logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: ბატონი მიხეილი ორჯერ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, ხარობდა ამით, მაგრამ გულს უკლავდა ჩვენი დაქსაქსულობა...
- +

12 დეკემბერი. 2020. 16:49

 

 

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე შემეხმიანა მიხეილ (უმცროსი) კეკელიძე და მითხრა, რომ გადმომცემდა თავისი დიდი ბაბუის მწერლისა და ჟურნალისტის მიხეილ კეკელიძის მოგონებებს, რომელიც ლიტერატურის მუზეუმს გამოუცია...

 

 

გამახსენდა რუსთაველის მეტროს თავზე ი.გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი," ჟურნალ სკოლა და ცხოვრების" რედაქცია, ამ რედაქციის საოცრად მოკრძალებული, მაგრამ ყველასაგან განსაკუთრებით პატივცემული თანამშრომელი ბატონი მიხეილ კეკელიძე,1988 წელს საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობის დამთავრების შემდეგ  ჩემი დისერტაცია რუსულად უნდა თარგმნილიყო, ვათარგმნინე, მაგრამ რაღაც უკმარისობის განცდა მქონდა, ინსტიტუტის ეზოში ვწრიალებდი... ამ დროს ბატონი მიხეილი შემხვდა და მას შევჩივლე ჩემი გასაჭირი, გაიღიმა თავზე ხელი გადამისვა და დამამშვიდა :"მე გადავხედავ, ყველაფერი რიგზე იქნებაო", ასეც მოხდა...

 

 

მას ხშირად ვხვდებოდი ინსტიტუტის ეზოში, ჟურნალის რედაქციაში, ვიცოდი რომ იყო რამდენიმე ისტორიული რომანის და საბავშვო მოთხრობების ავტორი, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის ძმისშვილი, ერთხელ მიამბო: "როდესაც ახალგაზრდა კორნელი სწავლის გასაგრძელებლად  ეპისკოპოსმა კირიონმა კიევის სასულიერო აკადემიაში გააგზავნა თავისი რეკომენდაციით მას შეპირდა ყოველთვიურად ოჯახს ორ  თუმანს გავუგზავნიო და  ასრულებდა".

 

 

ბატონი მიხეილი ორჯერ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, ხარობდა ამით, მაგრამ გულს უკლავდა ჩვენი დაქსაქსულობა...

 

 

დავესესხები პროფესორ ზურაბ ცუცქირიძეს "იშვიათად მინახავს კაცი, რომელშიც ასე რელიეფურად ყოფილიყო გამოხატული ქართული ხასიათი, როგორც ეს მიხეილ კეკელიძის პიროვნებაში იყო წარმოდგენილი, იგი ქართველი იყო თავისი ნაწერებით, პირადი ცხოვრებით, სუფრასთან..."

 

 

1996 წელს გარდაიცვალა ეს ღირსეული კაცი, მახსოვს ნაძალადევში, ე.წ.გადასასვლელ ხიდთან ახლოს ერთი პატარა ქუჩის ჩვეულებრივი სახლიდან გამოასვენეს, როდესაც პროცესია ქუჩაზე გამოვიდა ცნობისმოყვარე ადამიანები კითხულობდნენ განსვენებული ვინაობას, ვაი რომ უმრავლესობამ მისი ფასი არ იცოდა, სამწუხაროდ ასეთი უხმაურო, თავმდაბალი ადამიანები, რომელნიც ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს, ეროვნულ იდეას ხშირად დავიწყებას მიეცემიან, მაგრამ ამ მოგონებებით ბატონმა მიხეილმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავისი თავიც და ის საქართველო, სადაც მას როგორც არსებული რეჟიმისადმი არასაიმედო პირს არაერთი უსიამოვნება, გადასახლება, თვალთვალი და შევიწროება შეხვდა, მაგრამ არ გამტყდარა და ღირსებაზე ხელი არ აუღია.

საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.

 

 

 

big_banner
არქივი