქართული ჯვარი მე-17-18 საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშია და მისი მერაბ ჯორჯაძის მეუღლის ოჯახში მოხვედრა ბედისწერას ჰგავდა.

 

მერაბმა და ოლგამ პირველი მსოფლიო ომის დროს იქორწინეს. გერმანული ჯარების მიერ ბელგიის დაკავების შემდეგ ცოლ-ქმარი ანტიფაშისტურ ბრძოლაში ჩაება.

 

– თუმცა, სამწუხაროდ, მერაბ ჯორჯაძე ბელგიის გათავისუფლებას ვერ მოესწრო. 1943 წელს ის სიმსივნით გარდაიცვალა, სიკვდილის წინ მან მეუღლეს სთხოვა, მოეტანა ქართული ჯვარი, აკოცა მას და თქვა: „ის, რაც ერს ეკუთვნის, მასვე უნდა დაუბრუნდეს“.

 

ოლგა შჩერბატოვა-ჯორჯაძე 1950 წელს საქართველოში ჩამოვიდა. უნდოდა თბილისში ის სახლი ენახა, რომელშიც მერაბი ცხოვრობდა, თუმცა მოსალოდნელი საფრთხის გამო მეუღლის ნათესავებს არ დაუკავშირდა და მალევე უკან გაემგზავრა.

 

მართალია, მრავალი წლის შემდეგ, მაგრამ ოლგამ მაინც შეძლო მეუღლის უკანასკნელი სურვილის შესრულება და ჯვარი საქართველოში დააბრუნა. მერაბ ჯორჯაძის დის, მარინეს შვილი, ყველასთვის ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ამ ამბავს შემდეგნაირად იხსენებს: „ათწლეულების შემდეგ, როდესაც ევროპაში გამგზავრება შესაძლებელი გახდა, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ბელგიაში წავიდნენ. უკან დაბრუნებისას ბიცოლაჩემმა ჯვარი ჩემს ქალიშვილს დაჰკიდა და უთხრა: სულითა და გულით ვლოცულობ, რომ ეს ჩვარი საქართველოში დაბრუნდეს, რადგან ეს მერაბის სანუკვარი ოცნება იყოო, რადგან საბჭოთა სისტემა ჯერ კიდევ ძლიერი იყო, ეშინოდათ, რომ ძვირფას ჯვარს გზაში წაართმევდნენ, მართლაც, მატარებელი ბრესტში რომ შესულა, მესაზღვრეებს მთელი კუპე გაუჩხრეკიათ, ყველა ჩემოდანი გაუხსნიათ. საბედნიეროდ, ჯვარი ვერ უპოვიათ, რადგან ის ჩემს ქალიშვილს, მაიას ეკეთა ყელზე. ბედნიერი ვარ, რომ საამაყო წინაპრის ანდერძი შევასრულეთ და მარგალიტის, ალმასისა და ლალის თვლებით შემკული ხელოვნების ეს ძვირფასი ნიმუში დღეს საქართველოშია“.

 

 

ქეთი მოდებაძე

 

 

big_banner
არქივი